ტორპედო-საბურთალო 5:0 - შტელინს კარის გაჯახუნება გამოუვიდა

AutoSharing Option
ზედიზედ 4 მატჩის მომგებ "ტორპედოს" მე-5 ადგილამდე აღზევების შანსი ჰქონდა, თუმცა, ქუთაისელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ეს პარალელურ შეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებზეც იქნებოდა დამოკიდებული.

საბოლოოდ, ქუთაისელებმა მიჯრით მეხუთე შეხვედრაც მოიგეს, თანაც დიდი ანგარიშით, მაგრამ მე-5 ადგილს მაინც ვერ შესწვდნენ.

მატჩი თავიდანვე მათი უპირატესობით დაიწყო. მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - ბაბუნაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ოლეგ მამასახლისმა აუღებელი დაურტყა ბექა ქურდაძეს.

"საბურთალო" დაცვაში ბევრს სცოდავდა და მალე
გიორგი კუხიანიძეს
მიეცა მეტოქის დასჯის შანსი, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა. სტუმართაგან პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათოდ გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ შეძლო ბურთის მოგერიება.

საპასუხოდ, ტორპედოელებმა ტაიმის ბოლომდე არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. მიზანთან ახლოს იყვნენ ქიმაძე, კლიმიაშვილი, მამასახლისი და ტუღუში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ქურდაძემ იყოჩაღა. "საბურთალოს" კარის დარაჯმა ანრი ჭიჭინაძის თავურის უკუგდებაც შეძლო, მაგრამ იქვე დამატებაზე ბაბუნაშვილი გაჩნდა, რომელმაც შესვენებამდე ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ქუთაისელებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ და ყველა რომ გამოეყენებინათ, ასტრონომიული ანგარიშით მოიგებდნენ.

თამაშის განახლებიდან სულ მალე სტუმრებსაც შეეძლოთ, რომ ეხეირათ, მაგრამ ირაკლი რუხაძემ ორიოდე მეტრიდან ვერ გაიტანა. შეტევაში გადასულ სტუმრებს დაცვა კიდევ უფრო მოერღვათ და "ტორპედომ" კონტრშეტევებით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 5:0.

როგორც ამბობენ, ალექსანდრ შტელინი "ტორპედოს" დაემშვიდობება. თუ ეს მართალია, მაშინ უკრაინელს "კარის გაჯახუნება" ნამდვილად გამოუვიდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 5:0
გოლები: 1:0 მამასახლისი (7), 2:0 ბაბუნაშვილი (44), 3:0 კლიმიაშვილი (52. კუხიანიძის პასით), 4:0 კაპანაძე (65), 5:0 ფურცხვანიძე (70. კაპანაძის პასით)
ტორპედო: ქვილითაია - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მირცხულავა, ბაბუნაშვილი (69. ფურცხვანიძე), მამასახლისი, ტუღუში, კლიმიაშვილი (75. ბრეგვაძე), კუხიანიძე (67.წილოსანი), ქიმაძე - კაპანაძე.
სათადარიგონი: კვასხვაძე, ნაცვლიშვილი, ბურჯანაძე, ფანცხავა
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
საბურთალო: ქურდაძე, ნ. იაშვილი (71. გოშთელიანი), თოთაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელვინ ტერა (46. ბიძინაშვილი), ჩაბრაძე, ცაცკრიალაშვილი (46. გვარაძე), სოფრომაძე, რუხაძე, ფანცულაია.
სათადარიგოები: გოშაძე, კოხრეიძე, შიხიაშვილი, ს. ჭანტურიშვილი
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილებები: ელვინ ტერა (36), თოთაძე (53)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული