15:00 09-05-2016
დილა-საბურთალო 2:1 - ებურთავეთ მარცვალაძეს [VIDEO]
AutoSharing Option
ნახევარდაცვის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის შესაქმნელად გორელებს სამი ფეხბურთელი ჰყავდათ გამწესებული, ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი კი ოთარ მარცვალაძე იყო, ხოლო კიდევ ერთი შემტევი ისლამ მაშუკოვი მარჯვენა ფლანგიდან აწუხებდა თბილისელებს.
ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით (გიორგი ფანცულაია) თამაშობდა "საბურთალოც", მაგრამ შესვენებამდე ის მასპინძლის მცველებს შორის იყო ჩაკარგული. სტუმრები ფონს გასვლას კონტრშეტევების სიმწვავით ცდილობდნენ, თუმცა ტაიმის ნახევარი ორივე გუნდის მხრიდან მაინც ბურთის უხიფათო გორებამ წაიღო.
პირველი რეალური ხიფათი 26-ე წუთზე გორელებმა შექმნეს, როცა მარცვალაძემ საშუალო დისტანციიდან დაურტყა ოთო გოშაძეს, რომელმაც ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, გადმოვარდნილზე დასამატებლად კი ცოტა დააკლდა იქვე ეულად მყოფ მაშუკოვს.
საპასუხო კონტრიერიშისას, მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა გიორგი კოხრეიძემ კინაღამ იხეირა, ორიოდ წუთში კი ირაკლი რუხაძის მიერ ახლოდან დარტყმული ბურთი ძელთან გაჭირვებით შეიმაგრა დავით ლეგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ორჯერვე მარცხენა ფლანგიდან გაირღვა მასპინძელთა დაცვის ზღუდე. ტაიმის მიწურულს, ამავე ფლანგზე, ნოდარ იაშვილმა ჩინებულად ჩაირბინა ლამის ნახევარი მოედანი, რამდენიმე მოწინააღმდეგეც ადვილად ჩამოიცილა და საჯარიმოში შეჭრილს მცირედით არაზუსტად რომ არ დაერტყა, მშვენიერი გოლიც გამოუვიდოდა.
დასამახსოვრებელი იყო გოშაძის კართან შექმნილი ეპიზოდი, როცა გუგა ფალავანდიშვილმა კარგად მონახა თემურ ღონღაძე, რომელმაც თავით დაუგდო მაშუკოვს, თუმცა ამ უკანასკნელს მახვილი კუთხიდან გაუჭირდა ბურთის კარში ზუსტად გაგზავნა.
"დილამ" პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა. მარცვალაძემ საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული თავისუფალი დარტყმა პირდაპირ კარისკენ გაგზავნა. ბურთს მეკარე შეეხო, ძელს მოხვდა, უკან გადმოვარდა და იქვე ჩასაფრებულმა მაშუკოვმა ბადეში გაახვია - 1:0.
მეორე ტაიმში უფრო ცოცხლად ამოქმედდა ორივე გუნდი. მასპინძელთა შორის კვლავ გამორჩეული იყო მარცვალაძე, რომელმაც 69-ე წუთზე კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა - ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზს მიღმა ჩაეშვა - 2:0.
სტუმრებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბურთს ხაზი არ ჰქონდა გადაკვეთილი, მაგრამ ამ კამათში სტუმრები ორი ყვითელი ბარათის მეტს ვერას გამორჩნენ.
მასპინძლებმა კი ირწმუნეს, რომ საქმე მოთავებული იყო, ყურადღება მოადუნეს და უმალ დაისაჯნენ. ლეგაშვილის კარში გოლი მეორე ტაიმში გააქტიურებულმა ფანცულაიამ ახლო მანძილიდან გაიტანა - 2:1.
დარჩენილ დროში ემოციური თამაში გაჩაღდა. "საბურთალო" შემართებით შეეცადა შეხვედრის გადარჩენას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ეს კი არა, მარცვალაძეს მესამეც უნდა გაეტანა და თან - კუთხურიდან, როცა ბურთს პირდაპირ კარში ახვევდა, მაგრამ გოშაძემ გაჭირვებით შეძლო "საბურთალოს" გადარჩენა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
08.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 მაშუკოვი (45), 2:0 მარცვალაძე (69), 2:1 ფანცულაია (72)
დილა: ლეგაშვილი, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, კვირკველია, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი, თექთურმანიძე (76. მოდებაძე), ძარია, მაშუკოვი (62. საბაძე), მარცვალაძე (90. ბაგაევი).
სათადარიგოები: მარიამიძე, თომაშვილი, გამცემლიძე, ჩელებაძე
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელვინ ტერა (87. გვარაძე), ალთუნაშვილი (74. ცაცკრიალაშვილი), კოხერიძე, სოფრომაძე, რუხაძე (74. ბიძინაშვილი), ფანცულაია.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩაბრაძე, ბულუხაძე, მეგრელაძე
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილება: მარგველაშვილი (43), მაშუკოვი (58), ხარაიშვილი (68), გოშაძე (68), ნონიკაშვილი (72), ღონღაძე (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მარცვალაძე გამოსაძახებელია ნაკრებში
0
0
გაუმარჯოს დილას
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული