სოსო ფრუიძე: შესაძლოა, პრობლემურ პოზიციებზე უცხოელებიც ჩამოვიყვანოთ

AutoSharing Option
მას მერე, რაც თბილისის "დინამომ" საქართველოს თასის ფინალში ბოლნისის "სიონი" დაამარცხა, ევროპალიგისკენ გზა გაეხსნა საჩხერის "ჩიხურას". ადრე, ამ გათამაშებაში თასის ფინალისტები გადიოდნენ, ახლა კი უეფა ადგილს მხოლოდ გამარჯვებულს აძლევს.

ჩვენს შემთხვევაში, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთი საგზური ერგო სწორედ "ჩიხურას", რადგან სოსო ფრუიძის გუნდმა ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე, იმერული კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე მაისის ბოლოდან შეუდგება...

"ლელომ" საჩხერელთა მწვრთნელ სოსო ფრუიძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- თასის ფინალი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ
კვლავ ევროპალიგაზე ითამაშებთ...

- ძალიან გახარებული ვარ. გუნდის წინსვლისთვის ეს ბევრს ნიშნავს.

- მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ "ჩიხურას" გაძლიერება დასჭირდება?
- რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ საკადრო ცვლილებების ორ ვარიანტს განვიხილავდით. გაძლიერება ნებისმიერ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ევროპის ლიგაზე გავედით, საწყისი ეტაპები უნდა გადავლახოთ და ღირსეულად ვითამაშოთ. ამას გარდა, გარდამავალ ჩემპიონატში ძალიან მძიმე სეზონი გველის და საამისოდ ძლიერი შემადგენლობა უნდა შევკრათ.

- გარდამავალი ჩემპიონატი ახსენეთ...
- რეალურად, შემდეგი ევროთასების საგზურებს სწორედ ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები მიიღებენ და ამიტომაც დაგვჭირდება ძლიერი შემადგენლობა. გვინდა მაღალი ადგილი დავიკავოთ, სამეულში მოვხვდეთ და ერთი წლის შემდეგაც ვითამაშოთ ევროპის ლიგაზე.

ერთადერთი, რაც ევროპაზე გასვლით შეიცვალა, მოსამზადებელი ეტაპის თარიღია. ევროსაგზური რომ არ მოგვეპოვებინა, მომზადებას ივნისის შუა რიცხვებში დავიწყებდით, ახლა კი გადაწყდა, რომ სეზონის დასრულებიდან ძალიან მალე შევიკრიბებით.

- კონკრეტულად, როდის?
- ვარჯიშს 29 მაისიდან დავიწყებთ. ასე რომ, ფეხბურთელებს ხანმოკლე დასვენება მოუწევთ. ევროპის ლიგის წილისყრა 23 ივნისს გაიმართება, უეფამ კი პირველი ეტაპის თამაშები 30 ივნისსა და 7 ივლისს დაგეგმა, ამდენად, მომზადების დასაწყებად სხვა თარიღს ვერ შევარჩევდით.

ერთი თვე მაინც დაგვჭირდება, კარგად რომ მოვემზადოთ, საკონტროლო შეხვედრები ჩავატაროთ და ახალწვეულები გუნდთან შევათამაშოთ.

- მოსამზადებელ ეტაპს სად გაივლით?
- ორი ვარიანტი გვაქვს: პოლონეთში ან ბელარუსში. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, საბანი სადამდეც გაგვწვდება. გვირჩევნია, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავებაზე თავი შევიკავოთ, მაგრამ კარგ მოედნებზე ვივარჯიშოთ და ამხანაგურ შეხვედრებში ძლიერ მეტოქეებს შევხვდეთ.

- თურქეთიც არ არის ძვირი...
- არ არის, მაგრამ ზაფხულში იქ მოსამზადებლად ბევრი არ დადის, კლიმატიც არასასურველია, სიცხეებია და მეტოქეების მოძიებაც ჭირს. მაგალითად, შარშან "ფენერბაჰჩეს" ბაზაზე ვემზადებოდით და ორგანიზატორები კარგ სპარინგებს გვპირდებოდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ისედაც, იქ არასტაბილური ვითარებაა.

ჩვენ რა საფრთხე უნდა შეგვიქმნან, მაგრამ მაინც მშვიდ გარემოში მომზადება გვირჩევნია. პოლონეთი და ბელარუსი სწორედ ასეთი ქვეყნებია.

- ახალი ფეხბურთელები უკვე შეარჩიეთ თუ მოლაპარაკებას ახლა იწყებთ?
- ნაწილი საქართველოს ჩემპიონატში შევარჩიეთ. მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ქართველები ვათამაშოთ. მაგრამ პრობლემურ პოზიციებზე ადგილობრივებს თუ ვერ ავიყვანთ, მაშინ ახალწვეულების ნაწილს უცხოეთიდან მოვიწვევთ.

მაგრამ ლეგიონერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავეყრდნობით, თუ ადგილობრივებს ორი თავით აჯობებენ. ჩვენივე დონის მოთამაშეების ჩამოყვანას აზრი არ აქვს.

- თბილისის "დინამოდან" იჯარით დამატებულ თორნიკე კირკიტაძესა და დავით ვოლკოვს დაიტოვებთ?
- მათ იჯარა დაუსრულდათ და ასეთ დროს, ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს უბრუნდებიან. დავილაპარაკებთ და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა იჯარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩიხურას და ფრუიძეს წარმატებები.
jango
13:48 29-05-2016
0
გაიტანეთ ეს კაიპურისმჭამელი მწვრთნელები!!!!
odala
17:39 28-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული