"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"

AutoSharing Option
20 წლის გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია საქართველოს ჩემპიონისთვის, რომელიც ხვალ, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხეთის "ალაშკერტს" უმასპინძლებს.

პაპუნაშვილმა უკვე გაიარა შეკრება "დინამოსთან" ერთად და სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. გუშინ "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, ცხადია, დროში შეზღუდულია, მაგრამ მაინც შევეცადეთ, მოგვეცვა ყველა საინტერესო საკითხი, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს აინტერესებს...

- გერმანიაში გატარებული
პერიოდით დავიწყოთ. რას ელოდით და რა დაგხვდათ "ვერდერში"?

- გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. ევროტურნირებზე ვითამაშე "დინამოში" და როცა "ვერდერში" წავედი, კარგ ფორმაში ვიყავი. ჩავედი და პირველი სამი თვე იქაურ ფეხბურთთან და დატვირთვებთან შესაგუებლად დრო დამჭირდა. მერე უკანა კუნთის პრობლემა მქონდა და ერთი თვე გამიცდა. ამის შემდეგ ვითამაშე ორი თვე და საზარდული მეტკინა.

ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და ისე გავიდა ეს ერთი წელიწადი, ბოლომდე ვერ გადავეწყვე გერმანულ ფეხბურთზე, ვერ ავუწყვე ფეხი, უპირველესად,  ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. ეს არავის ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი ბრალია...

ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ნიჭიერები არიან. აქ განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაშია. სულ სხვა დონეზე დგას ეს კომპონენტი. რომ არა ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებდა იქ. ახლა უკვე ვიცი, ზუსტად რა მოთხოვნებია ევროპაში და რა უნდა გავაკეთო იმ შემთხვევაში, თუ კიდევ წავალ იქ სათამაშოდ. ვიცი, რაში უნდა მოვუმატო, რა კომპონენტები უნდა გავაუმჯობესო...

- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ. რა მოგცათ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაში გატარებულმა დრომ?
- უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის ეს პერიოდი. ძალიან ხშირად მიწევდა ცხოვრება და ვარჯიში ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან კლაუდიო პისარო, კლემენს ფრიტცი და სხვები. ასეთი ფეხბურთელებისა და პროფესიონალებისგან ყოველთვის რაღაცას სწავლობ...

ერთი წლის განმავლობაში იქ დამხმარე არავინ მყოლია. მარტო ვიყავი. თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის უდიდესი სპორტული და ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

Sportall.Ge

- გარკვეული ხნის განმავლობაში "ვერდერის" პირველ გუნდშიც ვარჯიშობდით...
- ძალიან მაგარი იყო! ცხრადღიანი შეკრება გვქონდა, დღეში სამჯერადი ვარჯიშებით. გოლიც გავიტანე, თამაშებიც ვითამაშე... საკუთარი თავით თან კმაყოფილიც ვიყავი და თან - უკმაყოფილოც. ტრავმებმაც თავისი როლი ითამაშა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სამჯერ მივიღე ტრავმა...

- თუ იყო "ვერდერში" ისეთი ფეხბურთელი, ვინც გერმანიაში მყოფს ბოლომდე დაგიდგათ გვერდით?
- ენა არ ვიცოდი, ვსწავლობდი, არ იყო იოლი... ვერ მოგატყუებთ - ისეთი არავინ ყოფილა, განსაკუთრებით რომ დამდგომოდა გვერდით. იქ ყველა თავის საქმეს აკეთებს. ჩამოსული ფეხბურთელები უფრო ინტერესდებოდნენ ხოლმე ჩემი ამბებით.

- ევროპიდან საქართველოში დაბრუნება იოლი არ არის. ფსიქოლოგიურ პრობლემებს ხომ არ წააწყდით?
- ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ მაქვს. 6 წელია "დინამოში" ვარ. ეს გუნდი ჩემთვის ნამდვილი ოჯახია. ვემზადები ჩვეულებრივად 12 ივლისის მატჩისთვის, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე სომხური "ალაშკერტი" იქნება.

- "დინამო" ახლა უკვე ერთადერთია ქართულ კლუბებს შორის, ევროთასებზე რომ ითამაშებს. ალბათ, თქვენი პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია...
- რა თქმა უნდა და ვგრძნობთ კიდეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. დიდი იმედით ველოდებით "ალაშკერტთან" შეხვედრას. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი. თამაშის წინ არ გვინდა ზედმეტი დაპირებები. უმჯობესია, მინდორზე ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

- რა ინფორმაცია გაქვთ "ალაშკერტზე"?
- ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი იმყოფებოდა მათ თამაშზე და როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო მასალა აქვს. როგორ უტევს გუნდი, როგორ იცავს თავს... თამაშამდე დარჩენილ დროში "ალაშკერტის" თამაშს დეტალურად გავარჩევთ.

- ეს "დინამო" განსხვავებულია იმისგან, თქვენ რომ თამაშობდით. რას იტყვით ამ ფორმაციის გუნდზე?
- რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, რამდენიმე მოვიდა, არიან ახალი ლეგიონერები... კარგი შეკრება გავიარეთ ავსტრიაში. იქ კიდევ უფრო შეიკრა გუნდი. ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები...

- რას იტყვით "დინამოს" სლოვაკ მწვრთნელზე?
- ის შედარებით მეტ აქცენტს აკეთებს ფიზიკურ მომზადებაზე და ეს ძალიან კარგია. ქართველებს გვაკლია ფიზიკური მომზადება და ეს ფაქტია...

- როგორია თქვენი ამჟამინდელი ფუნქციონალური მდგომარეობა? როგორც ვიცით, შეკრების დასაწყისში ტრავმა გაწუხებდათ...
- დიახ, ტრავმირებული ვიყავი და სწორედ ამის გამო გამოვტოვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩი შვედეთთან. მთლიანობაში 19 დღე გამიცდა. 3 დღის დაწყებული იყო შეკრება, გუნდთან ერთად ვარჯიშს რომ შევუდექი. ვარჯიშები და თამაშები ძალიან დამეხმარა.

უზომოდ მოტივირებული ვარ. ყველას გვინდა, რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც ქართველ გულშემატკივარს გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაცნობი სურათი.წავა ახალგაზრდა კარგ გუნდში და იმის მაგივრად პროგრესი განიცადოს და უფრო კაი გუნდში და ლიგაში მოხვდნენ,ისევ უკან ბრუნდებიან "ტრიუმფით"...
საწყენია
0
გერმანიასა და სხვა წამყვან ქვეყნებზე ჯერ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უკვე ფეხბურთელების მომზადების დონით, ფიზიკურად, ტაქტიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად სერიოზულად ჩამოვრჩებით ევრპის მაჩანჩალა ქვეყნებსაც კი ისეთებს როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტეინი. სამწუხაროა მაგრამ ასეა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ფეხბურთელების ევროპული გაქანება რუსეთის სამოყვარულო, დიდი დიდი მე-2 ლიგა. უკრაინის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი გუნდები და ასევე ყაზახეთის ყირგიზეთის, ყალმუხეთის და მსგავი დონის ჩემპიონატების საშუალო გუნდის ზამენების წყლისმომტანები. შესაბამის შედეგია ნაკრებთან მიმართებაშიც.
გივია
17:09 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული