გამარჯვებისკენ სწრაფვა მასპინძლებმაც გამოავლინეს და სტუმრებმაც, რასაც მათ ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ორივეს შესრულებით ისეთი ხარისხიანი ფეხბურთი ნამდვილად არ გვინახავს, რომ რომელიმე მათგანს სამი ქულა დაემსახურებინოს.
ნამატჩევს "დინამოს" თავკაცმა კახა კაჭარავამ თქვა, ოპტიმალური შემადგენლობის მისაგნებად და გუნდის სასურველ ფორმაში შესაყვანად დაახლოებით
რაც შეეხება "ზესტაფონს", რა თქმა უნდა, მისი წევრებისთვის უკეთესი იქნებოდა, რუსთავის "ოლიმპის" წაფორხილებით ესარგებლათ, მაგრამ სატურნირო ცხრილის შეხედვა მათ ცუდ განწყობას არ უნდა უქმნიდეთ. "დინამოს" მსგავსად, "ზესტაფონის" თამაშიც შორს იყო ოპტიმალურისგან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გია გეგუჩაძეს გუნდის ბირთვი არ შეუცვლია, უფრო თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმერული კლუბი ლიდერისთვის შესაფერისად მალე ათამაშდება.
"სპარტაკთან" ჩატარებული უსახური მატჩის შემდეგ "დინამოს" განაცხადში ცვლილებები მრავლად მოხდა და სჯობს ამაზე კონკრეტულად ვთქვათ. სასტარტო თერთმეტეულში ერთბაშად ხუთი კაცი შეიცვალა: კარში მიკროტრავმამოშუშებული გიორგი ლორია დაბრუნდა, დაცვის ცენტრში "სპარტაკთან" არადამაჯერებლად მოთამაშე ირჟი ჰომოლას ნაცვლად გივი კვარაცხელია გაამწესეს, ედნილსონმა და ნიკა კვეკვესკირმა ძირითადიდან სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს და "დინამოში" დებიუტი ზურაბ არზიანს ჰქონდა, სულ ცოტა ხნის წინ დუბლშემადგენლობაში მოვარჯიშე დონალდ ჯუისი უცებ სასტარტოში აღმოჩნდა, ცენტრფორვარდის ერთადერთი პოზიცია კი დიმიტრი ტატანაშვილის ნაცვლად "ვოლგადან" გადმოყვანილმა პეტარ იელიჩმა დაიკავა, რომალსაც ასევე ქართული დებიუტი ჰქონდა. ჰომოლა, შოთა კაშია და ნიკა ფირცხალავა "დინამოს" განაცხადში მიკროტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.
რაც შეეხება "ზესტაფონს", მას ჩემპიონატის მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩში ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი აკლდა – გიორგი ხიდეშელი, რომელსაც ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად, დისციპლინის დარღვევისთვის მისჯილი სანქციის ვადა უკვე გაუვიდა, გაციებულია, ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა კი კლუბმა ჯერ განაცხადში ვერ შეიყვანა. დაცვის ცენტრში გამოცდილ გიორგი ონიანს ახალგაზრდა მამუკა კობახიძე შეუწყვილდა. "ზესტაფონის" შემადგენლობაში ასევე ვერ ვიხილეთ ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც კლუბთან კონტრაქტს სავარაუდოდ დღე-დღეზე გააფორმებს.
სამწუხაროდ, თვით შეხვედრაზე იმდენიც კი არაა მოსაყოლი, რამდენიც მეტოქეთა წინასამატჩო მდგომარეობაზე ვთქვით. შესაძლოა, თამაშის მდარე ხარისხის ერთ-ერთი მიზეზი ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი და თოვლისგან კიდევ უფრო დაზიანებული ეროვნული სტადიონის გაზონი იყოს, მაგრამ ჩემპიონობის პრეტენდენტებისგან მაინც უფრო მეტს ველოდით.
გუნდებს ბურთის ფლობის მაჩვენებელი დაახლოებით თანაბარი ჰქონდათ. საგოლე მომენტი ბევრი არ ყოფილა, თუმცა პირველ ტაიმში დაწინაურებასთან უფრო ახლოს "დინამო" იყო. მე-17 წუთზე რობერტინიო დასარტყამ პოზიციაზე გავიდა, ლაინსმენმა ალამი ასწია, მაგრამ არბიტრმა მისი მოსაზრება არ გაიზიარა და თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა.
ბრაზილიელის დარტყმა უზუსტო გამოდგა. ერთ წუთში ჯუისი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ უფანტაზიოდ დაარტყა და როინ კვასხვაძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. შოთა გრიგალაშვილის ჩახვეული ბურთი კი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.
შესვენებამდე "დინამოს" ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება "სპარტაკის" კარში გატანილი ეფექტური გოლის ავტორმა სემირ ჰაჯიბულიჩმა ვეღარ შეძლო. ერთი შეხედვით, ბოსნიელი სერიოზულად არ დაშავებულა. ასევე ტრავმის გამო "ზესტაფონს" მეორე ნახევარში თორნიკე გორგიაშვილი გაუხდა შესაცვლელი და არც მისი დაზიანება ჩანდა საგანგაშო. საერთოდ, თამაში ხისტი გამოდგა, რის გამოც სამედიცინო შტაბების წარმომადგენლები საქმეში ხშირად ერთვებოდნენ.
ბარემ მეორე ტაიმში შექმნილი ორადორი რეალურ მომენტიც გავიხსენოთ. 71-ე წუთზე მარკო მაროვიჩი მარცხენა ფლანგიდან შეტევაში კარგად ჩაერთო და ალექსანდრე კოშკაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, "დინამოს" კაპიტანმა კი მიზანს ააცილა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გელაშვილის ძლიერი დარტყმისგან "დინამო" ლორიამ და ძელმა ერთობლივად იხსნეს.
თავიდან ორივე გუნდი თითო გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობდა. თუკი კაჭარავა ბოლომდე ამ ტაქტიკის ერთგული დარჩა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში გეგუჩაძემ უფრო თამამი შეცვლები გააკეთა და არცთუ გამორჩეული წინამძღვრიშვილის ნაცვლად საქმეში გელაშვილი-დვალის ნაცადი დუეტი ჩართო. სწორედ მათი დამსახურებაა, "ზესტაფონმა" შეხვედრის დასკვნითი ნაწილი "დინამოზე" უკეთ რომ ჩაატარა და გამარჯვებამდე მცირედი რომ დააკლდა. აი იელიჩი კი თითქმის შეუმჩნეველი იყო, თუმცა ეს მხოლოდ მისი ბრალი არაა – "სპარტაკთან" მატჩში ანალოგიურად უქმად იყო ტატანაშვილი და ვფიქრობთ, ეს ფაქტი ამ თავდამსხმელებზე კი არა, "დინამოს" შეუთამაშებელი და ჩამოუყალიბებელი ნახევარდაცვის ბრალია, რომელიც ფორვარდებს ჯერ სათანადოდ ვერ "ასაქმებს". თავი დიდად ვერც "ზესტაფონის" შუა ხაზმა გამოიჩინა, "დინამოცა" და "ზესტაფონიც" თამაშის გამწვავებას უფრო ფლანგელების ხარჯზე ახერხებდნენ.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი ჭიაბრიშვილი წარმოადგენდა, რადგან გია გეგუჩაძეს სიცხე აქვს და ამის გამო ვერც თამაშისას აქტიურობდა.
კახა კაჭარავა: "დინამოსა" და "ზესტაფონის" დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა. პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე ნახევრით კი უკმაყოფილო ვარ. ბუნებრივია, ორ თამაშში დაკარგული ოთხი ქულა არასახარბიელო შედეგია, მაგრამ ახალწვეულებს გუნდთან შესაგუებლად გარკვეული დრო, დაახლოებით სამი-ოთხი თამაში სჭირდებათ".
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, სადაც ჩვენი გეგმების განხორციელება მეტ-ნაკლებად შევძელით. არც კმაყოფილები ვართ და არც უკმაყოფილოები, შეხვედრის შედეგი კი უდავოდ ლოგიკურია. კარგი იქნებოდა, შეცვლებით უფრო დროულად გვესარგებლა. ჩვენი მთავარი მიზანი რომელიმე კონკრეტული მატჩის მოგება კი არა, საქართველოს ჩემპიონობაა, რის მიღწევასაც რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი სჭირდება."
დინამო-ზესტაფონი 0:0
19.02. თბილისი. ეროვნული. 800 მაყურებელი
4-4-1-1
დინამო ზესტაფონი
4-4-1-1
ლორია რ. კვასხვაძე
კაკუბავა ალადაშვილი
თომაშვილი მ. კობახიძე
გ. კვარაცხელია გ. ონიანი
მაროვიჩი ელიავა
რობერტინიო დაუშვილი
არზიანი გორგიაშვილი
ჰაჯიბულიჩი გრიგალაშვილი
ჯუისი ბაბუნაშვილი
კოშკაძე აფციაური
იელიჩი წინამძღვრიშვილი
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
კ. კაჭარავა გ. გეგუჩაძე
''დინამო''
42. ჰაჯიბულიჩი – ედნილსონი
51. არზიანი – კვეკვესკირი
73. რობერტინიო – კახელიშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ხმალაძე, თექთურმანიძე, ტატანაშვილი
''ზესტაფონი''
57. გორგიაშვილი – ბენაშვილი
76. წინამძღვრიშვილი – გელაშვილი
82. აფციაური – დვალი
სათადარიგოები: მეშველიანი, გ. ფოფხაძე, ჭანკოტაძე, ს. ლომია
გაფრთხილება: აფციაური (18), გ. ონიანი (64), ბაბუნაშვილი (90)
არბიტრი: თ. გვანცელაძე.
.