ალბათ, აქ დავრჩები - "ზუგდიდი" მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელიას იწვევს

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ზუგდიდს" ახალი სეზონიდან ოთარ გაბელია გაწვრთნის.

იყო კონკრეტული ცნობაც, რომ ლეგენდარული "დინამოს" მეკარე ზუგდიდში ჩავიდა, ქალაქის მერს, ირაკლი გოგოხიას შეხვდა და გუნდში მუშაობაზე შეუთანხმდა. თუმცა, გაბელია კონტრაქტის გაფორმებას ჯერ არ ადასტურებს.

"დასამალი რა არის? ზუგდიდში ნამდვილად ვიყავი და ამ საკითხზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ორ დღეში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიდე და საბოლოოდ დავილაპარაკებთ.

ფინანსური საკითხები არაფერ შუაშია, აქ სხვა თემებზეა საუბარი. მე მგონია, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება", - ამბობს გაბელია.

შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ 63 წლის სპეციალისტი
სხვადასხვა გუნდში საქმიანობდა. გაბელიამ მწვრთნელობა მშობლიური ქალაქის კლუბ "ოდიშში" დაიწყო. უმუშავია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, გურჯაანის "ალაზანში", ყვარლის "დურუჯში", მარნეულის "ალგეთში", თსუ-ში, თბილისის "მერანი 91"-სა და "მერანში", ბოლნისის "სიონში", "თბილისში", ქუთაისის "ტორპედოში", "ბორჯომში", 2014 წელს კი "ზუგდიდში" კონსულტანტად მიიწვიეს.

კლუბის დირექტორი გელა ინალიშვილი ამბობს, რომ გუნდი 24 ივნისს შეიკრიბება:

"ფეხბურთელები შეიკრიბებიან და მეორე დღეს მზადებას დავიწყებთ. რაც შეეხება გაბელიას, ბატონი ოთარი გამოცდილი და ავტორიტეტული კაცია. მასთან სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს და იმედია, ჩვენთან იმუშავებს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია".

ცნობილია, რომ "ზუგდიდს" ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ზედა ეწერის სტადიონი და იქ არსებული კომპლექსის ტერიტორია გადასცა. ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა - გუნდს მატერიალური ქონება უნდა ჰქონოდა, ინვესტორისთვის საინტერესო რომ გამხდარიყო. ცხადია, კლუბი, რომელიც მხოლოდ ბეჭედს ფლობს და ქონება არ გააჩნია, ბიზნესისთვის საინტერესო ვერ იქნება.

ინალიშვილის თქმით, კლუბი კიდევ ერთი სტადიონის შემატებას იმედოვნებს:

"ახლა ლაპარაკია, რომ განმუხურის სტადიონიც "ზუგდიდის" ბალანსზე გადავიდეს. ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროსთან მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, "ზუგდიდი" ინვესტორებისთვის მართლაც საინტერესო გახდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ მართლა კარგი იქნება, იქ მეორე სავარჯიშო მოედანს და საცხოვრებელ კომპლექსს თუ მიუშენებენ თან ახალი სტადიონიც აშენდება თან ზუგდიდში პერსპექტიული ბავშვების დიდი რესურსია, წესით ინვესტორისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. ამ ქალაქს ნამდვილად შეუძლია საქართველოში ლიდერებს შორის მუდმივად იყოს!
fcz8
16:43 23-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული