მსაჯებისთვის ხელფასების გაზრდამ ეს პროფესია პოპულარული გახადა

AutoSharing Option
სამსაჯო თემა საქართველოში ყოველთვის აქტუალურია და სეზონის განახლებასთან ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სახელფასო რეფორმისგან მსაჯობის დონის ამაღლებას ელიან, თუმცა მხოლოდ ამით საქმეს არ ეშველება - ქართულ სამსაჯო კორპუსში პრობლემები და გადასაჭრელი ამოცანები კიდევ მრავლადაა, არადა მსაჯებსა და მსაჯობაზე ხშირად საქმეში ნაკლებად ჩახედვით გვიწევს ხოლმე მსჯელობა.

ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროს ლევან ფანიაშვილს ჩამოვართვით, რომელიც საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათშის ფანიაშვილი ლისაბონში გაფრინდა, სადაც "ბენფიკასა" და გერმანული "შტუტგარტის" ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ მატჩზე
მსაჯთა დამკვირვებლადაა დანიშნული.

- უპირველესად, ის გვაინტერესებს, ამოქმედდა თუ არა მსაჯთა ანაზღაურების ახალი სისტემა?
- დიახ, უმაღლეს ლიგაში მსაჯებს ხელფასები საგრძნობლად გაეზარდათ. ახალი სისტემა სეზონის განახლებისთანავე ამოქმედდა. ერთი მატჩისთვის არბიტრის მიახლოებითი გასამრჯელო 1080 ლარი იქნება, ასისტენტი 500 ლარს მიიღებს, მეოთხე მსაჯი კი 300 ლარს. ეს თანხები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიქვითება. უმაღლესი ლიგის გარდა, ეს სისტემა იმოქმედებს საქართველოს თასისა და სუპერთასის გათამაშებაში.

- სიახლე პირველ ლიგას არ ეხება?
- ჯერჯერობით პირველ ლიგაში ხელფასების გაზრდა ვერ ხერხდება. იქ არბიტრი ერთი შეხვედრისთვის დაუქვითავად 250 ლარს იღებს, ასისტენტი - 160-ს, ხოლო სათადარიგო მსაჯი - 100-ს.

- თუ შეიძლება, მოკლედ აგვიხსენით ქართული სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელი ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციები.
- სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეა სერგო კვარაცხელია, წევრები კი ვართ ოთარ გუნთაძე, მერაბ მალაღურაძე, ავთანდილ შალამბერიძე და მე. მე ვხელმძღვანელობ სამსაჯო განყოფილებას. კომიტეტს ყოველდღიური სამუშაო არ აქვს, მხოლოდ ზოგად მიმართულებებზე მუშაობს. კომიტეტმა შრომატევადი საქმე შარშან გასწია, როცა სტრუქტურა ხელახლა ჩამოვაყალიბეთ. უმაღლეს და პირველ ლიგებში მსაჯებს სამსაჯო განყოფილება ნიშნავს, კომიტეტი კი ამტკიცებს.

- ბევრის აზრით, მსაჯებთა მოქმედებას მათი ხელმძღვანელობა არ უნდა აფასებდეს.
- მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მსაჯები და დამკვირვებლები ერთ სისტემაში არიან მოქცეულნი. მსაჯებს ყველგან ყოფილი მსაჯები აფასებენ და ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ.

- როდის დაიწყეს ქართველმა მსაჯებმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება და როგორ ჩააბარეს ტესტები?
- უმაღლესი ლიგის მსაჯებმა შეკრება-სემინარი 5 თებერვალს დაიწყეს და ოთხი დღის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებდით. განვიხილეთ ჩემპიონატის პირველი ეტაპის სხვადასხვა მატჩი. ნორმატივები ყველამ ვერ ჩააბარა, მაგრამ ტესტებზე წარუმატებელი მხოლოდ რამდენიმე მსაჯი იყო. მათ კიდევ ერთი შანსი 22 თებერვალს მიეცემათ, როცა მზადებას პირველი ლიგის მსაჯები შეუდგებიან.

- უმაღლეს ლიგაში რამდენიმე დებიუტანტი არბიტრი ვიხილეთ. ახალბედათა დასაქმება კიდევ გაგრძელდება?
- ამ სეზონში ხშირად ვენდობოდით თორნიკე გვანცელაძეს, ჯენერი ხორავას, ხვიჩა გაგნიძესა და ირაკლი ურუშაძეს. მათ საქმეს თავი ნორმალურად გაართვეს და ამიტომაც ახალგაზრდებს კვლავაც ვენდობით. უმაღლესი ლიგის მომსახურე არბიტრების სიაში შევიყვანეთ ბაკურ ნინუაც, რომელსაც დებიუტი უახლოეს პერიოდში ექნება.

- როგორი მეთოდოლოგიით ხდება საქართველოში მომავალი მსაჯების აღზრდა?
- შემუშავებული გვაქვს ცენტრალიზებული პროგრამა, რომელშიც თანამედროვე მოთხოვნები სრულადაა ასახული. პირველ ეტაპზე დამწყებ მსაჯებთან ფეხბურთის რეგიონული ფედერაციების სამსაჯო განყოფილებები მუშაობენ. ახალგაზრდებს უტარდებათ ფიზმომზადების ვარჯიშები, თეორიული მეცადინეობები, სწავლობენ თამაშის წესებს, ცოდნას იღრმავებენ ვიდეომასალების საშუალებით.

მსაჯების აღზრდით ოთხი რეგიონული ფედერაციაა დაკავებული - თბილისის, აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის. ბუნებრივია, ყველაზე მეტი მსურველი თბილისის ფედერაციას აკითხავს. დაწყებითი კურსების გავლას ორი-სამი თვე სჭირდება, რის შემდეგაც მსურველები უკვე პრაქტიკაზე გადადიან. კანდიდატებს გამოცდილი მსაჯები ბავშვთა შეჯიბრებებზე მუშაობისას აკვირდებიან და ვინც შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოავლენს, მესამე კატეგორია მიენიჭება. ცნობისათვის, არსებობს მესამე, მეორე, პირველი და ეროვნული კატეგორია, რასაც უკვე ყველაზე საპატიო სამსაჯო წოდება - ფიფას მსაჯობა მოჰყვება. დამწყებ მსაჯს დაახლოებით ხუთი-ექვსი წელიწადი სჭირდება იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგამდე მივიდეს, თუმცა არსებობს გამონაკლისიც: ნინუას ამ გზის გასავლელად ორი წელიწადი ეყო.

- საქართველოში მსაჯობა არცთუ პოპულარული პროფესიაა.
- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსაჯების ანაზღაურების გაზრდის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ამ საქმის შესწავლის მსურველთა რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. ასე რომ, უახლოეს მომავალში მსაჯობის დონის ამაღლებას უნდა ველოდოთ. მაღალი ხელფასი ნებისმიერ საქმეში დიდი მოტივაციაა და როცა მსაჯს ყოფითი პრობლემები ნაკლებად შეაწუხებს, საქმეს გაცილებით მეტი პროფესიონალიზმით მიუდგება.

- მსაჯობის დღევანდელი დონე თუ გაკმაყოფილებთ?
- აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ქართველი მსაჯები ისეთს არაფერს სჩადიან, რაც მათი უცხოელი კოლეგებისგან არ გვინახავს. საქართველოში მსაჯობის ზუსტად ის დონეა, რა დონეზეც ფეხბურთია განვითარებული. ეს აქსიომაა და სხვაგვარად ვერც იქნება. თუმცა მსაჯობის დონის ამაღლებაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, მოქმედ მსაჯებს სისტემატურად ვასწავლით და საკუთარ თავზე მუშაობასაც მკაცრად ვთხოვთ.

- თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი სისტემატურად ჩივის, რომ მის გუნდს საქმე მსაჯმა გაუფუჭა.
- თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი მსაჯები ამა თუ იმ მცდარ გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებენ, მაშინ კეთილი ინებონ და მათი კორუმპირებულობის ფაქტები წარმოადგინონ. პირობას ვდებ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაქცია უმკაცრესი იქნება. ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მსაჯებზე ზეწოლა კი უნდა შეწყდეს. თამაშამდეც, თამაშის დროსაც და თამაშის შემდეგაც მსაჯებმა არანაირი წნეხი არ უნდა იგრძნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ მოვალეობებს ხარისხიანად ვერ შეასრულებენ.

- სტადიონებზე მსაჯთა სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა საქართველოს ჩემპიონატისთვის ჩვეული ამბავია. მსაჯების უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომების მიღება ხომ არ იგეგმება?
- მოგეხსენებათ, არცთუ დიდი ხნის წინ ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩატარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ფედერაციის, კლუბებისა და სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით მსაჯებს ძველებურად იოლად თავს ვეღარავინ დაესხმება (ამის შესახებ მითითება კლუბებმა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიაში მიიღეს, ავტ).

- ხომ არ არის მოსალოდნელი წლეულს ფიფას ქართველი არბიტრების რაოდენობის გაზრდა?
- ეს ჯერ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ყველა ქვეყანას თავისი კვოტა აქვს. საქართველოდან ფიფას ექვსი არბიტრი ჰყავს, რაც, ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია. ესენი არიან ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია, დავით ხარიტონაშვილი, ფუტსალში კი შოთა ქუხილავა და არსენ ნონიკაშვილი. ფიფას ასისტენტები კი არიან ზაზა მენთეშაშვილი, მამუკა ელიკაშვილი, გურამ ჩიგოგიძე, ზაზა ფიფია, ლევან თოდრია, გიორგი ყრუაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე და ლევან მიქელაძე. სასიამოვნოა, რომ გვყავს ფიფას ქალი ასისტენტიც - ხათუნა მაისურაძე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნიონში, უეფას სამსაჯო ცენტრში, აპრილში სასწავლო ათდღიან შეკრებაზე ერთ არბიტრსა და ოთხ თანამსაჯს მივავლენთ.

- უახლოესი პერიოდისთვის ქართველი მსაჯები რომელ საერთაშორისო შეჯიბრებებზე არიან მიწვეულნი?
- საერთაშორისო დანიშვნების შესახებ მცირე ხნით ადრე ვიღებთ ინფორმაციას, ასე რომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ზუსტად კი ის ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში გვეყოლება წარმომადგენელი 21-წლამდელთა საერთაშორისო მატჩში, იანვარში კი შოთა ქუხილავამ ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იმსაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან ქართველ მსაჯებს უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე ხშირად იწვევდნენ, გვჯერა, რომ ისინი უყურადღებოდ არც წლეულს დარჩებიან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული