დინამო (თბ)-შუქურა 1:0 - გმადლობთ, იაშკა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დინამო არენაზე" გამართული ბოლო ტურის ეს შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტდა. თბილისელებმა მიზანს მიაღწიეს - ჩემპიონობა და თასი მოიპოვეს. თავი ქუდში ჰქონდა ქობულეთის "შუქურასაც".

თბილისელებმა ამჯერადაც მოიგეს. მატჩის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დინამოელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გადასცა, გამარჯვებულებმა კი ტრიუმფი გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს...

მთავარი მოვლენა მაინც ალექსანდრე იაშვილის გაცილება იყო - დინამოელთა კაპიტანმა 595-ე ოფიციალური შეხვედრა გამართა და კარიერას წერტილი დაუსვა. მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოს" კაპიტანს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტებმა, ლევან კობიაშვილმა და რომან ფიფიამ,
სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს და ფეხბურთიდან მადლიერებით გააცილეს.

"იაშკამ" გუშინ შეუცვლელად და დიდი მონდომებით ითამაშა. ის "დინამოს" ლამის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო, კარში 5-ჯერ დაარტყა, საჯარიმო 3-ჯერ შეასრულა, 10-ჯერ კი ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა.

ცხადია, აწ უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელს კარის აღებაც ძალიან სურდა. როგორ არ ენდომებოდა, როცა "ლურჯ-თეთრების" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი გახლავთ - "დინამოს" ფორმით 113 მატჩში 90 ბურთი გაიტანა. მეკარე აზამატ ჯიოევმა იაშვილის რამდენიმე ძალზე სახიფათო დარტყმის შემდეგ "შუქურა" გადაარჩინა. მაგრამ ამჯერად, "იაშკა" მხოლოდ საგოლე გადაცემას დასჯერდა. მარცხენა ფლანგზე შეტევა ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა და ამ უკანასკნელმა, ისევე, როგორც თასის ფინალში, ცენტრისკენ შეიწია და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:0.

იაშვილმა 23-წლიანი კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და იქვე დაასრულა. მას მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, გულშემატკივრებისგან და ქვეყნისგანაც, იმიტომ, რომ ყოველთვის სამაგალითო იყო - გუნდშიც და ნაკრებშიც. იმისთვისაც, რომ რამდენიმე ჩვენებურთან ერთად, გერმანიაში ქართველის სახელი პროფესიონალიზმთან, წესიერებასა და სანდოობასთან გააიგივა. იმიტომაც, რომ კარიერა არა უცხოეთში, არამედ სამშობლოში დაასრულა და სხვებსაც მისცა მაგალითი.

სევდიანი იყო გუშინ იაშვილი, რომელიც ემოციების გამოხატვას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა ამჯერად არ გამოვიდა...

ვუსურვოთ, რომ ფეხბურთისშემდგომ საქმიანობაშიც წარმატებული იყოს. უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გაცილებით ხალხმრავალ გაცილებას იმსახურებდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი (88. იაშვილის პასით)
დინამო: ბეგაშვილი - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა - კაკაბაძე, პარუნაშვილი (72. ცინცაძე), კიტეიშვილი (59. ალვარო), ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი, ჯიღაური, გელაშვილი (56. გ. ქვილითაია).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ს. ლობჟანიძე, ზ. ჭელიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
შუქურა: ჯიოევი - გეგეჭკორი, ჩაჩუა, ჩალაძე, ბრაჭული, კომახიძე - დოლიძე, პუკანიჩი, თ. მოსიაშვილი, ურიდია - ე. ლობჯანიძე (84. ჭანუყვაძე).
სათადარიგოები: სტურუა, კალანდაძე, გერმოზაშვილი
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილებები: ჭანტურიშვილი (31), მოსიაშვილი (80)
არბიტრი: გ. ვარდიძე.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14.

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისში ცხოვრობს 1.5 ნახევარი ადამიანი და 150 კაციც არ დასწრებია მატჩს ! ქენით რამე თორემ მაგრად შევრცხვებით ევრო ტურნირებზე !
0
დინამოს და ზოგადად ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მთავარი საყვარელი გუნდის ევროთასებზე ხილვაა. დინამოს შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე მაინც.

იაშვილი გუნდის ნახევარი იყო და მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება თუ იგივე კლასის უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი არ დაიმატა დინამომ.

საკუთარი მნიშვნელობა დინამოსთვის ყველაზე კარგად თავად იაშვილმა იცის და ჩნდება 1 კითხვა - კაცმა რომელმაც 22 წელი ითამაშა პროფესიული ფეხბურთი, რატომ ვერ მოითმინა 2 თვეც რომ დინამოს ევროთასებზე დახმარებოდა?

პასუხი მარტივი და გულდასაწყვეტია! იმიტომ რომ სავარაუდოდ ბევრისმნახველი იაშვილი დარწმუნებულია დინამოს წარუმატებლობაში ევროთასებზე და არ უნდოდა ფეხბურთიდან დამარცხებული წასულიყო.

შეიძლება ამაში არის ლოგიკა თუმცა თუ ლოგიკას ვიშველიებთ მაშინ ისისც ლოგიკურია რომ ასეთი საქციელი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ არასწორია! ეს იგივეა, მთავარსარდალმა ჯარი გადამწყვეტი ბრძოლის წინ რომ მიატოვოს...

პ.ს. ვინ იცის იქნებ სწორედ იაშვილის ამ ნაბიჯის გამო, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიული შანსი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება...





zaza
10:51 23-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული