"ზესტაფონი"-"ტორპედო" გადაიდო

AutoSharing Option
ესპანური შეკრებიდან დაბრუნებულ "ზესტაფონს" მზადების გაგრძელებაში ხელი დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა შეუშალა. გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისში ივარჯიშა, ზესტაფონში კი საწვრთნელი პროცესის წარმართვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ალბათ, ყველას ახსოვს შარშანდელი თებერვალი, მაშინაც საწყისი ტურები დიდთოვლობის გამო გადაიდო. არ ვიცით, როგორი მეტეოპირობები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, მაგრამ შარშანდელი უსიამოვნებების განმეორების საფრთხე ნამდვილად არსებობს.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით უმაღლესი ლიგის ტური სრულად არ ჩაშლილა, მაგრამ მეორე ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩის გადადებამ იმერელ გულშემატკივრებს გული დასწყვიტა. შეგახსენებთ, დღეს "ზესტაფონს" "ტორპედოსთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ დავით აბაშიძის
სახელობის სტადიონის გაზონზე დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი თოვლი დაიდო, რისი დროულად გაწმენდაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მოედნის მდგომარეობა თვითონ ზვიად სიჭინავას შეუმოწმებია და შეხვედრის გადადების გადაწყვეტილებაც პირადად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიუღია. სავარაუდოდ, "ზესტაფონი"-"ტორპედო" 2 ან 3 მარტს გაიმართება.

თოვლი უმეტესად დასავლეთ საქართველოში დევს და, შესაბამისად, გადადების საფრთხის წინაშე ლიხს იქით გასამართი მატჩებია. მომდევნო ტურში დასავლეთში მხოლოდ "ტორპედო"-"ოლიმპია" დანიშნული და თუ მანამდე არ გამოიდარა, ამ შეხვედრის გამართვაც საეჭვო გახდება. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, როგორ შეძლებენ აღმოსავლეთისკენ მომავალი დასავლური კლუბები რიკოთის უღელტეხილის გადმოლახვას.

რაც შეეხება "ზესტაფონს", გუნდი თბილისში რჩება და "ოლიმპიკის" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს. 19 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე "დინამო"-"ზესტაფონია" და იმერული კლუბი ამ უპრინციპულესი მატჩისთვის ბოლომდე დედაქალაქში მოემზადება.

გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს გიორგი ხიდეშელმა და ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელთაც უდისციპლინობის გამო (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ნახსენებია ტერმინები "პროფესიული მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური დამოკიდებულება") ესპანური შეკრება ნაადრევად დაატოვებინეს. მათ მიმართ კლუბმა ფინანსური სანქციები გაატარა. ამას გარდა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხიდეშელმა და გელაშვილმა "ზესტაფონის" უახლოესი მატჩი გამოტოვონ. ყოველ შემთხვევაში, მათი "ტორპედოსთან" თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული