11:00 08-08-2016
ჩიხურა-დინამო (თბ) 0:0 - "დინამომ" ჰამზიჩს ვერ აჯობა [VIDEO]
AutoSharing Option
გოლი რომ გასულიყო, საფეხბურთო ალოგიკურობა იქნებოდა, ვინაიდან ეს იყო პირველი და ერთადერთი ნათელი წერტილი საჩხერელთა თამაშში. დანარჩენი დრო შეხვედრისა დინამოელთა სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ ეტყობა ამ "სცენარში" ყველაფერი კარგად არ იყო გათვლილ-გაანგარიშებული, რის გამოც მე-19 წუთამდე არც ერთ კართან არ შექმნილა ხიფათი და ორთაბრძოლა ვერ ავიდა იმ დონემდე, ამ ორ ამბიციურ გუნდს რომ სჩვევია, რისი მოლოდინიც დაახლოებით 1000-კაციან აუდიტორიას ჰქონდა.
სწორედ მე-19 წუთზე წავიდა ტყვიასავით კარში მათე ცინცაძის შორეული დარტყმა, რომელიც დინო ჰამზიჩმა ჯერ ჩვეული თავდაჯერებულობით მოიგერია, მერე დაეუფლა კიდეც.
ამის შემდეგ, თანდათანობით, ტემპმაც იმატა და, სამწუხაროდ, ორმხრივმა უხეშობამაც. თავად განსაჯეთ - პირველი ტაიმის 8-წუთიან ინტერვალში არბიტრ გიორგი ყრუაშვილს (ვინც დამაჯერებლად იმსაჯა) ოთხჯერ მოუხდა მოწინააღმდეგეთა წყვილ-წყვილად "გაყვითლება".
სეტყვასავით არა, მაგრამ საჩხერელთა კარისკენ საკმაოდ ხშირად მიქროდა ბურთი, რომელიც ყოველთვის ჰამზიჩის ნადავლი ხდებოდა.
მე-40 წუთზე მან, განგებ თუ უნებლიეთ, ისე "დატოვა" ხელი, თითქოს მაინცდამაინც ამ ხელზე უნდა მოხვედროდა ოთარ კიტეიშვილის მიერ ახლოდან, გარდაუვალ გოლთა კატეგორიის უძლიერესი დარტყმა!
74-ე და 75-ე წუთებზე ჰამზიჩმა არც ჯაბა ჯიღაურსა და ლაშა პარუნაშვილს დაანება კარი.
რაც შეეხება სხვა ჩიხურელებს, შეუვალი იყო გიორგი რეხვიაშვილი, კარგად იბრძოდნენ მიხეილ სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, პირველ ტაიმში - გიორგი ივანიშვილი. იშვიათი გამობრწყინებები სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათი საერთო წუნი პასების თვალშისაცემი არაზუსტობა და ზედმეტი სიფრთხილისგან სითამამისა და რისკის უქონლობა იყო.
ამბობენ, საჩხერელებს საჩემპიონო ამბიციები აქვთო. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. შემადგენლობის მხრივაც გუნდში იმაზე უკეთაა საქმე, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "დინამოსთან" "პირველ ნომრად" თამაშსაც ვერავის მოსთხოვ (ეს ზაგრების "დინამომაც" ვერ გაბედა), მაგრამ ამბიციები რომ გაამართლო, ერთხელ მაინც უნდა შეძლო კარში ზუსტად დარტყმა, ვინც უნდა იყოს მოწინააღმდეგე...
და მაინც, მოდი, ყველაფერი "ზაფხულის სენს" დავაბრალოთ, რის გამოც გუნდები ფორმის პიკში არ არიან, პაპანაქება სიცხეც მივიღოთ მხედველობაში და უკეთესის მოლოდინი ვიქონიოთ.
მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამოს" მწვრთნელი): "ჩიხურამ" თავგამოდებით იბრძოლა, რის გამოც ქებას იმსახურებს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ჰამზიჩს ვერ ვაჯობეთ. მოედანი ძალიან ცუდი იყო. ამ მხრივ უპირატესობა საჩხერელებს ჰქონდათ, რადგან ასეთ მინდორს ჩვენზე მეტად არიან შეჩვეულები".
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მწვრთნელი): "პირველ რიგში, წარმატება მინდა ვუსურვო "დინამოს" ევროპის ლიგაზე!.. ვეთანხმები კოლეგას - რამდენჯერმე გადაგვარჩინა მეკარემ. თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, შედეგი ჩვენთვის მისაღებია".
საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი
07.08. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (თბ) 0:0
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი, ივანიშვილი (87. ლექვთაძე), ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (57. გაბედავა), დობროვოლსკი, კაშია, რეხვიაშვილი, დეკანოიძე (65. ტატანაშვილი).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე, კაკუბავა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი, ცინცაძე, ალვარო, კიტეიშვილი (88. პარუნაშვილი), პაპუნაშვილი, კურიე (56. ჭანტურიშვილი), დვალიშვილი (69. ჯიღაური).
სათადარიგოები: ლომაია, გ. თევზაძე, მიქელთაძე, ზ. თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: კაშია (34), სარდალიშვილი (35), რენე ფერეირა (38), ამისულაშვილი (42), გაბედავა (85), ჭანტურიშვილი (90)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.
II ტური. თეთრი ჯგუფი
13 აგვისტო
დინამო (თბ)-გურია
შუქურა-ჩიხურა
ლოკომოტივი-ტორპედო
"ცხინვალი" ისვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან კარგი მეკარეა!!! დილას ყავდა კიდევ სკენდერი ისიც ძალიან მაგარი იყო)) დინამომ ხომ ვერ შეარჩია შესაფერისი ვინები მოყავს ვინ არის სკაუტი მისი ვაბშეეე))))
0
0
ეეჰ... 4-ჯერ წყვილ-წყვილად მგონი 8 არის და ინფორმაციით 6 გამოდის გაფრთხილებული... არა, 5, რადგანაც მსაჯმა ეტყობა მაყურებელიც გააფრთხილა, რადგან სარდალიშვილი არც ერთი გუნდის შემადგენლობაში არ ჩანს... ეს რა უბედურება გვჭირს... რიმ-დარი-რა..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული