გურია-ტორპედო 3:2 - მოროზენკოს დაარტყმევინეთ, მოროზენკოს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძველი მეტოქეების პაექრობა დაძაბული რომ გამოდგებოდა, ამის ვარაუდი იოლად შეიძლებოდა. თან წინა ტურში ორივე გუნდმა ხმაურიან მოგებას გამოჰკრა ხელი, რაც ინტრიგას კიდევ უფრო ზრდიდა...
თუმცა, თქმაც არ უნდა, რომ მეტად მოტივირებული "გურია" იყო, მით უფრო, წინა დღეს მისმა ორმა კონკურენტმა ("ლოკომოტივი" და "მერანი") ერთმანეთში ფრედ ითამაშა და გურულთათვის კარგი ცნობები მოდიოდა კონკურენტების კიდევ ერთი ურთიერთშეხვედრიდან ("საპოვნელა"-"ზუგდიდიც" საბოლოოდ ფრედ დასრულდა). მოკლედ, ზედიზედ მეორე მოგებით ლანჩხუთელები სახიფათო ზონას გვარიანად დაშორდებოდნენ...

მათთვის კარგი ფეხი დაურჩა გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს, რომელიც "გურიის" თამაშს პირველად
დაესწრო და წელს პირველი საშინაო გოლისა და მოგების სიხარულიც გაიზიარა, თუმცა მანამდე გვარიანად ინერვიულეს მანაც და ლანჩხუთის პირველმა პირებმაც.

ამათგან ერთს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძეს, მე-20 წუთზე პროგნოზი აუხდა - როცა ჯარიმისას ბურთთან სხვები იდგნენ, ჩაილაპარაკა - მოროზენკოს დაარტყმევინონ და გაიტანსო. მართლაც, მისია უკრაინელ ლეგიონერს მიანდეს, რომელმაც საჯარიმო უზადოდ შეასრულა - 1:0.

თუმცა გურულთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გიორგი კუხიანიძემ მახვილგონივრული პასი გაუკეთა თამაშგარის ზღვარზე მოთამაშე გიორგი კაპანაძეს, რომელმაც მეტსახელი ("ელვა") გაამართლა და კარისკენ მართლაც ელვისებურად გაჭრილმა წინგამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მასპინძლებმა გოლი გააპროტესტეს და ამ ეპიზოდში თითქოს თავად კაპანაძეც დაეჭვდა...

საყაიმო ანგარიში განსაკუთრებით "გურიას" არ აწყობდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს ქუთათურებმა, ხოლო 61-ე წუთზე გურულების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - შეცვლაზე შესული შოთა ბაბუნაშვილის მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე "გურიის" დაცვა მეორედ ჩავარდა - შეტევაში ჩართულ გურამ ადამაძეს გურულთაგან ხელი ვერავინ შეუშალა და მისი ზუსტი თავურით "ტორპედო" წინ გავიდა - 2:1.

იგრძნეს რა საფრთხე, გურულები თავს გადაახტნენ - მასპინძლებს გასათანაბრებლად 4 წუთიც ეყოთ. მაქსიმე ქვილითაიამ დამაგვირგვინებელი დარტყმა არცთუ დამაჯერებლად მოიგერია, რამაც ევგენი მოროზენკოს დუბლის შესრულების შესაძლებლობა მისცა.

ამისთვის უკრაინელი დამატებით 500-ლარიან პრემიას მიიღებს, რომელსაც დუბლის ავტორს პირადად გადასცემს ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, ვინც, ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტიცაა.

მისი ჯილდო უკვე მიიღო პანამელმა კარლოს სმოლმა (წინა ტურში, ბათუმის "დინამოს" ორჯერ რომ გაუტანა), რომელმაც ამჯერად გადამწყვეტი გოლი შეაგდო...

ეს 71-ე წუთზე მოხდა და მერე იყო მასპინძელთათვის ნერვების მწყვეტი 20 წუთი, თუმცა გურულებმა ბოლომდე გაძლეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
17.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ტორპედო 3:2
გოლები: 1:0 მოროზენკო (20), 1:1 კაპანაძე (28. კუხიანიძის პასით), 2:1 ადამაძე (61. ბაბუნაშვილის პასით), 2:2 მოროზენკო (65), 3:2 სმოლი (71. ალავერდაშვილის პასით)
გურია: იოვანოვიჩი, პატერსონი, ზოზულია, მორალესი, ნოზაძე, ზ. გელაშვილი (33. ალავერდაშვილი), კილაძე (62. ბენეტი), კახელიშვილი (75. გამყრელიძე), მოროზენკო, კვეკვესკირი, სმოლი.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ჟუნიორი, შტანდერი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: გია გოგუა
ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე (77. კვერნაძე), კლიმიაშვილი, ქიმაძე, ტუღუში (70. ბრეგვაძე)
სათადარიგოები: კვასხვაძე, საღრიშვილი, ვ. კვარაცხელია, ნერგაძე
მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, მიხეილ აშვეთია
გაფრთხილება: ზოზულია (82), პატერსონი (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური

23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ სტადიონზე ფეხბურთი როგორუნდა ითამაშო საერთოდ, ბოსტანია სტადიონი კიარაა...
GURO
20:18 18-04-2016
0
მოროზენკოს დაარტყმევინეთ არაა, ხალხს ნუ აბოლებთ რაა, გენძეხაძე რო შეძვრა ამ გუნდში და თამაშებს იგებთ ვითომ, ხმას რატო არ იღებთ, სირცხვილია
guga
16:39 18-04-2016
0

სიახლეები პოპულარული