ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს

AutoSharing Option
ბოლოს "ზუგდიდმა" ზუსტად 5 თვის წინათ მოიგო. "გურიას" დარად, მეგრულ კლუბს ბოლო გამარჯვება "საპოვნელასთან" ჰქონდა. ამიტომაც აუტსაიდერთა ურთიერთშეხვედრა ორივე გუნდისთვის იყო საუკეთესო შანსი კრიზისის დასაძლევად.

მატჩი სტუმრებისთვის არასასურველად დაიწყო: არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ისინი საკუთარ საჯარიმოსთან ისე დააჯარიმა, მეტოქის შემტევის წაქცევაში წვლილი არ ჰქონდათ შეტანილი. ლევან წურწუმიას ჩაწოდებულს კი მალხაზ გაგოშიძემ საგოლედ შეაგება თავი - 1:0.

ამ დროს "გურიის" დაცვა ჩავარდა, რომელსაც წამებით ადრე შეუერთდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დმიტრო ზოზულია, მოედანზე მე-3 წუთზე საჯარიმოს პაუზისას შეცვლაზე რომ შემოვიდა.

ეს შეცვლა კი
წინასწარ დაგეგმილი გახლდათ - როგორც გაირკვა, გურულებს 21-წლამდელი ფეხბურთელები დაუშავდათ და დებულების შესაბამისად, იძულებულნი გახდნენ, ერთ-ერთი მათგანი (ლუკა ნოზაძე) სასტარტოში დაეყენებინათ.

სწორედ უკრაინელ ლეგიონერს შეეძლო, შესვენებაზე მისი გუნდი ჩამორჩენის გარეშე გაეყვანა, მაგრამ თითქმის დაუცველ კარს ააცილა.

თუმცა მანამდე კიდევ ორი გოლი იყო გასული, რასაც სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა: ჯერ წურწუმიამ ასისტენტობას თავისი გოლიც დაუმატა - ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მცველებს გაცდენილმა მთლად ხეირიანად თითქოს ვერ დაარტყა, მაგრამ საკმარისი გამოდგა, გურულთა სერბ მეკარეს ბურთი ხელში ვერ შეემაგრებინა.

მატჩს ინტრიგა გიორგი გამყრელიძის გოლმა დაუბრუნა, რომელიც გიორგი კახელიშვილის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა.

ამ უკანასკნელს გატანაც შეეძლო, მაგრამ "ზუგდიდი" ძელმა გადაარჩინა.

სამაგიეროდ, კახელიშვილმა მატჩს ინტრიგა ბოლო წუთებში შესძინა, როცა მცველს მის მიერ გოლად ქცეული პენალტი დასტყუა.

მანამდე ნომინალურმა მასპინძლებმა მეორედ მიიღეს ორბურთიანი ფორა და კვლავ - იოვანოვიჩის შეცდომის ხარჯზე: უწყინარ სიტუაციაში პოზიციადაკარგულმა მეკარემ ამჯერად პაატა ჭანტურიას შორეული დარტყმა ვერ შეაკავა.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სერბმა ორჯერ ურთულესი დარტყმა მოიგერია, თორემ "ზუგდიდი" უფრო ადრე მოითავებდა საქმეს.

ბოლო წუთზე ჟუნიორს დროულად რომ "ჩაეკეტა", ქულასთან ერთად თავის მწვრთნელსაც გადაარჩენდა.

ნამატჩევს, "გურიის" ფანებმა "ფირალებმა" კლუბის რუს თავკაც ვიქტორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
ზუგდიდი-გურია 3:2
გოლები: 1:0 გაგოშიძე (4. წურწუმიას პასით), 2:0 წურწუმია (36), 2:1 გამყრელიძე (37), 3:1 ჭანტურია (76), 3:2 კახელიშვილი (83-პენ)
ზუგდიდი: ზარქუა, ჩანადირი, ჩუკურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, წურწუმია (78. სამუშია), ს. მალანია, სიხარულია, ქირია (52. ჭანტურია), კოვალენკო, შეველი (32. ჩებოტაროვი).
სათადარიგოები: ჯომიდავა, ფიფია, თიბილაშვილი, თუთბერიძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
გურია: იოვანოვიჩი, ჩადუნელი, ბენეტი, პატერსონი, მოროზენკო, ნუნიესი (71. ტობოევი), ნოზაძე (3. ზოზულია), გამყრელიძე (80. ჟუნიორი), ალავერდაშვილი, კახელიშვილი, კვეკვესკირი.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, გუჯაბიძე, კილაძე, შტანდერი
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც არ უნდა არამართლო გურულო შეენ, გურია, ასეთი უმაქნისი გუნდის მნახველი არა ვართ. ეგია ძამა ნაადრევად რო იწყებენ ყვირილს მაგარი გუნდიო და თქვენც რო ყვებით მაგათ, კაი სასტავი გავჩარხეთო
gurulo
05 აპრილი 2016 09:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული