ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი დაასრულა

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების ფონდმა, "ფეხბურთის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, საფეხბურთო კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ განაცხადა, თანხები უკვე ჩაერიცხა უმაღლესი და პირველი ლიგის 34 კლუბს, ხოლო დარჩენილ სამ გუნდს: "ლიახვს", "დილას" და "ბათუმს" თანხები უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, დაფინანსების პირველი ეტაპით გუნდები გაისტუმრებენ დავალიანებებს, რომლებიც არის ფეხბურთელების, მომწოდებლების, ფედერაციის და სხვა. დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთლიანობაში კლუბებისთვის უკვე დარიცხულია 3.5 მილიონ ლარზე მეტი.

რაც შეეხებათ მეორე ლიგის გუნდებს, როგორც ფეხბურთის განვითარების ფონდში
აცხადებენ, აპრილიდან დაიწყება დაფინანსების გაცემა. თუ რა ოდენობის თანხები მიიღეს კონკრეტულად კლუბებმა, ამაზე ფონდში პირველ აპრილს ისაუბრებენ.

როგორც უკვე ცნობილია, უმაღლესი ლიგის გუნდები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 800 000 ლარს, ხოლო პირველი ლიგის გუნდები 300 000-ს. ეს თანხები ჩაირიცხება არა ერთჯერადად, არამედ რამდენიმე თვეზე გადანაწილდება.

ზაზა დოლიძე განმარტავს, რომ პირველი ეტაპის ჩარიცხვები მოხდა კლუბებიდან წამოსული საჭიროებებიდან გამომდინარე.

"თანხები გადანაწილდა მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ შუა სეზონში შემოვედით დაფინანსებაში. ის კლუბი, რომელსაც 300 000 ათასი აქვს ბიუჯეტი და ის გუნდი, რომელსაც 100 000, მათი დაფინანსება თანაბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა. ყველას მოთხოვნა გასტუმრებულია, ყველამ მიიღო ფინანსური რესურსი საჭიროებიდან გამომდინარე.

ყველა გუნდი 6 თვის ჩათვლით ამ თანხას მიიღებს. ზოგი ამას დახარჯავს თავისი ხარჯების მიხედვით. თუ ვინმეს თანხა დარჩება, ეს თანხა გრანტის სახით წარიმართება ამავე კლუბში, თუმცა ეს მოხდება საგრანტო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ვისი ხარჯებიც ჩვენის მიერ მიცემულ თანხებს სცდება, მათ თვითონ უნდა მოიძიონ დამატებითი სახსრები", - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე გუნდებსა და ფონდებს შორის არსებულ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე მიუთითებს.

"კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური. კლუბებიც უკვე გაერკვნენ, თუ რაშია საქმე. მათ იციან, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ და რა პერიოდულობით. არის დაბნეულობაც, ძირითადად, მეორე ლიგის გუნდებში, რადგან მათ დაფინანსება არ ჰქონიათ და დღეს ეს დაფინანსება გაუჩნდათ", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, კლუბებს გაუჩნდათ სტაბილური შემოსავალი.

"მუნიციპალიტეტებიდან კლუბები რომ ფინანსდებოდნენ, ერთ წელს ერთი ბიუჯეტი ჰქონდათ, მეორე წელს - განსხვავებული, შემდეგ წელს კი შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონოდათ. ასეთ ვითარებაში კლუბები ვერ ახერხებდნენ გაეფორმებინათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები, გათვლა გაეკეთებინათ ახალგაზრდების განვითარებაზე და ა.შ.

ჩვენს შემთხვევაში კლუბებმა ზუსტად იციან, რომ თანხა აქვთ გარანტირებული და შესაბამისად, ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმების დროს მათ წინასწარ აქვთ განსაზღვრული თავიანთი ბიუჯეტი და გეგმები", - აღნიშნა დოლიძემ და განაცხადა, რომ კლუბების მხრიდან თანხების ხარჯვა გაკონტროლდება ასი პროცენტით.

უკვე დაწყებული პროექტის შეფასება უშუალოდ კლუბების წარმომადგენლებს ვთხოვეთ.

როგორც ბოლნისის "სიონში" აღნიშნეს, საჭირო თანხის ჩარიცხვაზე ფონდისგან არანაირი დაბრკოლება არ მიუღიათ.

"კლუბს დავალიანება არ გააჩნია. ჩვენ მივყვებით თვე-თვეზე. რაც მოვითხოვეთ, ის მივიღეთ. ჩვენთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია ფონდს და არც ჩვენ გვაქვს ფონდთან არანაირი პრობლემა.

რაც გვეკუთვნის, ის მოვითხოვეთ და მივიღეთ პირველი თვის სუბსიდიის სახით. სწორად გვქონდა მოთხოვნილი ყველაფერი და დაბრკოლებაც არ ყოფილა არანაირი", - განაცხადა "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.

"ლოკომოტივის" წარმომადგენლის, გიორგი ყიფიანის განცხადებით, კლუბსა და ფონდს შორის გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება დაფინანსებასთან დაკავშირებით და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

"ჩვენ შორის გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ წლის განმავლობაში ეს ფონდი კლუბზე დახარჯავს 800 000 ლარს. ეს არის მისი ვალდებულება და ამას ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა. შეთანხმება არის "ლოკომოტივსა" და ფონდს შორის და ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს", - აღნიშნა ყიფიანმა.

მარტვილის "მერანის" დირექტორის, ელდარ ბაკურიას თქმით, პირველ ეტაპზე ჩარიცხული თანხით, კლუბმა ყველა ვალდებულება შეასრულა.

"ჩაგვერიცხა გარკვეული თანხა. არ ვიცი, ზუსტად რამდენია. ყველა ვალდებულება, რაც გვქონდა, გავისტუმრეთ.

ნორმალურად მუშაობს ფონდი. თქვეს, რომ ყოველთვიურად, კონტრაქტიდან გამომდინარე ჩარიცხავენ ფულს და ამ ეტაპზე კარგად მიდის მუშაობა", - განაცხადა ბაკურიამ.

ფოთის "კოლხეთის" პრეზიდენტის, თემურ ბართაიას თქმით, გარკვეული თანხა კლუბმა უკვე მიიღო.

"ამ თანხით გადავწყვიტეთ ის პრობლემები, რომლებიც იყო გუნდის წინაშე. დავარიგეთ 1 თვის ხელფასი. დარჩენილი თანხა კი მივმართეთ იმ საჭიროებებისკენ, რომელთა წინაშეც ვდგავართ.

იმედს ვიტოვებ, რომ ფონდსა და გუნდებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.

ბევრი კითხვა მაქვს ტექნიკური ხასიათის. დღეს ვხვდები ფონდის ხელმძღვანელს და ყველა ამ კითხვას დავსვამ. ეს თანხა, რომელიც არის განსაზღვრული, 2016 წელზე არის გათვლილი. მაქვს კითხვები იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც გააჩნია კლუბს და რომელიც გადასახდელია; აგრეთვე, რა და როგორ იქნება 2015 წლის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბართაიამ.

მოამზადა ლექსო ნაბახტეველმა
მკითხველის კომენტარები / 7 /
და ამ 3მა კლუბმა რა დააშავა რატო არ ვურიცხავთ? გეკითხათ ბარემ თქვე კაი ალხო თუ მნიშვნელოვანი კითხვები ხიხია?
დდ
19:59 31-03-2016
0
30-40 წლის მუშაობის სტაჟის მქონე ადამიანებს 150 ლარი აქვთ პენსია. პენსიონერთა გუნდი რომ შევქმნათ, პირველ ლიგას კი გავქაჩავთ. დაგვაფინანსებენ ნეტავი?
პენსიონერი
21:52 31-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული