სხვა გუნდებთან ერთად, "ლელო" სისტემატურად აშუქებდა "კოლხეთის" მზადების პერიპეტიებს და გეცოდინებათ, რომ გელა სანაიას ხელმძღვანელობით გუნდში ერთობ საინტერესო კონტინგენტმა მოიყარა თავი.
"კოლხეთის" დღევანდელობაზე ფოთელთა გუნდის დამრიგებელს ველაპარაკეთ...
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება, ტრადიციულად, ადგილზე დავიწყეთ. ამის შემდეგ გვქონდა თურქული შეკრება, რომელიც ძალიან კარგ პირობებში ჩატარდა. ვითამაშეთ ამხანაგური შეხვედრები "ადანასთან", "სივასსთან", ბაქოს "ინტერთან"... ამ შემთხვევაში, შედეგი მთავარი არ არის - ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ გუნდი რაც შეიძლება კარგად მომზადებულიყო
- ორიოდ სიტყვით ახალწვეულებზეც გვითხარით...
- ქართული რეალობა ასეთია: ყოველ ერთ წელიწადში გვიწევს ახალი გუნდის "გაკეთება". "კოლხეთიდან" ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ბევრ მათგანს უკეთესი შეთავაზება ჰქონდა... სამაგიეროდ, დავიმატეთ კერძევაძე, ბოლქვაძე, ჯღამაია, წურწუმია, თებიძე, ლუკავა, გედენიძე...
რაც შეეხება ლეგიონერებს, მომავალ სეზონში "კოლხეთის" ღირსებას დაიცავენ: კორობკა, რომელიც გასულ სეზონში ჩვენთან იყო და დავიტოვეთ; ასევე, აზერბაიჯანელი მცველი რამალდანოვი, რომელსაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში; დავიმატეთ ასევე უკრაინელი ივანკო და კიდევ ერთი მისი თანამემამულე - იგორ ოზარკივი.
- ოზარკივის ამბავი არ ვიცოდით...
- დიახ, ახალი ამბავია. ჩვენი გუნდის ახალწვეული ამპლუით ნახევარმცველია. უთამაშია უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.
- გასულ სეზონში "კოლხეთს" არ აკლდა ფინანსური პრობლემები. ახლა როგორია მდგომარეობა?
- როგორც ყველა, ისე ვართ ჩვენც. ფონდის მეშვეობით, დალაგდა სიტუაცია, დავალიანებები არ არის...
- რა იქნება გუნდის პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი?
- ჩვენი მიზანი, ნებისმიერ შემთხვევაში, ათ საუკეთესო გუნდში მოხვედრაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"