ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდი" ოფიციალურად ჩაიბარა და გუშინ, 28 ივნისს, პირველად ავარჯიშა. ის ფეხბურთელებს კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა წარუდგინა.

ოთარ გაბელია ამ კლუბს ბოლოს 2012 წელს წვრთნიდა და მაშინ "ზუგდიდი" საუკეთესო ექვსეულში მოხვდა. ამჯერად მას ლევან მიქაძე და მამუკა ჭაჭუა დაეხმარებიან.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ადგილობრივი კონტინგენტის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, მაგრამ სხვადასხვა რგოლში გამოცდილი ახალწვეულებიც არიან. ისინი გუშინ პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდნენ. გარდამავალ ჩემპიონატზე ზუგდიდელთა რიგებში იასპარეზებენ გიგა ბეჭვაია ("ცხინვალი"), საბა ლომია ("ლიახვი"), გიორგი ჭანკოტაძე ("ჩიხურა") და გივი იოსელიანი ("სამტრედია").

ზუგდიდურ გუნდში კიდევ
რამდენიმე ფეხბურთელს ელოდებიან, ორ დღეში კი გუნდს ცენტრალური მცველი რაფაელ ჩუკვურაც შეუერთდება. გარდა ამისა, სინჯებზეა სტანისლავ კონდრატენკო - 1997 წელს დაბადებული რუსი მცველი, რომელიც "ტომის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა. ეს გუნდი წლეულს პირველი დივიზიონიდან რუსეთის პრემიერლიგაში აღზევდა.

გარდა ამისა, "ლელომ" სხვა ინფორმაციებიც შეიტყო. ასე მაგალითად, ჯერ არ ხმაურდება, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ყოფილ მეკარე ნიკა დაუშვილს ელიან, რომელიც ბოლოს ცხინვალის "ლიახვში" თამაშობდა. შესაძლოა, "ზუგდიდში" ვიხილოთ ლაშა კუკავაც - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა სწორედ "ზუგდიდში" დაიწყო. 24 წლის ფორვარდი ბოლოს პირველი ლიგის ბინადარ წალენჯიხის "სქურში" თამაშობდა.

გაბელია, ჯერჯერობით, დროს მთლიანად ფიზიკურ მომზადებას უთმობს, თუმცა ფეხბურთელები არც ბურთს "ივიწყებენ". ამ კვირაში ასეც გაგრძელდება, ხოლო შემდეგ "ზუგდიდი" ორჯერად ვარჯიშებზე გადავა.

ცხადია, გაბელია საკონტროლო მატჩებსაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ მეტოქეებზე არაფერია ცნობილი.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული