გელა სანაია: ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა, ჩვენ ფეხბურთიც ვითამაშეთ...

AutoSharing Option
20 აგვისტოს, ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" ფოთის "კოლხეთმა" ადგილობრივი "სიონი" 2:0 დაამარცხა, პატარა სენსაცია "გამოაცხო" და გასვლაზე ნაჩვენები 100-პროცენტიანი შედეგით, "წითელ ჯგუფში" მე-2 ადგილზეა.

ეს არ იყო ის მატჩი, რომელზეც ვიტყოდით - ფოთელებს "გაუვარდათო". სტუმრები მეტოქეს საკუთარ საჯარიმოზე პრესინგით ზღუდავდნენ, უფრო ორგანიზებულად და დისციპლინირებულად გამოიყურებოდნენ და მწვავედაც უტევდნენ.

ეს გამარჯვება "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას დიდი დამსახურებაა. "ლელომ" მას ეს დაუფასა კიდეც - სანაიას, სოსო ფრუიძესთან ("ჩიხურა") ერთად, III ტურის სიმბოლური
ნაკრები "ჩააბარა".

- უმაღლესი ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ცხადია, კოლხების დამრიგებელი ბოლო ტურში მოგებით გახარებულია, მაგრამ თავს დამშვიდების უფლებას არ აძლევს.

"მესმის, რომ ძნელია, ირწმუნო იმ გუნდის, რომელიც ბიუჯეტით სხვებს ვერ აღემატება. მე "სიონთან" მხოლოდ მოგებამ როდი გამახარა - ჩვენ არა მარტო ვიბრძოლეთ, არამედ ფეხბურთიც ვითამაშეთ - გააზრებული და ლამაზი ფეხბურთი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით, ჩვენი სელექცია, საკადრო პოლიტიკა და მომზადება ამართლებს, მაგრამ წინ კიდევ 19 ტურია და წარმატებულმა სტარტმა არ უნდა მოგვადუნოს", - ამბობს სანაია.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კოლხები მეტოქეს პრესინგს მისსავე ნახევარზე ეთამაშებოდნენ. კითხვაზე - ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად მოამზადა თუ გარისკა, სანაია გვპასუხობს:

"ბათუმის "დინამოსთან" ფოთში 0:5 წავაგეთ და უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ჩვენს გულშემატკივარს იმხელა ტკივილი მივაყენეთ, რომ მათ წინაშე ბოდიში გვქონდა მოსახდელი.

მიმაჩნია, რომ ბოლნისში მოგებით ჩვენ ეს მოვახერხეთ და ხასიათი თავადაც გამოვიკეთეთ. ცხადია, ფიზიკურად საუკეთესოდ მომზადებულები არ ვართ, მაგრამ მოგების იმხელა სურვილი გვქონდა, ბევრი რამ ამის ხარჯზე შევძელით.

იმედია, სანაკრებო პაუზას ნაყოფიერად გამოვიყენებთ და ფეხბურთელები კონდიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებენ".

საინტერესოა, რომ გუშინ ფოთელებმა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ ეტაპზე "ჭიათურა" სტუმრად (ისევ სტუმრად!) 3:0 დაამარცხეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდით ბიჭებო. თქვენთან ვართ გამარჯვებებიი.
კახა
10:38 26-08-2016
0
ჯერჯერობით, ჩვენი სელექცია, საკადრო პოლიტიკა და მომზადება ამართლებს, მაგრამ წინ კიდევ 19 ტურია და წარმატებულმა სტარტმა არ უნდა მოგვადუნოს", - ამბობს სანაია.------------------------საიდან 19 ტური? ინტერვიუს ჩაწერაც არ გეხერხებათ? 9 ტურია , 9 , 9 , ისწავლეთ თვლა ან კალკულატორის ხმარება
Guadua
14:00 24-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული