13:33 29-08-2016
დილა-სიონი 2:1 - გამცემლიძემ ერთი ქულაც არ გასცა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც მან "ლელოს" უთხრა, არმაზ ჯელაძე გუნდიდან არ წასულა, უბრალოდ, თავად აპირებს აქტიურად ჩაერთოს სამწვრთნელო საქმეში და ჯელაძის ასისტენტი იყოს...
ბურდულს სანერვიულო დებიუტიდანვე არ მოჰკლებია. ჯერ კიდევ მე-2 წუთზე მისი გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა. გოლი თემურ ღონღაძის (ის ამ დღეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე) მიერ საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც ბურთს ვერც ირაკლი მოდებაძე შესწვდა, ვერც "სიონის" გოლკიპერი სოსლან ნანიევი და პირდაპირ კარში აღმოჩნდა - 1:0.
პრობლემები "დილასაც" ჰქონდა - დაცვის ხაზს დააკლდნენ ტრავმირებული გიორგი ქარქუზაშვილი და დისკვალიფიცირებული ალექსანდრე კვახაძე. ამის გამო უჩა სოსიაშვილმა გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა, რამაც უკანა ხაზი კი გაამაგრა, მაგრამ ლევან ნონიკაშვილი შეტევას მოაკლო და იძულებული გახდა, მეორე ტაიმში ჩვეულ პოზიციაზე დაებრუნებინა.
ნაადრევი გოლის შემდეგ "სიონმა" შეუტია მეტოქეს და მალე გიორგი ჯანელიძის დარტყმულით კინაღამ იხეირა კიდეც - ბურთს მცველი გადაეფარა. მაგრამ სტუმართა აქტიურობას უკვალოდ არ ჩაუვლია: მე-14 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ირაკლი ძარიას მიერ შესრულებული 11-მეტრიანი გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია (მასპინძელთა გოლკიპერი მთელი მატჩის განმავლობაში საიმედო იყო), მაგრამ დამატებაზე ყველას ისევ ძარიამ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა - 1:1.
ახლა უკვე ამ ანგარიშით უკმაყოფილო "დილამ" გამოიღო ხელი. გორელები უტევდნენ, თუმცა "სიონი" მწყობრად იცავდა თავს. ბოლნისელი უკანახაზელები საიმედოდ მეურვეობდნენ სოსიაშვილის გუნდის მთავარ მეგოლე მოდებაძეს და მის უკნიდან მოქმედ იანივ მიზრახს. ეს ებრაელი ლეგიონერი შაბათს პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და ისევე გამოიყურებოდა, როგორც მისი თანამემამულე ინვესტორები - "დილას" შესაძენად რომ აქტიურობენ, მაგრამ საქმეს თავი ვერა და ვერ დაედგა.
მიზრახი სულ იხსნებოდა, მოძრაობდა, თუმცა თანაგუნდელებთან შეთამაშება ჯერჯერობით აკლია. გორელთაგან შუა ხაზში კარგად მოქმედებდა თენგიზ წიქარიძე. მან ტაიმის მიწურულს კარიდან სამიოდ მეტრში მყოფ მოდებაძეს თავზე დაასვა ბურთი, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმა ვერ აღმოჩნდა ზუსტი.
წიქარიძემ შორი და საშუალო დისტანციებიდან თავადაც სცადა გატანა, მაგრამ არც ამ სახიფათო მცდელობებს მოჰყოლია შედეგი.
შესვენებისას მოედანზე რიოს ოლიმპიადის გორელ ტრიუმფატორებს - ლადო ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს უხმეს. მაყურებელი მათ ოვაციითა და სიყვარულით მიესალმა. გორის "დილას" ხელმძღვანელობამ კი ისინი სიმბოლურად გუნდის მაისურებით დააჯილდოვა...
მეორე ტაიმში ტემპმა მოიმატა. "დილა" უფრო მეტს უტევდა, სტუმრებს კი, რა გასაკვირია და, ანგარიშის შენარჩუნების სურვილმა სძლიათ. მართალია, ბოლნისელები კონტრშეტევებზე უარს არ ამბობდნენ, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
საერთოდ, ჟინი და შემართება არცერთ გუნდს არ დაეწუნებოდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. იქვე, მოთამაშეთა ჭარბმა ემოციამ ერთხანს მოედანზე ვითარებაც დაძაბა, რასაც ზედ ზოგიერთ ეპიზოდში არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებებიც დაერთო...
მატჩის მიწურულს მოდებაძემ, წიქარიძის პასით, ახლო მანძილიდან თავური მცირედით ააცილა, თუმცა ცოტა ხანში მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი - მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მოედნის სიღრმიდან გრძელი გადაცემა სწორედ კაპიტანმა მიიღო და იქვე მყოფ ალექსანდრე გამცემლიძეს დასარტყმელად დაუგორა, გამცემლიძემ კი ერთი ქულის გაცემის უფლებაც არავის მისცა და "სიონი" შინ ხელცარიელი გაუშვა - 2:1.
მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი): "მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის და გულშემატკივარს - მხარდაჭერისთვის...
ჩვენი სწრაფი გოლი მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის და მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. პირველი ტაიმი დაძაბული, მეორე კი უფრო რთული აღმოჩნდა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ჩვენ მეტს ვუტევდით, შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თან კარგი სანახავიც იყო. ბოლოს ჩვენ გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ. ეს 3 ქულა ჩვენთვის მეტად საჭირო იყო".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური. "წითელი ჯგუფი"
27.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 ღონღაძე (2), 1:1 ძარია (14), 2:1 გამცემლიძე (90+3)
დილა: ბეგაშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, ლომიძე, ღონღაძე, ნონიკაშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გამცემლიძე, მიზრაჰი (70. ერისთავი), მოდებაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კაკულია, ა. ჯანელიძე, ჩახვაშვილი, კურმაშვილი, ელიაური
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სიონი: ნანიევი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (76. ვოლკოვი), კობახიძე (67. უგულავა), ძარია, სანტოს ფერნანდესი, გ. ჯანელიძე (90. ვაჩაძე).
სათადარიგოები: ილიუშჩენკოვი, ფოფხაძე, სიხარულიძე, ლობჟანიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: ნონიკაშვილი (76), ერისთავი (84), გამცემლიძე (90+4)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თქვენ გენაცვალეთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული