პელე და 11 არგენტინელი საქართველოში

AutoSharing Option
შარშანდელი პროექტის ჩაშლის მიუხედავად, ნიკო პატარქალიშვილი საფეხბურთო საქმიანობას კვლავ განაგრძობს და ახალი იდეების განსახორციელებლად მუშაობს. პატარქალიშვილმა, რომელიც საქართველოში არგენტინულ საფეხბურთო კომპანიის წარმომადგენელია, გუშინ გეგმები გაგვიმხილა.

თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ მისი მეშვეობით "ბორჯომში" არგენტინელი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ. თუ გონსალო დე პორასი და დარიო სებალე უდავოდ მაღალი დონის ფეხბურთელები იყვნენ, მათ შემდეგ ჩამოყვანილმა შვიდეულმა იმედები ვერ გაამართლა. ასეა თუ ისე, ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს არგენტინელებით გაძლიერებული "ბორჯომი" და ახლა დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ქვეყნიდან ჩამოსულები სხვა ქართული კლუბების შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

უპირველესად
პატარქალიშვილის მიერ მოწოდებულ 11-კაციან სიას გადავხედოთ: ლუკას აბუდი - მეკარე, 25 წლის; მარტინ მოხანო - მეკარე, 19 წლის; ტომას ფარინა - მცველი, 22 წლის; ხულიო სესარ ალბინოსი - მცველი, 20 წლის; ფედერიკო როდრიგესი - ნახევარმცველი, 22 წლის; ნიკოლას კასტრო - ნახევარმცველი, 24 წლის; ადრიან ლუსერო - ნახევარმცველი, 27 წლის; ფედერიკო პელისიონი - ნახევარმცველი, 21 წლის; მარსელო მარსორატი - ნახევარმცველი, 24 წლის; მასიმილიანო კინტეროსი - თავდამსხმელი, 22 წლის; ესტებან კასინო - თავდამსხმელი, 24 წლის.

პატარქალიშვილი ამ ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანას თებერვალში აპირებს და სურს, მათ ქართული კლუბები დააკვირდნენ. იგი დარწმუნებულია, რომ არგენტინელთა დიდი ნაწილი აქ მოწონებას დაიმსახურებს და ჩვენი ჩემპიონატი საინტერესო ფეხბურთელებით გაძლიერდება.

ამ მოთამაშეთა ნაწილზე ინტერნეტით მცირე ინფორმაციის მოძიება შევძელით და ზოგი მათგანის სავიზიტო ბარათში არგენტინის პრიმერა დივიზიონის კლუბებსაც წავაწყდით.

"ამ ფეხბურთელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი საქართველოს ჩემპიონატს ხიბლს შეჰმატებენ და მაყურებელს სტადიონზე დააბრუნებენ. ჩემი კონტაქტების საშუალებით შევეცდები, ქართული ფეხბურთის განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანო. არგენტინელ ფეხბურთელთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე დღეში მოგაწვდით", - გვითხრა პატარქალიშვილმა.

ჩამოთვლილ ფეხბურთელთა ნაწილი GEHARSPRORTS-თან თანამშრომლობს, ნაწილი კი საქართველოში ასევე არგენტინული კომპანია D-Team-ის მეშვეობით აპირებს ჩამოსვლას. პატარქალიშვილს ამ ორგანიზაციასთანაც ასევე მჭიდრო კონტაქტები აქვს.

რაც შეეხება მის სხვა პროექტებს: როგორც გვითხრა, მოლაპარაკებებს აწარმოებს არგენტინის ბიზნესწრეებთან იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ბიზნესმენები საქართველოში ფულის ჩადებით დააინტერესოს. აპრილისთვის საქართველოს შავიზღვისპირეთში არგენტინელი საქმოსნების ვიზიტი იგეგმება და სტუმრები სასტუმროების აშენების შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც იცით, ინვესტორებს, რომლებიც ანაკლიის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იზრუნებენ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან შეღავათებს ჰპირდება და შესაძლოა, არგენტინელებისთვის ეს წინაპირობა მიმზიდველი აღმოჩნდეს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამხრეთამერიკელები აჭარაში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის გახსნასაც არ გამორიცხავენ.

ბუნებრივია, პატარქალიშვილს საქართველოში პელეს ჩაშლილ ვიზიტსა და ვერგამართულ ოთხთა ტურნირზე დავეკითხეთ. შეგახსენებთ, იგი ფეხბურთის მეფის ჩამოყვანასა და საქართველო-ბრაზილია-არგენტინა-ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით ოთხთა ტურნირის ჩატარებას გასული წლის შემოდგომაზე აპირებდა, მაგრამ პროექტი უსახსრობის გამო ვერ განხორციელდა.

პატარქალიშვილს ამ იდეის განხორციელებაზე ხელი ჯერ არ აუღია, შეეცდება, პელე და ტურნირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გვაჩვენოს. ამაში კი, უპირველესად, საქართველოს პრეზიდენტის იმედი აქვს. მიზეზთა გამო, აქამდე პატარქალიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ხმა ვერ მიაწვდინა, ახლა კი მისთვის გაგზავნილ წერილზე ელის რეაქციას.

"ჩემი სამხრეთამერიკელი პარტნიორები ყველანაირი თანამშრომლობისთვის მზად არიან და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სათანადო დაფინანსების შემთხვევაში პელეც ჩამოვა და მაღალი დონის ტურნირსაც ჩავატარებ. პრეზიდენტსა და მთავრობას ფულისთვის არ ვაწუხებ, მე მათგან მხოლოდ სიტყვიერი თანადგომა მჭირდება, რაც ჩემი იდეებით სპონსორების დაინტერესებას გამოიწვევს", - ამბობს პატარქალიშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული