თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" პირველი ტრანსფერი განახორციელა. ამიერიდან გუნდის ღირსებას მარტინიკის ნაკრების წევრი, ბულგარული "ჩერნო მორეს" ყოფილი ფეხბურთელი მატიას კურიე დაიცავს. არის სხვა სიახლეებიც. მივყვეთ თანმიმდევრობით...

პირველი ტრანსფერი
მარტინიკელი მატიას კურიეს თბილისის "დინამოში" გადასვლას წინ აღარაფერი უდგას. 28 წლის ფეხბურთელმა ამის თაობაზე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"დინამოს" შენაძენს უთამაშია ფრანგულ და ესპანურ კლუბებში. "ჩერნო მორეში" ის ერთ-ერთი ლიდერი იყო. გუნდთან ერთად მოიგო ბულგარეთის თასი და სუპერთასი.

Sportall.Ge

"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "დინამოს" ფეხბურთელი ვარ. ჩემი სურვილი იყო, ტიტულები მომეგო და მეთამაშა ევროთასებზე. თბილისის "დინამო" ამის
შესაძლებლობას მომცემს. ახლა ჩემი მიზანია, გავეცნო ახალ ქვეყანას, თანაგუნდელებს, კულტურას... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს აგენტს, ასევე, გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა", - დაწერა კურიემ.

მარტინიკის ნაკრებში კურიემ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. თამაში შეუძლია ორივე ფლანგზე.
იხილეთ მატიას კურიეს საუკეთესო მომენტების ვიდეო
Sportall.Ge

ვინ არის რემი ამიო?
ჰოლანდიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თბილისის "დინამო" ფრანგი მცველის, რემი ამიოს გადაბირებას გეგმავს.

Sportall.Ge

ამპლუით მარცხენა მცველი 29 წლისაა და ცხადია, გამოცდილება არ აკლია. ამიო "ლანსის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და კარიერა სწორედ ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში დაიწყო. ამას მოჰყვა "გრენობლის" დუბლშემადგენლობა და ასევე, ფრანგული - "ბაიონი".

მერე ამიომ კარიერა ჰოლანდიაში გააგრძელა და ჩაირიცხა პსვ-ს ფარმკლუბ "ეინდჰოვენში". ამ გუნდის გარდა, ჰოლანდიაში ის "ვალვაიკისა" და "ბრედას" მაისურებითაც აგორებდა ბურთს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი, ფრანგული "რედ სტარი", თანახმაა, ფეხბურთელს შეელიოს. როგორც ჰოლანდიური პრესა წერს, ამიოს აქვს ჰოლანდიური ვარიანტიც, თუმცა ამ ეტაპზე რეალური მხოლოდ "დინამოა".

საბოც დინამოელია?
ამასობაში, ბულგარულმა მედიამ სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ერიკ საბო თბილისის "დინამოს" ფეხბურთელად მოიხსენია. როგორც ჩანს, იურაი იარაბეკმა საყვარელი შეგირდი "დინამოში" თამაშზე დაითანხმა.

საკუთარი თვალით ნანახი უნდა დავწერო - საბო მაღალი დონის ფეხბურთელია და ევროტურნირებზე აუცილებლად დიდ სარგებლობას მოუტანს საქართველოს 16-გზის ჩემპიონს. ამ ფეხბურთელის მაღალ სათამაშო კლასზე "ლელო" ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა ტრნავის "სპარტაკმა" ევროპალიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლა მოუგო "ზესტაფონს". იმ მატჩებში საბო აშკარად გამორჩეული იყო. რაღა შეხსენება გჭირდებათ და, მაშინ სლოვაკურ კლუბს სწორედ "დინამოს" ამჟამინდელი დამრიგებელი მოძღვრავდა.

Sportall.Ge

საბოს მაღალ სათამაშო კლასში ერთხელაც დავრწმუნდით საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებების ავსტრიული მატჩისას. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო იან კოზაკის გუნდში და ქართველებს ბევრი პრობლემაც შეუქმნა.

რამდენიმე დღის წინ, როცა საბოსთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია გაჩნდა, თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-თან (საბოს ამჟამინდელი კლუბი) აგვარებდა ურთიერთობას. როგორც ჩანს, კლუბები ახლოს არიან შეთანხმებასთან. ბოლო დროს საბო პაოკ-ის შემადგენლობაში სისტემატურად ვეღარ ხვდება.

რა თქმა უნდა, "დინამოსთვის" მისი დამატება მისწრება იქნება. სწორედ ასეთი კლასის ფეხბურთელებთან ერთად გაიზრდება იმის შანსი, რომ "დინამომ" წარმატებით ითამაშოს ევროასპარეზზე.

წამსვლელები
აქვე, საქართველოს ჩემპიონიდან წამსვლელებზეც ვთქვათ. ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ "დინამოს" დატოვებენ ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე, მცველი გიორგი გურული და მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა. უკვე იცით, რომ ესპანური "ხიმნასტიკის" მხრიდან რეალურია ინტერესი ოთარ კაკაბაძის მიმართ.

უახლოეს დღეებში "დინამოში" კიდევ იქნება საინტერესო სიახლეები, რაზეც აუცილებლად გაცნობებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი ტრანსფერებია მომწონს
0
ერიკ საბოს გარდა არცერთი არ ვარგა სკაუტებს ბრავო ისე მაგრები არიან აშკარად იციან ვინ უნდა დაიმატონ მოკლე სათაურიც შეიძლება რომ დაწეროთ ერთი პროფესიონალი ...)))
Guro
14:34 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული