იურაი იარაბეკი: იცოდეთ, ვაისი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია!

AutoSharing Option
ფოტოზე: იურაი იარაბეკი და ვლადიმირ ვაისი
თბილისის "დინამოს" სლოვაკი თავკაცი იურაი იარაბეკი ძალიან საინტერესო, გულღია მოსაუბრეა და ვფიქრობთ, ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის მასთან შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს.

იარაბეკის პირველი 6 თვე "დინამოში" წარმატებული გამოდგა. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ჩვენი ქვეყნის თასიც აღმართა. "დინამოს" მწვრთნელთან ჩვენი საუბარი, რომელიც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა, ორ ნაწილად დაიყო. საგაზეთო ინტერვიუში ძირითადად "დინამოს" მიმდინარე ამბებზე ვისაუბრეთ, ჟურნალისთვის კი იარაბეკმა უფრო ზოგად კითხვებზეც გვიპასუხა...

- იურაი იარაბეკი: გაგვიმართლა, რომ ანტონი სკრიბე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

- საინტერესოა,
რას ნიშნავს ფეხბურთი თქვენთვის?

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თანაც, დავამატებ, რომ საფეხბურთო ოჯახიდან ვარ. მამა ცნობილი ფეხბურთელი იყო...

- მწვრთნელებად ხშირად ისეთი ფეხბურთელები იწყებენ მუშაობას, რომელთაც სათამაშო კარიერაში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩებათ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- ძალიან უცნაურად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. ავსტრიის ერთ-ერთ გუნდში ვთამაშობდი. ერთ დღესაც, კლუბის პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მითხრა - მთავარი მწვრთნელი წავიდა გუნდიდან და შენ მოთამაშე-მწვრთნელი უნდა იყოო. ცოტა ვიფიქრე და დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა.

- თავის დროზე, თქვენ ღრმა კვალი გაავლეთ ტრნავის "სპარტაკში". ევროთასებზე ამ გუნდმა ჩვენი "ზესტაფონი" დაამარცხა, რასაც, გულწრფელად უნდა გითხრათ, არ ველოდით. როგორ იხსენებთ იმ მატჩებს?
- ანგარიშმა არ მოგატყუოთ, ძალიან რთული თამაშები იყო, განსაკუთრებით პირველი, ზესტაფონური მატჩი. ის შეხვედრა მასპინძლებმა ძალიან ძლიერად დაიწყეს და ორი მომენტიც ჰქონდათ. განსაკუთრებით სახიფათო იყო ჯაბა დვალის დარტყმული. იმ ეპიზოდებში შესანიშნავად ითამაშა ჩვენი გუნდის მეკარემ, რომელიც ახლა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის ღირსებას იცავს. მეორე შეხვედრა ჩვენთვის იდეალურად აეწყო. ძალიან სწრაფად გავიტანეთ ორი გოლი და საბოლოო ჯამში ამან ბევრი რამ გადაწყვიტა ორმატჩიან დუელში. ძალიან კარგი, შეკრული გუნდი გვყავდა.

Sportall.Ge

- ევროპის ჩემპიონატს გვერდს ვერ ავუვლით. თქვენი აზრით, რომელი გუნდები არიან კონტინენტის პირველობის ფავორიტები?
- სანამ მერვედფინალები არ გაიმართება, შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა მაინც ადრეა. ამ გადასახედიდან მე მთავარ ფავორიტებად დავასახელებდი იტალიის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს (ინტერვიუ 1/4-ფინალურ ეტაპამდეა ჩაწერილი).

- თქვენი აზრით, საით მიდის მსოფლიო ფეხბურთი?
- მეტი სისწრაფე, მეტი გუნდურობა... ეს არის დღევანდელი ფეხბურთის მთავარი გეზი.

- თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თქვენს თანამემამულე ვლადიმირ ვაისს. როგორ დაახასიათებთ მას?
- ჩვენ მრავალი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს. გადაჭარბების გარეშე უნდა გითხრათ, რომ ვაისი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. ის ყოველთვის მაქსიმალურ პირობებს ითხოვს ფეხბურთელებისთვის და მერე მაქსიმალურ შედეგს ითხოვს ამ ფეხბურთელებისგან.

თავადაც იცით, ვაისი სამუდამოდ შევიდა სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშა პირველად სლოვაკეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯგუფიდანაც გავიდა.

ფაქტია, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო სლოვაკეთთან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩები. ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო, რომ თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიტანოს ფეხბურთელებამდე. ამ ორი მარცხის შემდეგ საქართველომ ესპანეთი დაამარცხა და ეს უკვე განსაკუთრებული შედეგია. როგორც ჩანს, ვაისი და ფეხბურთელები ნელ-ნელა ეჩვევიან ერთმანეთს.

- ესპანეთთან გამარჯვება ახსენეთ. ელოდით, რომ ქართველები ევროპის მოქმედ ჩემპიონს მისსავე მოედანზე დაამარცხებდნენ?
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი (იცინის).

- დაასახელეთ თქვენი ვერსიით მსოფლიოს სამი საუკეთესო მწვრთნელი...
- მოურინიო, ბიელსა, ტრაპატონი...

- ახალი თაობიდან?
- დიეგო სიმეონე! მას გამარჯვებულის შეურყეველი მენტალიტეტი აქვს.

- საქართველოზე რას იტყვით?
- ეს არის დიდებული ქვეყანაა, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მასე მთელი საქართველსათვის საქებ მწვრთნელად მოგვევლინა გია ცეცაძე, ძაღლი, კათა, ადამიანი, ციყვი, ქალი და ბავშვი ყველა მის თითქოსდა გენიალურობაზე საუბრობდა, მაგრამ დაიბნა კაცი, იფიქრა მე ვყოფილვარ ღმერთიო და გამარჯვების მაძიებლების მაგივრად, მინდორზე გაიყვანა ყოვლად დემოეალიზირებული,დაშინებული,თავგზა არეული ბიჭები,რომლებმაც არც კი იცოდნენ საერთოდ რა განზომილებასა და სივრცეში იყვნენ. მათ თავიანთ ჩვეულ თამაშზე უარი ათქმევინეს. ახლა კი შუაზე რომ გასკდნენ საკუთარი თავის სარეაბილიტაციოდ ყველა ღონე უნდა იხმარონ გაბალასთან, მაშინ როცა ამის არავითარი მიზეზი არ არსებობდა და შეიძლებოდა მაგ გაბალას გადალახვა.

შეეშვით მწვრთნელების გაპრავებასა და ქებას.
Jango
18:49 02-07-2016
0
შენ კი ვიცი ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი ხარ)))
svani
02:06 03-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული