მარკო ვუკაშოვიჩი: გაგიკვირდათ, უნგრეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი?

AutoSharing Option
ქართული კლუბები გარდამავალი ჩემპიონატისთვის აქედანვე რომ ემზადებიან, არახალია. სწორედ ეს გახდა მიზეზი, საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ საკადრო პოლიტიკა რომ შეცვალა და გუნდში ბალკანური დესანტი გადმოსხა - მეკარე დინო ჰამზიჩი ბოსნიელია, ნახევარმცველი ანეჟ ლოვრეჩიჩი - სლოვენიელი, ბოლო ახალწვეული კი ჩერნოგორიელი საყრდენი ნახევარმცველი მარკო ვუკაშოვიჩია.

ამ უკანასკნელზე უკვე ვწერდით. კლუბმა მასთან კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურა გადასცა. ვუკაშოვიჩმა ფოთის "კოლხეთთან" სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

25 წლის ვუკაშოვიჩი ბოლოს ბუდაპეშტის "ვაშაშში" თამაშობდა. როგორც აღმოჩნდა, ჩერნოგორიელი ნახევარმცველი უნგრეთში ამ პოპულარული გუნდის არა რიგითი ფეხბურთელი, არამედ კაპიტანი
გახლდათ.

"დიახ, "ვაშაშის" კაპიტანი ვიყავი. გაგიკვირდათ, უნგრეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი? ორი თვის წინათ ამას თავადაც ვერ წარმოვიდგენდი.

მე ბუდაპეშტში დაბადებული სერბი ვარ და ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. ცხადია, "ვაშაშში" დავრჩებოდი, ყაზახებს პრობლემა რომ არ შეექმნათ. ზამთარში ჩემი დამატება პავლოდარის "ირტიშს" სურდა. ჩემით მთავარი მწვრთნელი იყო დაინტერესებული. ჩემს ძველს კლუბს დავემშვიდობე და "ირტიშთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ მოულოდნელად, ყაზახებმა მითხრეს, რომ ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდათ, თუ რატომ - მიზეზი არ აუხსნიათ.

ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვიყავი, რადგან ნორმალური კლუბი ფეხბურთელს ასე არ მოექცევა. მოკლედ, ასე დავრჩი უგუნდოდ. მერე გავიგე, რომ ჩემს პოზიციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა აიყვანეს", - ამბობს ვუკაშოვიჩი.

სწორედ ეს გახდა უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდის კაპიტნის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი:

"ფორმის შესანარჩუნებლად, სასწრაფოდ ახალი გუნდის მოძებნა მომიხდა. "ვაშაშში" დაბრუნება უხერხული იყო, სხვა ძლიერ კლუბებთან ურთიერთობა კი დამიგვიანდა და სწორედ ამ დროს შემომთავაზეს საჩხერის "ჩიხურაში" თამაში.

უთამაშებლად გაჩერებას საქართველოში თამაში მერჩივნა. თანაც, "ჩიხურას" ევროპის ლიგაზე გასვლა სურს და საქართველოს თასზეც საინტერესო თამაშები გველის.

ახალ გუნდს ვეგუები და შეთამაშება მჭირდება, მაგრამ თანაგუნდელებთან საერთო ენა გამოვნახე და იმედია, თბილისის "დინამოსთან" თასის ნახევარფინალამდე ერთმანეთს მოედანზეც იოლად გავუგებთ".

"ჩიხურას" ახალწვეული 2013-15 წლებში უნგრული "კეჩკემეტის" ფეხბურთელიც გახლდათ, სადაც მისი თანაგუნდელი "სამტრედიის" ამჟამინდელი შემტევი ნახევარმცველი გიგი იოსელიანი იყო. ქართველი ფეხბურთელი ვუკაშოვიჩმა თავად გაიხსენა:

"ჩემთან ჯიჯი იოსელიანი თამაშობდა. ხომ არ იცით, ახლა სადაა? "სამტრედიაში"? თუ არ მეშლება, ეს ჩვენი კონკურენტი გუნდია. კარგია, რომ ჯიჯის მალე ვნახავ და ერთმანეთს მოედანზე შევხვდებით.

"კეჩკემეტის" მწვრთნელი თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდა. არადა, საკმაოდ კარგი და ტექნიკური მოთამაშეა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავათ იმისა დიდათ არ მევასება.სოსო მაგრამ ვაღიარებ საქართველოს ჩემპიონათში ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსი ნიჭიერია.მთავარია ევროპაზე გაგვიყვანს და შურიანებმა მოკეტეთ
chixura
10:53 14-04-2016
0
ეგ არ იცოდით ყაზახეთის ჩემპიონატი ჩვენს რო ჯობნის ბევრად ფულიაქვთ ბევრი ჩვენთან შედარებით
qomagi
12:00 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული