საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი სეზონის დასრულების შემდეგ, ალბათ, მალევე გამოაცხადებს პირველ ტრანსფერს...
ჩვენი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან კლუბის ღირსებას დაიცავს 28 წლის მარტინიკელი ნახევარმცველი მატიას კურიე. გეცოდინებათ, ადრე მარტინიკა საფრანგეთის კოლონია იყო, ახლა კი დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობს.
კურიემ საფეხბურთო განათლება საფრანგეთში მიიღო. თამაშობდა "ნანტის" დუბლშემადგენლობასა და "გენიონში". ამის შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა, სადაც "ორუელაში", "გოლდენ ლაიონსსა" და "ურაკანში" აგორებდა ბურთს.
ორი
"დინამოს" მეორე პოტენციური ახალწვეულია სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ერიკ საბოა. მას იურაი იარაბეკი კარგად იცნობს. სწორედ ის იყო საბოს მწვრთნელი ტრნავას "სპარტაკში", რომელმაც ევროთასიდან "ზესტაფონი" გამოთიშა. ვისაც ის მატჩები ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ საბო ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო.
ახლა საქმე ასეა - თავად ფეხბურთელი საქართველოში თამაშის წინააღმდეგი არ არის. ბოლო დროს მას ბერძნულ პაოკ-ში სათამაშო პრაქტიკა აკლია. საბო ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. როგორც შევიტყვეთ, "დინამო" პაოკ-ის პასუხს ელის. თუ თბილისელებმა საბო დაიმატეს, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ტრანსფერის შანსი კი 50/50-ზეა.
საბომ სლოვაკეთის ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზეც წავა.
სხვათა შორის, ამ სტრიქონების ავტორმა იარაბეკს ჩამოსვლისთანავე, პირველივე პრესკონფერენციაზე ჰკითხა საბოს შესახებ და მაშინ კითხვის ავტორმა მწვრთნელის თვალებში ამ ფეხბურთელისადმი დიდი ნდობა და პატივისცემა ამოიკითხა.
აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს", დიდი ალბათობით, დაუბრუნდება გიორგი პაპუნაშვილი, ვინც "ვერდერშია" განათხოვრებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"