"ვიტ ჯორჯია" - ძველი მიზანი ახალი გუნდით

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება დაასრულა და სეზონის მეორე ნახევრისთვის უკვე თბილისში ემზადება. "ვეტერინარები" ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს 13 თებერვალს რუსთავის "ოლიმპთან" სტუმრობით დაიწყებენ. "ლელო" გუნდის მთავარ მწვრთნელ მერაბ კოჭლაშვილს განვლილ შეკრებასა და "ვიტ ჯორჯიას" მიზნებზე ესაუბრა.

- რამდენად ნაყოფიერი გამოდგა შეკრება?
- საშეკრებო გეგმა და მიზანი სრულად შევასრულეთ. "ვიტ ჯორჯია" კარგ პირობებში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, რაც გუნდის ნორმალურად მომზადებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ფეხბურთელებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. ფაქტობრივად, სამჯერად ვარჯიშებს ვატარებდით, რამაც ბიჭების ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად აამაღლა. ამხანაგური შეხვედრების ჩატარება მათ
დაღლილობის ფონზე უწევდათ, მაგრამ ამასაც გაუძლეს და თამაშებშიც ნორმალურად გამოიყურებოდნენ. ტესტმატჩების შედეგებს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია, მთავარია, რომ გუნდი ვარჯიშებისა და თამაშების საშუალებით ტონუსში შევიდა. ფიზიკური დატვირთვების გარდა, თურქეთში თეორიულ მეცადინეობებსაც ვატარებდით. საფეხბურთო განათლების გაღრმავება ყველა ფეხბურთელისთვის აუცილებელია.

გუნდისთვის უცხოური შეკრება აუცილებელი იყო, რადგან ბევრი ახალბედა გვყავს, რომელთაც ეს გამოცდილება ძალიან სჭირდებოდათ. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის ხომ ეს სულაც პირველი შეკრება გამოდგა. მოხარული ვარ, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო სუფევს, რაც წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

- სეზონის მეორე ნახევარს "ვიტ ჯორჯია" სრულ მზადყოფნაში ხვდება?
- ამ შეკითხვაზე პასუხს ყველაზე კარგად უახლოესი ოფიციალური მატჩები გასცემს, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ "ვიტ ჯორჯიას" მომზადების დღევანდელი დონით კმაყოფილი ვარ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდისთვის ძნელია სტაბილურად ასპარეზობა. როცა საქმე გამოუცდელ მოთამაშეებთან გაქვს, სხვადასხვა სახის პრობლემამ ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. ზოგს თავში უვარდება, ზოგიც მეტისმეტად ბევრს ნერვიულობს და მოედანზე შებოჭილი გადის. ვეცდებით, მსგავსი გართულებები თავიდან ავიცილოთ.

- "ვიტ ჯორჯია" უკვე დატოვა ჯაბა ლიპარტიამ და შესაძლოა, მას გუნდის კიდევ რამდენიმე ლიდერი მიჰყვეს.
- ჩვენი კლუბისთვის ეს ჩვეული მოვლენაა და ყოველთვის მზად ვართ, წასულები ნიჭიერი ახალგაზრდებით ჩავანაცვლოთ. ბუნებრივია, ლიდერების სრულფასოვნად შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ამ სეზონშივე შეგვწევს იმის ძალა, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. ლიპარტიას ღირსეულ შემცვლელად კი გიორგი ჯანელიძე მესახება, რომელიც აშკარად პროგრესირებს.

- ვიტჯორჯიელთა ახალ თაობას აქვს იმის პოტენციალი, რომ თუნდაც წინამორბედების დონის ფეხბურთი ითამაშოს?
- ამ ბიჭების დიდ უმრავლესობასთან ჭაბუკთა ლიგიდან მოყოლებული ვმუშაობ, მათ შესაძლებლობებს ზედმიწევნით ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. თავის ასაკში ისინი საქართველოში საუკეთესოთა შორის არიან და თუ განვითარების ტემპი არ შეანელეს, ბევრს მიაღწევენ.

- "ვიტ ჯორჯიამ" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.
- ლაშა გაბრიჭიძე, გიგა ჯუღელი და ილია ქავთარაძე უდავოდ პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენს პირველ გუნდთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ.

- საშინაო სტადიონების ხშირი ცვლა დისკომფორტს არ გიქმნით?
- სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მცხეთის სტადიონზე თამაში ჯერ არ შეიძლება, მაგრამ იქ მალე დავბრუნდებით. მანამდე ოფიციალურ საშინაო შეხვედრებს "სიხარულის" სტადიონზე გავმართავთ. საშინაო არენის პრობლემა გუნდის თამაშს გარკვეულ დაღს ასვამდა და მცხეთაში დაბინავება ბევრ პრობლემას მოგვიხსნის.

- ამ სეზონში აქცენტს თასის გათამაშებაზე გააკეთებთ თუ ორივე ფრონტზე სრულად დაიხარჯებით?
- მიმდინარე სეზონში ორი პროგრამა-მინიმუმი გვაქვს დასახული – მეოთხე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში და თასისთვის ბრძოლა. მიზანი კი ევროტურნირებზე გასვლაა და ამისთვის ორივე საშუალების გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით.

- ევროთასებზე "ვიტ ჯორჯიას" შარშანდელი გამოსვლის ფონზე, ღირს კი იქ ასეთი გამოუცდელი გუნდით თამაში?
- ჯობს, ამაზე ვრცლად მაშინ ვისაუბროთ, თუ "ვიტ ჯორჯიამ" მიზანს მიაღწია. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ახალგაზრდებით ევროტურნირებზე ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. კლუბს აქვს იმის რესურსი, რომ იქ გასვლის შემთხვევაში შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული