"სილკ უნივერსალზე" გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული გახლდათ, რომელმაც ივო შუშაკთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"ხომ ფიქრობ, მწვრთნელი რომ ხარ, როგორ მოვამზადო ფეხბურთელი ფსიქოლოგიურადო... რითი ჰგავს, მაგალითად, ხორვატია საქართველოს.
ერთსა და იმავეს ხომ ვერ ეტყვი ფეხბურთელს? მოგიყვებით, როგორი მომზადებული იყო ივო შუშაკი რუსეთის ნაკრებთან თამაშის წინ.
მან ბევრი იფიქრა, რითი შეიძლებოდა ჩვენთვის მებრძოლი სულის ჩამოყალიბება და "დუხის" მიცემა... საუბარი დაიწყო ასე...
ჩვენც თქვენნაირად პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენც თქვენნაირად ნაწილებად დაგვშალეს და ომებში ვართო... პატარა
ერი ვართ და უნდა ვიბრძოლოთო, ეს არ არის მარტო ფეხბურთის თამაშიო...
ზუსტად იმ ნიუანსებს შეეხო კონკრეტულს. იცით, როგორ ვიყავით ფეხბურთელები?! ცუდი შედარება გამომივა, მაგრამ აი, პატრონი ძაღლს ბრძოლის წინ რომ დაგეშავს და ის მზად არის, რომ კონკურენტი შეჭამოს. შუშაკმა ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით, რომ რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!
1-2-მა ადამიანმა თქვა, რომ მერე რა, რუსეთის ნაკრებს მოუგესო! კარგად, რომ გავიხსენოთ, დავინახავთ, რომ იმ რუსეთის ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავდა და მაგარ გუნდებში თამაშობდნენ.
შუშაკმა მატჩამდე გვითხრა, 1 კვირა ვმუშაობდი ტაქტიკაზე, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთო... ჩვენი მოწინააღმდეგეები მხოლოდ დღეს არა მარტო ფეხბურთელები, არამედ ჩვენი მტრები არიანო!
ყველა ნიუანსსა და ყველა კომპონენტში უნდა დავჯაბნოთო... რუსეთთან თამაშს რამდენჯერმა ვუყურე და მართლა ვერ ვიხსენებ რა ისეთ თამაშს, რომ საქართველოს ნაკრებს ამდენი ემოძრაოს და ერბინოს!
მახსოვს, რუსეთთან თამაშის 81-ე წუთი იყო და თავბრუ დამეხვა... იმ დონის პასუხისმგებლობა გვქონდა გუნდში ყველას, იმდენად მხარი-მხარს ვაძლევდით ერთმანეთს, რომ თავს უფლება ვერ მივეცი, მოედანზე დავრჩენილიყავი.
ჩემ უკან ჩემი ქვეყანა იყო და ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ 1:0 ვიგებდით და რაიმე შეცდომა დამეშვა, რის გამოც ჩემი ნაკრები დაზარალდებოდა.
ეგრევე ვანიშნე, რომ შევეცვალე და ჩემ მაგივრად გიორგი შაშიაშვილი შემოვიდა. მთავარია, ის 45 წუთი იქნება თუ 81 წუთი, მაქსიმუმი გაიღო, თავი დადო მოედანზე და შემდეგ თუ აღარ შეგეძლება, შეგცვალონ", - ამბობს ლადო ბურდული.