ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?

AutoSharing Option
შაბათს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელები სფფ-ის გენერალურ მდივან დავით მუჯირს შეხვდნენ და საქართველოს მომავალი გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე იმსჯელეს...

ფედერაციის მოდელი
კლუბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჩემპიონატის ორი მოდელი არსებობდა. სფფ-ის შეთავაზებული ფორმატის გარდა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდა ბოლნისის "სიონს", რომელსაც თავიდან გუნდების ნაწილიც იზიარებდა, მაგრამ საბოლოოდ, სფფ-ის და "სიონის" წარმომადგენელთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ, უმრავლესობამ პირველი მოიწონა და განხილვისთვის აღმასკომს გადაეგზავნა. ახლა სწორედ ამ ორგანოს წევრებზეა დამოკიდებული, დამტკიცდება ეს ფორმატი თუ მასში ცვლილებები შევა.

სფფ-ის მოდელი ასეთია: მომავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს
დასრულდება. 14 გუნდი ორ 7-7-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა. სავარაუდოდ, ჩემპიონი თბილისის "დინამო" და ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან, დანარჩენებს კი წილისყრა დაალაგებს. ჩემპიონი და ევროპალიგის საგზურის ერთი მფლობელი ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ევროპალიგის დანარჩენი ორი საგზურის პატრონი - ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი ოფითა და ეროვნული თასის გათამაშებით.

უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდება. ჯგუფებში ბოლო, მე-7 ადგილებზე გასული 2 გუნდი პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო მე-5 საფეხურზე გასულები მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსნებს პლეი ოფებში შეხვდებიან და მათ შორის 2 უიღბლოც ასევე ორი მატჩით გამოვლინდება.

რადგან 2017-18 წლების ევროგათამაშების საგზურის მფლობელები გარდამავალ ჩემპიონატში უნდა გაირკვეს, წელსვე გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. სფფ-ის მიერ წარდგენილი მოდელით, თითოეული ეტაპის გამარჯვებული 2-მატჩიან დაპირისპირებაში აღარ გაირკვევა. იქნება მხოლოდ ერთი თამაში, როგორც, მაგალითად, გერმანიაში.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი ლიგის 8 გუნდი დაიწყებს. ამ რვიდან 4 გამარჯვებულს მე-2 ეტაპზე პირველი ლიგის დარჩენილი 10 და უმაღლესის ასევე 10 მონაწილე დაემატება, სულ 24 - ევროთასების მონაწილეთა გარდა. 1/8-ფინალიდან, წყვილებში გამარჯვებულ 12 გუნდს ევროთასების მონაწილე 4 გუნდიც დაემატება, ფინალი კი, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება. მაგრამ თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდება, ფინალისტი ევროპალიგაზე ვერ გავა.

ვიმეორებთ, ეს ჯერ მხოლოდ პროექტია და საბოლოო სახით როგორი ვარიანტი დამტკიცდება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

"სიონის" წინადადება
ზემოთ "სიონის" მიერ წარდგენილი პროექტი ვახსენეთ. ამაზე უფრო ვრცლად კლუბის გენერალური დირექტორი ლადო ბურდული გველაპარაკა:

- მე დავემორჩილები და პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საბოლოოდ ყველა კლუბის წარმომადგენელი მოიწონებს. უბრალოდ, ხომ შესაძლებელია, ჯგუფებში არათანაბარი ძალის გუნდები გადანაწილდნენ? ჩემპიონი, ევროსაგზურის მფლობელები და გავარდნილები 12 ან 14 თამაშით გამოვლინდება, რაც არასწორად მიმაჩნია. მეტი თამაშია საჭირო და აქ "სიონის" მაგალითის მოყვანაც შემიძლია - ყოფილა შემთხვევა, გუნდი ფორმაში გვიან შესულა და პირველი წრის აუტსაიდერს, ბოლოს მე-3 ადგილი დაგვიკავებია.

მსაჯის უნებლიეთ დაშვებულმა ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, შედეგზე საბედისწერო გავლენა იქონიოს. სტარტზე ჩავარდნა წარუმატებლობის ტოლფასი იქნება.

ჩვენი ვარიანტით კი, აჯობებდა, გარდამავალი ჩემპიონატი ორ წრედ, ანუ 26 ტურად გამართულიყო.

- კი, მაგრამ ნახევარ წელიწადში 26 ტური როგორ ჩატარდებოდა?
- ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ ჩემპიონატი ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარდებოდა. თამაშები ყოველ 4-5 დღეში გაიმართებოდა. "დინამოს" მსგავსი ბაზა და მოსამზადებელი პირობები ბევრ გუნდს არ აქვს და მიმაჩნია, რომ ფეხბურთელების გაზრდისა და მომზადების საუკეთესო საშუალება სწორედაც ბევრი თამაშია.

- სანაკრებო პაუზები? ასეთ მჭიდრო გრაფიკში ჩაეტეოდა?
- დიახ, ესეც შესაძლებლად მიმაჩნია.

- ასეთი კალენდარი ევროთასების მონაწილეებს მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს?
- თამაშებს ყველა გადადებს, სულ ასე ხდებოდა...

- როგორც ვიცით, თქვენს პოზიციას "გურიაც" იზიარებდა...
- არამხოლოდ "გურია", კიდევ რამდენიმე გუნდი იყო. მაგრამ მე ბულგარეთში ვარ და სხდომას არ დავსწრებივარ. საბოლოოდ, ფედერაციის მოდელი უფრო მისაღები აღმოჩნდა და მეც საერთო აზრს დავეთანხმები. ეს მოდელიც მსჯელობისთვის ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალზე ფიქრით გამოიტანეს. ეს ჩემი აზრია და დაპირისპირებას არ გულისხმობს.

- განსხვავავებული აზრი საინტერესოა, მაგრამ პლეი ოფები ხომ ჩემპიონატს ინტერესს შესძენს?
- ამაზე ორი აზრი არ არის და ეს მეც მომწონს, მაგრამ ახლა მსაჯობაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ შეცდომის დაშვების უფლება აღარ ექნებათ.

* * *
ახალ ფორმატზე მოსაზრება რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმაც გაგვიზიარა.

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:
"კარგი ფორმატია და მიმაჩნია, რომ ჩემპიონატი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება".

გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:
"რადგან 2 კლუბი ლიცენზიის არქონის გამო ლიგაში არ დაუშვეს, ბევრს ეგონა, რომ 14-გუნდიანი ჩემპიონატი ორ წრედ გაიმართებოდა. გუშინ კი სფფ-მ თავისი მოდელი შემოგვთავაზა, რაც მისაღებია. მიმაჩნია, რომ ასე ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ჩემპიონი, ევროსაგზურების მფლობელი და გავარდნილები პლეი ოფებით გამოვლინდებიან.

ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ოქროს მედლის მფლობელი წინასწარაა ცნობილი, ეს ფორმატი კი მაყურებელს ბოლო თამაშამდე ინტერესს შეუნარჩუნებს. ამ კუთხით ეს უდავოდ გამართლებულია. იყო განსხვავებული აზრიც, მაგრამ საბოლოოდ ყველა მაინც შევთანხმდით".

ავთანდილ წიკლაური, ქობულეთის "შუქურას" მენეჯერი:
"დასამალი არ არის, რომ ორწრიანი ჩემპიონატის მომხრე ვიყავი, მაგრამ ამ ფორმატით ჩემპიონატი ისე დაიძაბება და საინტერესოდ წარიმართება, რომ სფფ-ის ინიციატივა და იდეა მომეწონა. ყველა თამაშს აზრი მიეცემა - ყველას ჩემპიონატის დონის გაზრდა გვსურს და ჩემი გადასახედიდან, ამ კუთხით, ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს".

მალხაზ მახარაძე, ბათუმის "დინამოს" სპორტული მენეჯერი:
"არანაირი კამათი და დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ, "სიონი" და "გურია" 26-მატჩიან ჩემპიონატს ემხრობოდნენ, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ყოველ 4-5 დღეში ტურის გამართვა ძნელია და პლუს ამას, სანაკრებო პაუზები იყო ჩასასმელი. გარდამავალ ჩემპიონატში ასე აჯობებს. გარდა ამისა, 26 მატჩი დიდი ხარჯიც იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოკლედ, მაგარი აჭრილები არიან ფედერაციაში. ყველაფერი ამის გვირგვინი კი ეროვნული ნაკრების "უნიკალური" თამაშია. აბა ვინ გამოიცნობს, რამდენიშნა ციფრით დამთავრდება ესპანეთთან თამაში? ისე, რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა სიახლე დანერგოთ, თუ ეროვნულ ნაკრებს პატარა შედეგი მაინც არ ექნა, შაურია თქვენი ფასი.
ara, kapiki...
11:06 07-06-2016
0
ცადითთთთთთთთთთთთთ კალაზის დსმულებო და მონებო
davita
10:15 07-06-2016
0

სიახლეები პოპულარული