საჩხერეში იმედი გაცოცხლდა - "ეს ისევ ჩვენს ფეხბურთს წაადგება!"

AutoSharing Option
გაცვეთილი თემაა - საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რამდენიმე ისეთი გუნდია, რომელიც საკუთარ ქალაქში ვერ თამაშობს: "ზუგდიდი", ბათუმის "დინამო", "საპოვნელა", "ჩიხურა".

საკუთარ ქალაქში, თუმცა სხვის არენებზე მასპინძლობენ მეტოქეებს "კოლხეთი", "საბურთალო"... "ცხინვალის" ამბავი კი გასაგებია...

ცხადია, ეს მაყურებელთა დასწრებაზე მოქმედებს. ერთ-ერთი ხიზანია "ჩიხურა", რომელიც მეტოქეებს საკუთარ რაიონში, კერძოდ, სოფელ ივანწმინდის სტადიონზე იღებს. მაგრამ ეს მაინც არ არის საკუთარი სტადიონი...

მწვანე შუქი რეკონსტრუქციას
ჯერ კიდევ 2009 წელს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საჩხერის არენას გენერალურ რეკონსტრუქციას ჩაუტარებდნენ. ის საქართველოში გამორჩეული სტადიონი უნდა ყოფილიყო -
10 ათას მაყურებელს დაიტევდა და ისე ააშენებდნენ, საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩიც რომ ჩაეტარებინა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ იმედი ისევ გაცოცხლდა. ეს ამბავი "ლელოს" საჩხერის "ჩიხურას" დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გაუმხილა:

"ჩვენი დიდი სურვილია, უახლოეს პერიოდში საჩხერის ცენტრალურ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესაუბრე. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო პროგრამა დამატებით ინფრასტრუქტურულ პროგრამასაც ითვალისწინებს.

დავინტერესდით, ამ პროგრამის ეგიდით შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენი არენის განახლება და კობიაშვილისგან დადებითი პასუხი მივიღეთ.

გვსურს, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე 5 ათასზე მეტი ტევადობის არენა ავაშენოთ, სადაც იქნება მოთამაშეთა საცხოვრებელი კორპუსი და ფიტნესდარბაზი.

ტრიბუნები უნდა იყოს მოედნიდან გარკვეულ სიმაღლეზე და აუცილებლად - გადახურული.

ჩანაფიქრის მიხედვით, ტრიბუნები სამ მხარეს უნდა განთავდეს, გასასვლელი - ცენტრალური ქუჩის მხარეს. პლუს ამას, განათების თანამედროვე სისტემის დამონტაჟებაც გვსურს, რათა თამაშები საღამოს ჩავატაროთ", - ამბობს შუკაკიძე.

თუ კარგად შევფუთავთ, დაინტერესებაც იქნება...
"ჩიხურას" დირექტორმა თავისი მოსაზრება გაგვიმხილა საქართველოს ჩემპიონატზეც:

"ახლა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზეა ლაპარაკი. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ კლუბებს სტაბილური დაფინანსება ჰქონდეთ, რამდენიმე ძლიერი ლეგიონერი დავიმატოთ და მაყურებელს სანახაობა შევთავაზოთ.

ჩემი აზრით, დონის ამაღლება, ერთი შეხედვით, წვრილმანი საკითხების მოგვარებაზეც არის დამოკიდებული. საჩხერესა და მთლიანად რაიონის სოფლებში ჩავატარეთ გამოკითხვა და საინტერესო სურათი მივიღეთ - თუ გუნდი საღამოს, ხელოვნურ განათებაზე ითამაშებს, სავსებით რეალურია, რომ სტადიონი შევავსოთ.

ასეთ დროს თამაშს სულ სხვა ხიბლი აქვს და ეს იქნება დამატებითი პუნქტი, რომლითაც ჩვენი ჩემპიონატის შეფუთვა და ხალხის დაინტერესება იქნება შესაძლებელი. თან საჩხერის სტადიონს უნიკალური მდებარეობა აქვს - მდინარე ყვირილის ნაპირზე, სადაც ბულვარის მოწყობა იგეგმება".

ივანწმინდაში ბაზას მოვაწყობთ...
შუკაკიძე იმედოვნებს, რომ სტადიონის აშენება გუნდის სერიოზული წინსვლის საფუძველი გახდება:

"ასეთ შემთხვევაში, "ჩიხურას" მშვენიერი ინფრასტრუქტურა ექნება. ამჟამად, ივანწმინდის სტადიონზე ვთამაშობთ, რომელსაც მერე ბაზად გამოვიყენებთ. საჩხერეში არის ხელოვნურსაფრიანი მოედანი, რომლითაც "ჩიხურას" საფეხბურთო სკოლა ისარგებლებს, გუნდის განკარგულებაში კი იქნება ცენტრალური სტადიონი.

ამას გარდა, გვსურს, მის გვერდით მდებარე ასევე სტანდარტული სავარჯიშო მოედანიც გამოვიყენოთ და საფარი შევცვალოთ. როცა კლუბს აქვს საფეხბურთო სკოლა, სტადიონი და საწვრთნელი ბაზა, იქ მუშაობა ეფექტურია".

საუკეთესონი საჩხერეში ჩამოგვყავს
შუკაკიძე საფეხბურთო სკოლების ქსელზეც გველაპარაკა:

"ახალს არაფერს ვიტყვი - ფეხბურთის განვითარება თუ გვსურს, ბავშვთა ფეხბურთში დიდი ფული უნდა დავაბანდოთ. თავის დროზე, ამაში "ჩიხურას" ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა. ამან საშუალება მოგვცა, საკმაოდ კარგი საფეხბურთო სკოლა დაგვეფუძნებინა. წინა სეზონში მასზე 300 ათასი ლარი დავხარჯეთ. სკოლაში 25 მწვრთნელი მუშაობს და ყველას ლიცენზია აქვს. ჯგუფი საჩხერის რაიონის ყველა სოფელშია. ანუ რაიონში მასობრიობის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.

ერთ სოფელსაც ვერ იპოვით, საჩხერიდან ყველაზე მოშორებულსაც კი, სადაც ბავშვს ვარჯიშის საშუალება არ აქვს. წვრთნები ზამთარში სოფლების დარბაზებში მიმდინარეობს, ხოლო ზაფხულში - სოფლის სტადიონებზე. საუკეთესო ბავშვები კი საჩხერეში ჩამოგვყავს და ვავარჯიშებთ".

მოსამზადებელი ცენტრის სიკეთეები
შუკაკიძის თქმით, საჩხერის რაიონში კარგი მოსამზადებელი ცენტრის ჩამოყალიბებაცაა შესაძლებელი:

"ჩვენი რაიონის სოფლებში, ლიჩსა და კვერეთში, საკურორტო ზონაა და მარადმწვანე ხეების მასივებია. გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობაც: ეს სოფლები რაჭას ესაზღვრება და მშვენიერი კლიმატი გამოარჩევთ, საქართველოს ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან კი სულ რაღაც 50 კილომეტრშია. იქ მოსამზადებელი ცენტრებისთვის ტერიტორიაც არის და 2-3 სტადიონის აშენებაც თავისუფლად შეიძლება.

ჩვენ თუ ზაფხულის მოსამზადებელი ცენტრების მოწყობაზე ვიფიქრებთ, თურქეთსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სპორტული მომზადების ცენტრებთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარებაც რეალურია.

შუა აზიის ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, უკრაინისა და რუსეთის თუნდაც დაბალი ლიგის კლუბებისთვის ევროპაში გამგზავრება დიდი ფუფუნებაა.

საქართველო კი ტერიტორიულადაც ახლოსაა, შედარებით იაფიც იქნება და ქვეყნის ბიუჯეტშიც დამატებითი შემოსავალი შევა. ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგება, რადგან უცხოელებთან ხშირი თამაშებითა და ურთიერთობებით საქმიანი კავშირებიც ჩამოყალიბდება და სპარინგმატჩების დეფიციტიც აღარ იქნება.

საქართველოს რეალურად შეუძლია, რომ ჩამოსულ კლუბებს თუნდაც სლოვენიაზე არანაკლები პირობები შეუქმნას. ასეთ შემთხვევაში, უცხოეთში გამგზავრებაზე უარს ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბების ნაწილი მაინც იტყვის და ადგილზე მომზადებას ამჯობინებს. დარწმუნებული ვარ, ეს პერსპექტიული მიმართულებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესენიც რო წუწუნს დაიწყებენ ამხელა მოსტრი გყავთ საჩხერეში ვერ მიუხედია,და ეს საქართველოს მიხედავს
0
გაფიცებ დილას.2008 წლამდე.გაიხსენე სად იყავით
lashas
13:32 24-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული