რევოლუცია "ზუგდიდში": უკრაინელები მოვიდნენ, ოთარ გაბელია წავიდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ვიქტორ დოგადაილო
"ზუგდიდში" დიდი ცვლილებებია. კლუბი ამის შესახებ არაფერს იუწყებოდა, მაგრამ უკრაინული მედიის ცნობით, ცნობილი სპეციალისტი ვიქტორ დოგადაილო "ზუგდიდში" ჯერ მთავარი მწვრთნელის, ოთარ გაბელიას ასისტენტი გახდა, გუშინ კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლობა დააკისრეს.

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. საქმე ისაა, რომ "ზუგდიდის" აქციათა 51 პროცენტი უკრაინელებმა იყიდეს და მათ გაბელიას სპორტული დირექტორობა შესთავაზეს, მაგრამ ბატონმა ოთარმა უარი განაცხადა. მე დირექტორი ვიყავი და გენერალური დირექტორის პოსტზე დამნიშნეს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად კი დოგადაილო იმუშავებს.

უახლოეს დღეებში სერგეი ლიუტი ჩამოვა, რომელიც დოგადაილოს
დაეხმარება. ამას გარდა, მათ 5 ახალი ფეხბურთელიც მოიყვანეს", - გვითხრა "ზუგდიდის" აწ უკვე ახალმა გენერალურმა დირექტორმა გელა ინალიშვილმა.

ვიქტორ დოგადაილო ცნობილი უკრაინელი სპეციალისტია. დიდ დონეზე არ უთამაშია, სამწვრთნელო საქმიანობაში კი წარმატებული იყო: მუშაობდა უკრაინის ასაკობრივი (16, 19 და 23-წლამდელთა) ნაკრებების მწვრთნელად, იმავე როლში იყო ოდესის "ჩერნომორეცსა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგში". დამოუკიდებლად საქმიანობას კი 2009 წლიდან შეუდგა და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ყაზახურ "კაზახმისში", ჩერნიგოვის "დესნაში", ყაზახურ "ოკჟეტპესში", 2015-16 წლებში კი ბელცის (მოლდოვა) "ზარიას" წვრთნიდა, რომელიც წლეულს ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

ის უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრია, წლების წინ კი მსაჯობდა და ეროვნული კატეგორიის არბიტრიც გახლდათ.

დოგადაილომ უკვე მიიწვია სერგეი ლიტოვჩენკო, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 28 წლის მეკარე აქამდე დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა.

საფრანგეთის მოქალაქეა ბამბა ჰუსენი, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია. საინტერესოა, რომ ზუგდიდელთა ახალწვეულებში რამდენიმე მოთამაშე ბოლოს მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ბელცის "ზარიაში" გამოდიოდა.

მაგალითად, მათი მოყვანილია აბდულ აზიზ დინ-კონტეჰი - სიერალეონელი მარცხენა მცველი, რომელიც 2006-10 წლებში ლონდონის "ჩელსის" საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა და "არისტოკრატების" ასაკობრივ გუნდებში (მათ შორის, 21-წლამდელებში) თამაშობდა, იყო ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების (U16, U19) წევრი, 2010-13 წლებში კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, თუმცა ერთხელაც არ უთამაშია. საინტერესოა, რომ ბოლოს ისიც ბელცის "ზარიაში" მოხვდა.

ზუგდიდელთა ახალწვეულებში ერთი ესპანელიცაა - 19 წლის უნივერსალი (მცველი/ნახევარმცველი) ედგარ კაპაროსი, რომლის მენეჯერიც გიორგი დემეტრაძის ყოფილი აგენტი დმიტრი სელიუკია. ისიც "ზარიაში" თამაშობდა, ესპანეთში კი "ჟირონას" (სეგუნდა დივიზიონი) იუნიორებში გამოდიოდა.

ოლექსანდრ ერმაშენკო თავდამსხმელია და უკრაინის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. ბოლოს ისიც მოლდოვურ "ზარიას" ღირსებას იცავდა.

ამას გარდა, გელა ინალიშვილმა ისიც გაგვიმხილა, რომ უკრაინელები კიდევ 4 ახალი ფეხბურთელის ჩამოყვანას გეგმავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ისევ თავიიდან ყველაფერი. ასე უაზროდ გასხვისება სახელმწიფო ქონების როგორ შეიძლება. არიქა გორი უნდა აჩუქონ ებრაელებს, ქუთაისი მერამდენედ გააჩუქეს. შედეგი არ არის.
afera
07:17 19-08-2016
0
ეს გააკეტა ფოტმა, კარტველები გაყარეს, სული და გული ჩადეს უგულოდ გუნდი დატოვეს, და მოიყვანეს მესამე ცარისხის ფეხბურთელები, ბევრად უარესები, რიტ ჯობია, ამიტომ არ ვივლი ამ ფეხბურზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული