ქართულ სიმღერებს ყოველდღე ვუსმენ... პაბლო მარტინი ქართულ ღვინოსა და გოგონებზე

AutoSharing Option
"ხეტაფეს" ყოფილი დამრიგებელი პაბლო ფრანკო მარტინი "საბურთალოში" მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, გუნდი ისეთ მდგომარეობაში იყო, მოვლენების ასეთ განვითარებას ვერავინ წამოიდგენდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უცხოელს ვითარების, ადგილობრივი ნიუანსებისა და ათასი სხვა წვრილმანის გასაცნობად დრო სჭირდებოდა. მან კი 8-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და ყველას აჩვენა, რომ საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტის ჩამოყვანა შესაძლებელი ყოფილა...

პაბლო ფრანკო მარტინმა "ლელო week-ს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...

კოჭის ტრავმის შედეგი
- თვალი გადავავლე თქვენს კარიერას და ჩამონათვალში მხოლოდ გაწვრთნილი გუნდები წერია. ფეხბურთში ჟოზე მოურინიოსა და ჟოაო სალდანიას გზით
მოხვდით?

- ჩემს თავს ამ დიდ მწვრთნელებს ვერ შევადარებ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდი მწვრთნელები გახდნენ - დელ ბოსკე, კრუიფი, ბეკენბაუერი, კლინსმანი, დიეგო სიმეონე... მაგრამ ისეთებიც გვახსოვს, დიდი მწვრთნელები რომ ვერ გახდნენ. მოურინიო კი ჩემთვის გამორჩეული მწვრთნელია. მაგრამ მას ნამდვილად ვერ შევედრები.

- პროფესიული ფეხბურთი ვერ ითამაშეთ?
- 19 წლამდე ესპანეთის მესამე დივიზიონში ვთამაშობდი, მაგრამ კოჭის მძიმე ტრავმა მივიღე და ამან გასაქანი აღარ მომცა. სამწვრთნელო კარიერა რომ დავიწყე, 20 წლის ვიყავი. ფეხბურთი ისე მიყვარდა, მსურდა, მთელი ცხოვრება ამ სფეროში დავრჩენილიყავი. მაგრამ ეს იმდენად რთული პროფესიაა, მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ოდესმე უმაღლეს დივიზიონში თვის მწვრთნელი გავხდებოდი. არ ვაჭარბებ - ეს ნებისმიერი სპეციალისტისთვის დიდი აღიარებაა...

კარიერა კი დაბალ დივიზიონში მუშაობით დავიწყე. თითქმის ყველა მწვრთნელი ასე იწყებს. იყო მომენტი, პრიმერა დივიზიონის გუნდსაც ვავარჯიშებდი, მაგრამ საქართველოში რომ მომიწვიეს, ამითიც ბედნიერი ვარ. ეტყობა, რაღაცით გამომარჩიეს.

ხეტაფე და საბურთალო
- ასეთ ახალგაზრდა კაცს პრიმერა დივიზიონის გუნდი როგორ ჩაგაბარეს?
- ყველა კარგად მიცნობდა. თანაც "ხეტაფეში" მუშაობა ნულიდან დავიწყე და ნელ-ნელა მაწინაურებდნენ. ეტყობა, დუბლებში ჩემი მუშაობა მოეწონათ და ბოლოს პირველ გუნდში დამნიშნეს. მართალია, 14-დან 9 შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ჩათვალეს, რომ წარმატებით ვიმუშავე, რადგან მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და ეს მოვახერხეთ. ისიც გაითვალისწინეს, რომ 12 მოთამაშე დაშავებული გვყავდა და თან "ხეტაფეს" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამის გამო, ბოლოს მოვეშვით...

- "ხეტაფემ" ისევ დუბლების გაწვრთნა შემოგთავაზათ. სამშობლოში დარჩენა და მუშაობა არ გერჩივნათ?
- მთავარ გუნდში წარმატებით ვიმუშავე და ეს ყველამ აღიარა. მიხარია, რომ ჩემი გაზრდილი და დაწინაურებულია ემი ბუენდია, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ფლანგის თავდამსხმელი, რომელიც ახლა "ხეტაფეს" ძირითად გუნდშია. მაგრამ ამის შემდეგ ისევ დუბლებში მუშაობამ აღარ დამაინტერესა. სიახლე მიზიდავდა და ასეთი აღმოჩნდა "საბურთალო". ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო.

დელ ბოსკე, სიმეონე და განათლება
- თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა რომელმა მწვრთნელმა მოახდინა?
- როცა ვიწყებდი, პრიმერა დივიზიონში ორი გამორჩეული მწვრთნელი იყო - ხორხე ვალდანო მადრიდის "რეალში" და ფრანკ რაიკაარდი - "ბარსელონაში". მათი მუშაობა განსაკუთრებით მომწონდა. ახლა კი საუკეთესოებად პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო მიმაჩნია.

- ბევრს მოურინიოს სტილი არ მოსწონს და გვარდიოლასა და დელ ბოსკეზე მაღლა არ აყენებენ...
- ჩემთვის სამივე ძალიან მაგარია. დიდ პატივს ვცემ დიეგო სიმეონესაც, რომელსაც ახლოს ვიცნობ და ვგულშემატკივრობ. ძალიან კარგი მწვრთნელია. ახლა ის კარიერის პიკშია. როგორც მწვრთნელი და როგორც პერსონა კი გამორჩეული - ვისენტე დელ ბოსკეა.

- დელ ბოსკესაც ახლოს იცნობთ?
- დიახ, ესპანეთში მას ყველა პატივს სცემს. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა, უზომოდ განათლებული და გასაოცარი ინტელექტის პატრონიცაა. საერთოდ, მისი წარმატების მიზეზი ის არის, რომ გუნდსა და ნაკრებში ვარსკვლავებთან ურთიერთობასა და მათ კონტროლს კარგად ახერხებდა.

- დიეგო სიმეონეს როგორ დაახასიათებდით?
- ისიც განათლებული და საინტერესო ადამიანია. ხუთი წელია, მადრიდის "ატლეტიკო" გამოაცოცხლა, გახდა პრიმერა დივიზიონის, ესპანეთის თასის, ევროპა ლიგის, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასების გამარჯვებული, გუნდი მეორედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში... ბოლოს და ბოლოს, ზედიზედ ორჯერ ესპანეთის წლის მწვრთნელად შემთხვევით პიროვნებას არ ასახელებენ. "ბარსელონასა" და "რეალს" სულ ეჭიდავება.

- სიმეონე ლამის ყველა მეტოქეს ეჩხუბება. თქვენთანაც ასე მოიქცა?
- ჩვენ 2:0 მოგვიგო, მაგრამ ძალიან ტაქტიანად იქცეოდა, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და თბილად დავშორდით.

მფარველი იერო
- ქართულ ფეხბურთსა და მის პოტენციალზე რას ფიქრობთ?
- თვალშისაცემია, რომ ყველა ფეხბურთელს უცხოეთში წასვლა სურს. მე კი ესპანეთის მაგალითს მოვიყვან: მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდით, ფეხბურთელების დიდი ნაწილი "ბარსელონადან" და "რეალიდან", ხოლო რამდენიმე "ვალენსიადან" და სხვა ესპანური კლუბებიდან გვყავდა. მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერი თამაშობდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ კარგი ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ის ყველაზე უკეთ თავს სამშობლოში გრძნობს და საუკეთესოდაც იქვე იზრდება. ეს საქართველოს ჩემპიონატის დონის გასაზრდელადაც საჭიროა. ვიცი, რომ სტადიონების გაკეთებას და ფეხბურთში ფულის ჩადებას აპირებენ. ეს ფეხბურთზე დადებითად აისახება.

- "საბურთალოში" რეკომენდაცია მანოლო იერომ გაგიწიათ?
- დიახ. მანოლო ძალიან კარგი ადამიანია, ის ჩემი უფროსი მეგობარია. 2010 წელს სწორედ ის დამეხმარა, მესამე დივიზიონის გუნდის, "პუერტოლანოს" მთავარი მწვრთნელი რომ გავმხდარიყავი. ეს გუნდი მეორე დივიზიონში დავაწინაურე. მერე ჩემი და მანოლოს გზები გაიყარა, მაგრამ მერე ისევ შემეხმიანა. მისმა შემოთავაზებამ ძალიან დამაინტერესა და აგერ, აქ ვარ, საქართველოში...

უცნობი გატაცება
- ბევრმა არ იცის, რომ 2014 წელს პოპულარული ესპანური გამოცემის, "მარკას" საფეხბურთო მიმომხილველი იყავით...
- დიახ, "მარკასთან" 6 თვე ვთანამშრომლობდი. თუმცა, მანამდე ერთ-ერთ რადიოში პრიმერა დივიზიონის საფეხბურთო კომენტატორად ვმუშაობდი და შიდა ტურნირების გარდა, საერთაშორისო მატჩებიც მიჰყავდა. "მარკა" ამის შემდეგ დამიკავშირდა და მიმოხილვებისა და ანალიტიკის წერა შემომთავაზა.

- ეს საქმიანობა მოგეწონათ?
- ფეხბურთი და კომენტატორობა თუ მიმომხილველობა სხვადასხვა სფეროებია. მაგრამ ეს საქმიანობა ძალიან მომეწონა და ის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება. ახლა არაფერს ვაკეთებ, მაგრამ შემოთავაზება რომ მქონდეს, კვლავ ხალისით დავთანხმდებოდი.

უცხოპლანეტელი
- ტრადიციული კითხვა: მესი თუ რონალდო?
- ჩემი მწვრთნელობის პერიოდში "ხეტაფეს" წინააღმდეგ ორივემ ითამაშა და ორივემ დუბლი შეგვისრულა. საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო მიმაჩნია, ოღონდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მესი სხვა პლანეტიდანაა. მესის თამაშს ახლოდან ვაკვირდებოდი და წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა.

- "რეალი" თუ "ბარსელონა"?
- ისინი სხვადასხვა ფილოსოფიას მისდევენ. დიდი ხანია, რაც "ბარსელონა" ერთი და იმავე სტილით თამაშობს. "რეალი" მასსავით სულ მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ თამაშს ხშირად ცვლის. ადრე უფრო "რეალისკენ" ვიხრებოდი. მაგრამ ბოლო 10 წელი "ბარსელონას" ეპოქაა.

- "მერსედესი" თუ BMW?
- ჯერ ახალგაზრდა, 35 წლის ვარ და BMW უფრო მიზიდავს. თუმცა, დიდი ფული რომ მქონდეს, "მერსედესიც" სიამოვნებით მეყოლებოდა.

უცნობი საქართველო
- ჩამოსვლამდე საქართველოს იცნობდით?
- ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ მანოლო დამეხმარა, უამრავი რამ მიამბო. მერე ინტერნეტში ინფორმაციებს გავეცანი და გამიკვირდა, ისეთი საინტერესო ისტორია გქონიათ.

- საქართველო კარგად გაიცანით?
- ჯერ ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ იმდენი ისტორიული ქალაქი და ტაძარი ვნახე, გაოცებული დავრჩი. თბილისი, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი ლამაზი ქალაქებია. შთამბეჭდავია თბილისის ცენტრი, ნარიყალა... თავისუფალი დრო რომ გამიჩნდა, გუდაურშიც წავედი და ძალიან მომეწონა. ცხადია, ქართული საჭმელები დავაგემოვნე და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. საქართველოს ბუნებაც ლამაზია, განსაკუთრებით ახლა, როცა გაზაფხული დადგა და ირგვლივ ყველაფერი გამწვანდა.

სხვათა შორის, ქართული სიმღერებიც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით, "ახალი ბათუმი", "მაგრად დაჰკარი" და ნიაზ დიასამიძის "დრო" - ჩემს თარჯიმან გიორგის ვთხოვ ხოლმე და მანქანაში სულ ამ სიმღერებს ვუსმენ, ყოველ დილით კი - "საბურთალოს" ჰიმნს.

გამიხარდა, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში რომ მოვხვდი, სადაც ტრადიციები უყვართ და აფასებენ.

ღვინო ცალკე თემაა. მამა და ჩემი და ღვინის პროფესიონალი დეგუსტატორები არიან, მე კი საერთოდ არ ვსვამდი. მაგრამ აქ "საფერავი" დავაგემოვნე და ისე მომეწონა, ნელ-ნელა "შევეპარე".

არაფერი მსმენოდა ქართველ გოგონებზე. არადა, ისეთი ლამაზები არიან და ისეთი ხიბლი აქვთ... ცუდი ისაა, რომ ესპანური არ იციან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პატიონსანი, განათლებული და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ქართველი მწვრთნელების მხარში სწორედ ასეთი პიროვნებები უნდა იყვნენ და "საბურთალოს" ხელმძღვანელები სწორ გზას რომ ადგანან ორი აზრი არ არსებობს, რაც არაერთხელ დადასტურდა...მადლობა მათ!
murtalo
03:29 22-05-2016
0
სად მიაგენით ამ ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული