საკუთარი კედლების ძალა, ანუ როგორ მოუგო "კოლხეთმა" "ტორპედოს"

AutoSharing Option
ერთი თვეა, რაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის დაწყების შემდეგ 5 ტური გაიმართა, ფოთის "კოლხეთი 1913" კი ვერა და ვერ იგებდა. გელა სანაიას გუნდმა მხოლოდ ბოლო შეხვედრაში გატეხა ნავსი. ეს ამბავი მაშინ მოხდა, კოლხები საკუთარ ქალაქს სამწლიანი პაუზის შემდეგ რომ დაუბრუნდნენ. ამდენად, ფოთელთა წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

ამ ამბის წინაისტორია ყველამ იცით - "ფაზისის" სტადიონის დაუმთავრებელი რეკონსტრუქციის გამო კოლხები ხან ლანჩხუთში თამაშობდნენ, ხან სამტრედიაში... ბოლოს "კოლხეთი" თანაქალაქელმა მორაგბეებმა "პარკი არენაზე" შეიფარეს და გუნდი სეზონს სწორედ იქ ჩაამთავრებს.

ისე, ბედის ირონიაა
- ადრე ფეხბურთელები იფარავდნენ მორაგბეებს...

ერთი სიტყვით, "კოლხეთმა" 13 მარტს ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "პარკი არენაზე" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებს მიმართა:

"უპირველესად, დიდი მადლობა ფოთის რაგბის საძმოს. რომ არა ეს თანადგომა, წარმატება გაცილებით ძნელად მისაღწევი იქნებოდა. ასევე, დიდი მადლობა თითოეულ ფოთელ ქომაგს! "ტორპედოსთან" გამარჯვება მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა! კვირას ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და მშობლიურ ქალაქს ღირსეულად დავუბრუნდით.

თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელის მორიგ საშინაო თამაშს, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ - ჩვენ პირველი ქართული გუნდი ვართ"!

Sportall.Ge

კოლხების მთავარი მწვრთნელი გელა სანაია "ლელოსთან" კომენტარში ამბობს, რომ გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ შედეგების გაუმჯობესების იმედი გააღვიძა:

"ჩვენ უმაღლეს ლიგაში ისედაც ყველაზე მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბი ვართ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფოთში ვერ ვთამაშობდით. ნეიტრალურ მოედანზე მასპინძლობა კი ძალიან ძნელია, ხალხი არ დადის, ტრიბუნები ცარიელია და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ "კოლხეთი" არავის აინტერესებს...

ფოთში გუნდის დაბრუნება იმიტომაც მახარებდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ვითარებას აბსოლუტურად შეცვლიდა და ქალაქისთვის მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ აჟიოტაჟს ვერ წარმოვიდგენდი. "პარკი არენის" ტრიბუნები 2800 კაცს იტევს და იმდენი ხალხი მოვიდა, ადგილები არ ეყოთ, ნაწილი ფეხზე იდგა. ასეთ გარემოში თამაშით ხალხმაც ისიამოვნა, ფეხბურთელებმაც...

და როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. ქომაგი ფეხბურთის სული და გულია, თანაც - რაიონში. ამ თამაშის შემდეგ უფრო კარგად ვაცნობიერებთ, ფოთში სამწლიანი უთამაშებლობით "კოლხეთმა" რამდენი რამ დაკარგა".

Sportall.Ge

გავრცელდა კადრები, როგორ ზეიმობენ მატჩის შემდეგ ფოთელები ტრიბუნებზე "კოლხეთის" გამარჯვებას, როგორი ოვაციებით აცილებენ გუნდს გასახდელში... ეს იყო ნამდვილი ზეიმი და იმის დასტური, რომ საქართველოში ფეხბურთი ჯერ კიდევ ძალიან უყვართ. ამდენად, ყველა გუნდმა თამაშები საკუთარ სტადიონზე რომ ჩაატაროს, ფეხბურთზე მაყურებელი მოიმატებს.

ადვილი მისახვედრია, რომ "კოლხეთსა" და "ზუგდიდს" სამტრედიაში, "საპოვნელასა" და "ტორპედოს" - ზესტაფონში, ბათუმის "დინამოს" კი - ქობულეთში უფრო ნაკლები ხალხი გაჰყვება და უქომაგებს, ვიდრე საკუთარ ქალაქში. ამიტომაა საჭირო, რომ ყველა გუნდი თავის მშობლიურ არენას დაუბრუნდეს.

დარწმუნებული ვარ, ასე ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო გახდება. ისიც გამოჩნდება, რომ ფეხბურთი ისევ პოპულარულია. ნამდვილი საფეხბურთო გარემო მოთამაშეებში მეტ ჟინსა და მონდომებას იწვევს. და არა მხოლოდ მათში - ჟრუანტელის მომგვრელი იყო ცარიელი ტრიბუნების შემდეგ ფოთელი გულშემატკივრის შეძახილი - "კოლხეთი"! კოლხეთი"! ამან ფეხბურთელებში სხვა მუხტი და აღმაფრენა დაბადა, რაც ცარიელ ტრიბუნებზე და სხვა ქალაქში წარმოუდგენელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა დიდი მადლობა ეკუთვნის რაგბის კავშირს და პირადად ფოთის რაგბის „პარკი არენის“ თანამშრომლებს. უდიდესი მადლობა ფოთელ გულშემატკივარს და ამასთან ქუთაისელ გულშემატკივარსაც და რაც მთავარია მადლობა ფოთის კოლხეთს ამ უდიდესი ზეიმისათვის. ფოთს მოენეტრა ფეხბურთი და მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ დროზეა დასამთავრებელი კოლხეთის სტადიონი. ალბათ ფედერაციაც დროულად გადაჭრის ფინანსურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს კლუბებისათვის, რათა ყველა ქალაქში იყოს ისეთი დღესასწაულები როგორიც აჩვენა ფოთმა.
Vakho
12:55 18-03-2016
0
კარგი თამაში იყო და კარგი ქომაგობაც ქართველ ხალხს უყვარს ფეხბურთი მაგრამ ჩვენ ფედერაციას არ უყვარს განსაკუთრებით არველაძეებს ესენი მთლიად მოსაშორებელია ამ სფეროდან ... ქართულ ფეხბურთს ფული როგორ იშოვონ სულ ამას ფიქრობენ...
12345
13:20 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული