საფრთხე არსებობს! - ლანჩხუთის "გურიის" ფანები შეთქმულებაზე ალაპარაკდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას გვპირდება. გაირკვევა, რომელი გუნდები დაემშვიდობებიან უმაღლეს ლიგას. "გურიის" ფანკლუბის ლიდერმა ჯანო ქინქლაძემ "ლელოს" წერილი გამოუგზავნა, სადაც გაამხილა ვარაუდი, რომ ლანჩხუთურ კლუბს შეთქმულებას უწყობენ...

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფინიშს მიუახლოვდა და, როგორც ჩანს, ახლა არასამართლიანი თამაშის საფრთხე არსებობს.

სამი ტურით ადრე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო იმ 3 გუნდის ვინაობა, რომელთაგან 2 ლიგას დატოვებდა, ერთი კი გადათამაშებაში მოხვდებოდა. მაშინ "გურიასა" და "ლოკომოტივს" 24-24 ქულა ჰქონდათ, "მერანს" - 19, "საპოვნელას" - 18, ხოლო "ზუგდიდს" - 17. მერე გაირკვა,
რომ სავარაუდოდ, გადათამაშების მატჩი აღარ შედგება, რადგან პირველლიგელებმა ლიცენზია ვერ მიიღეს.

"ზუგდიდს" გადასარჩენად სამივე თამაშის მოგება სჭირდებოდა. ეს წარმოუდგენლად მოჩანდა, რადგან ამ გუნდმა წინა 27 ტურში მხოლოდ 3 თამაში მოიგო და ფინიშის ხაზთან კი შინ კონკურენტ "ლოკომოტივსაც" ვერ სძლია. ამის მიუხედავად, "ზუგდიდმა" ბოლო სამი ტურიდან ორში მოიგო - კონკურენტ "მერანთან" (ამ შეხვედრის სხვა შედეგი "ზუგდიდს" ოფიციალურად ტოვებდა უმაღლესი ლიგის მიღმა) და ფოთის"კოლხეთთან". ახლა ზუგდიდელები მოქმედ ჩემპიონ "დილას" გორში ეწვევიან და იქაც მოგებას იმედოვნებენ...

ანალოგიურად, "მერანმა" 27 ტურში წარმატების სიხარული მხოლოდ 4-ჯერ განიცადა და დარჩენილი 3 ტურიდან ორში (შინ "დილასთან" და გასვლაზე - ბათუმის "დინამოსთან") უნდა გაემარჯვა, რაც ასევე წარმოუდგენელი ჩანდა. მანამდე, "ზუგდიდს" "მერანთან" რომ არ მოეგო, სამეგრელოს ეს გუნდები ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსსაც ვერ შეინარჩუნებდნენ. მარტვილელებმა "დილა" 95-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს, როცა ლანჩხუთში "გურია"-"სამტრედია" უკვე დასრულებული იყო და მისი შედეგი ყველამ იცოდა...

ახლა, "მერანი" ბათუმის "დინამოსაც" თუ მოუგებს, "გურია" ფოთის "კოლხეთზე" იქნება დამოკიდებული, რომელიც დაშლილ ლანჩხუთელებს ბოლომდე შეებრძოლება. ამ დროს "გურიიდან" ოთხი ლეგიონერი დაუკითხავად წავიდა, რაც ასევე საეჭვოა, ხოლო უკანასკნელ ტურში წამყვანი მოთამაშე პატერსონ კაბორე საეჭვოდ გაგვიძევეს...

რაც შეეხება "საპოვნელას", მან ქუთაისში "ტორპედოსთან" წააგო, რითიც ეს კლუბები ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგნენ - მათ სამართლიანი თამაშის წესები დაიცვეს. სხვათა შორის, გარკვეული ჯგუფების "გეგმა" თუ განხორციელდა, გურულებთან ერთად, თერჯოლელებიც და, შესაძლოა, "ლოკომოტივიც" დაიჩაგრონ...

არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ "დილა", რომელმაც 28 ტურში მხოლოდ 5-ჯერ წააგო (ორჯერ ვიცე-ჩემპიონ "სამტრედიასთან", მაგრამ არცერთხელ - ათეულს მიღმა მყოფ გუნდებთან), ახლა ზედიზედ მეორე აუტსაიდერთანაც დამარცხდება და სამი ტურით ადრე უტოპიად მიჩნეულ სცენარს რეალობად აქცევს".

ლანჩხუთელი გულშემატკივარი ბოლო ტურებში "გურიის" თამაშების მსაჯობაზეც წერს:

"ზუგდიდთან" 2:3 რომ წავაგეთ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა დასაწყისშივე მოიგონა ჯარიმა (ეს ვიდეოჩანაწერშიც ნათლად ჩანს), ამას კი გოლი მოჰყვა... ამის მიუხედავად, მან იმსაჯა "გურია"-"სამტრედია" (0:2), სადაც საეჭვო გოლი ჩათვალა და "გურიის" ფეხბურთელი ასევე საეჭვო ვითარებაში გააძევა...

"გურია"-"მერანის" მსაჯი ჯენერი ხორავა კი კითხულობდა, ჩვენმა კონკურენტებმა რა ქნეს(?!). ამას კონკრეტული პიროვნებები დაადასტურებენ.

შესაძლოა, ვიღაცამ მოულოდნელი ანგარიშები შემთხვევითობად მიიჩნიოს, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული ამდენი შემთხვევითობა?!

ვიღაცამ შეიძლება ეს ყოველივე მოტივაციის არქონას დააბრალოს, თუმცა სამართლიანი თამაშის წესებს ესეც ეწინააღმდეგება, რისი სამაგალითო დამცველი გასული სეზონის ბოლოს (ახლა ეს "საბურთალომ" გააკეთა - "გურიასაც" მოუგო, "მერანსაც" და "ზუგდიდსაც") უმოტივაციოდ დარჩენილი, მაგრამ სამართლიანი თამაშის ერთგული "გურია" იყო - მოუგო ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას" ევროპული შანსი მოუსპო, ხოლო ფრედ ეთამაშა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილასა" და თბილისის "დინამოს", რომელსაც ლანჩხუთურმა 2:2-მა მეორე ადგილიც დააკარგვინა...

სამწუხარო იქნება, თუ სამართლიანი თამაშის პრინციპების ასეთ დამცველ გუნდს არასამართლიანი, მოედანს მიღმა დაწერილი "წესებით" მოიშორებენ".

ჩვენ მარტვილის "მერანისა" და "ზუგდიდის" პრესსამსახურებს დავუკავშირდით, რომლებიც წერილზე პასუხის გაცემას უახლოეს დღეებში შეგვპირდნენ.

ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, მაგრამ შევიტყვეთ, რომ "გურია" ბოლო ტურში საკუთარი კონკურენტების მეტოქეებს გამარჯვებისთვის სოლიდურ პრემიებს ჰპირდება. როგორც პრივატულად გვითხრეს, ასეთი რამ მომხდარა და ეს "ფეარ პლეის" პრინციპს არ ეწინააღმდეგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
რომელი გოლი არ იკო გურიის კარჰი სამარტლიანი.სამტრედიასტან.......
lavrenta
17:17 18-05-2016
0
ნეტა ერთი რა გაღელვებთ, თქვენ ფოთი არ გაგწირავთ, ლოკომოტივს - ცხინვალი და ზუგდიდს კიდე სხვა რამე/ვინმე" :))))
fair play
17:10 18-05-2016
0

სიახლეები პოპულარული