ამ ყველაფერზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში 10 აგვისტომდე შესვენებაა გამოცხადებული: საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს სექტემბრის დასაწყისში ხომ ოფიციალური მატჩები ელოდებათ.
ისევ კომპრომისის გარეშე
ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ ერთმანეთზე საინტერესო მატჩები უნდა გამართულიყო, მართალია, სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო ყველას აქვს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი გუნდისათვის ნოემბერში ძალიან ბევრი რამ დაგვიანებული აღმოჩნდეს. ჰოდა, თუ გადახედავთ სატურნირო ცხრილს, ორივე ჯგუფში რამდენიმე სიურპრიზსაც აღმოაჩენთ.
კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ ყველაფერზე თვის შეჯამებისას ვისაუბრებთ, მანამდე კი ხაზი გვინდა გავუსვათ IV ტურის უკომპრომისობასაც (არც ერთი ფრე!) და იმასაც, თუ როგორი დრამატული სცენარით მიმდინარეობდა გასული ტურის, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრა.
აბა, დრამატული არ უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტ(ებ)ს, როცა ტურში დანიშნული ხუთი პენალტიდან სამი გაცუდდება?!. თანაც, აქედან ორ შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, იმ კონკრეტული მატჩის ბედიც გადაწყდა...
პენალტების თემა
დღესდღეობით ჩემპიონატში ხუთი გუნდია, თამაში რომ არ მოუგია და მათ შორის ერთ-ერთი "გურიაა", ისედაც ძლიერ "თეთრ ჯგუფში" ბოლო ადგილზე რომ იმყოფება. ამ ტურამდე "გურიას" გოლიც არ ჰქონდა გატანილი, არადა, ამის ჩინებული შანს(ებ)ი წინა ტურშიც ჰქონდა, მაგრამ ერთ მატჩში უკრაინელმა ევგენი მოროზენკომ ვერ გამოიყენა პენალტი, მეორეში კი - ბრაზილიელმა დინიზმა! თუმცა, ლანჩხუთელთა ნავსიანობა კიდევ გაგრძელდა: "ლოკომოტივთან" საგარეო მატჩში ამჯერად გია ჩადუნელმა ვერ შეძლო პენალტის გატანა (მასპინძელთა მეკარეს, რევაზ თევდორაძეს ვარ აჯობა)! ანუ, "გურიას" სასარგებლოდ სამი პენალტი დაინიშნა და სამივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა...
მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა "ტორპედოს" წარუმატებელი ასპარეზობაა: სეზონის წინ გუნდში (ისე, როგორც - კლუბში) ხომ უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა, მაგრამ ჩვენგან ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ "ტორპედოს" თამაშიც არ მოუგია და გოლიც არ გაუტანია!
არადა, ამ ნავსის გატეხვასთან "ტორპედო" ძალიან ახლოს იყო გასულ ტურში, მაგრამ "იმერულ დერბიში", "ჩიხურასთან" პრინციპულ მატჩში, 0:0-ზე, ქუთაისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ტუღუშმა... პენალტი ვერ გამოიყენა: სტუმართა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი კლასი და ისიც, რომ მისი ჩამოყვანით "ჩიხურას" მშვენიერი სატრანსფერო გემოვნება აღმოაჩნდა, განსხვავებით სხვა გუნდებისაგან..
პენალტების თემას ვაგრძელებთ და კიდევ ერთი გაცუდებული პენალტიც უნდა ვახსენოთ: "სიონის" გამოცდილი ნახევარმცველის, ირაკლი ძარიას მიერ შესრულებული 11-მეტრიანი "დილას" მეკარემ, გიორგი ბეგაშვილმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ისევ ირაკლი ძარიამ დაასწრო და თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლიც გაიტანა.
პენალტი ზუსტად როგორ უნდა შესრულდეს, ეს გამოცდილ ფეხბურთელებს უნდა ჰკითხონ: 31 წლის ჯაბა დვალმა ("ცხინვალი") და 36 წლის დავით ბოლქვაძემ ("კოლხეთი") ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანებით უდიდესი წვლილი შეიტანეს თავიანთი გუნდის წარმატებაში.
უკრაინული დესანტი და ახალი ლეგიონერები...
ჩვენს ჩემპიონატში ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, დიდი შანსია, რომ ლამის ყოველ ტურში მოგვიწიოს უკრაინელ ახალწვეულთა წარდგენა. ასე მოხდა პირველ ტურშიც, მეორეშიც, მესამეშიც და ახლაც: საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ორ უკრაინელ მწვრთნელსა და ერთ უკრაინელ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმირ ლიუტი რომ დაინიშნა, "ლელო" ამაზე უკვე წერდა. ეგ კი არა, დნეპროპეტროვსკის "დნეპრისა" და გერმანული "შალკეს" ყოფილმა ცენტრფორვარდმა ამ ტურამდეც მოასწრო "ზუგდიდის" დამოძღვრა, როცა თასის პირველ ეტაპზე მისი ახალი გუნდი სტუმრად დამარცხდა პირველლიგელ "ჩხერიმელასთან".
წარუმატებელი გამოდგა ლიუტისათვის აქაური სადებიუტო მატჩი ჩემპიონატშიც: "ზუგდიდმა" ვერც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეძლო პირველი ქულ(ებ)ის აღება და მშვენიერ ფორმაში მყოფ ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდა.
ასევე წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთ უკრაინელ სპეციალისტს, ოლეგ ლეშჩინსკის, რომლის ხელმძღვანელობითაც მოასპარეზე "გურიამ" სტუმრად წააგო "ლოკომოტივთან"...
...ისევ "ზუგდიდს" დავუბრუნდეთ, გასულ ტურში, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც 7 (შვიდი!) ლეგიონერი იყო და ამათგან ოთხმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში: 26 წლის ფუსენი ბამბამ (გვინეა), 19 წლის ედგარ კაპაროსმა (ესპანეთი), 28 წლის სერგეი ლიტოვჩენკომ (უკრაინა) და აგრეთვე, ჩვენმა თანამემამულემ, 23 წლის ბადრი აქუბარდიამ, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლავთ.
თუმცა, ახალი ლეგიონერების თემა ამით არ ამოწურულა: საქართველოს ჩემპიონატში ასევე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს "შუქურას" 24 წლის ახალწვეულმა გოდვინ კონიეჰამ (ნიგერია) და "საბურთალოს" 20 წლის ახალწვეულმა ვაგნერმა (ბრაზილია).
ტურის რჩეულნი
ბათუმის "დინამოს" ასპარეზობა ამ გარდამავალ ჩემპიონატში მართლაც ქებას იმსახურებს: ლევან ხომერიკის დამოძღვრილი გუნდი 4 ტურის მერე კვლავაც დაუმარცხებელია და სრულიად დამსახურებულად ლიდერობს კიდეც "წითელ ჯგუფში". ბათუმელთა გუნდის წარმატებაში კი ლომის წილი მიუძღვის თეიმურაზ შონიას: 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ამჯერადაც შეძლო თავის გამოჩენა და უკვე მე-5 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში შონია ერთადერთი ფეხბურთელია, ყველა ტურში რომ შეძლო გოლის გატანა და "ჩიხურას" ახალწვეულთან, საბა ლობჟანიძესთან ერთად, 5 გოლით ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს.
საბა ლობჟანიძეს შესაშური შედეგიანობაც ცალკე აღნიშვნის ღირსია: შეგახსენებთ, რომ ეს 21 წლის გარემარბი (გნებავთ, შემტევი ნახევარმცველი) "ჩიხურაში" სეზონის წინ იჯარით გადავიდა თბილისის "დინამოდან" და დროის მოკლე პერიოდში საჩხერელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ საბა ლობჟანიძემ ზედიზედ მეორედ შეძლო "დუბლის" შესრულება და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეიმურაზ შონიასთან ერთად ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.
შონიასა და ლობჟანიძის ასეთი შედეგიანი თამაში, შესაძლოა, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყოს, სამაგიეროდ, "ჩვეულებრივ ამბად" უნდა მივიღოთ ჯაბა დვალის მორიგი გოლ(ებ)ი საქართველოს ჩემპიონატში: "ცხინვალის" გამოცდილმა ახალწვეულმა "დუბლი" შეასრულა და თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილიც შეიტანა.
ისე, კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "ცხინვალმა" მართლაც "ექვსქულიანი მატჩი" მოიგო, ისე, როგორც გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმა": ბათუმის "დინამოს" მსგავსად, ფოთელთა გუნდიც უნდა მივიჩნიოთ მიმდინარე სეზონის კიდევ ერთ სასიამოვნო მოულოდნელობად!
სადებიუტო გოლები და ყოჩაღი შემცვლელები
გასული ტური მხოლოდ იმით არ იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში. ანუ გამოსარჩევი ქართველი ფეხბურთელებიც გვყავს და ამათგან, პირველ ყოვლისა, ისინი უნდა აღვნიშნოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს და ეს გოლები, უმრავლეს შემთხვევაში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. 20 წლის ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი") შეცვლაზე შემოვიდა "გურიასთან" მატჩში, საგოლე გადაცემაც გააკეთა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.
ასევე გამარჯვების მომტანი (თანაც, ბოლო წამებზე!) გოლი გაიტანა "დილას" 18 წლის ნახევარმცველმა ალეკო გამცემლიძემ, თანაც, მნიშვნელობის გარდა, ეს გოლი ეფექტურიც აღმოჩნდა.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვინდა გამოვარჩიოთ: ბათუმის "დინამოს" 18 წლის შემტევმა ნიკა კვანტალიანმა ამ ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა და ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა იყოჩაღა.
ასევე შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა ამ სეზონში თავისი პირველი გოლი "ჩიხურას" 24 წლის გარემარბმა ბესიკ დეკანოიძემ, თანაც საჩხერელთა გუნდის ყველაზე სტაჟიანმა წევრმა ეს გოლი მშვენიერი სოლო-რეიდის მერე გაიტანა...
დაბოლოს, კიდევ ერთ დებიუტზეც: უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი "ცხინვალის" კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 17 წლის ჯაბა კასრელიშვილმა ჩაატარა.
უმაღლესი ლიგა. IV ტური
წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო 1:0
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2
დილა-სიონი 2:1
სამტრედია ისვენებდა
თეთრი ჯგუფი
ტორპედო-ჩიხურა 0:3
ლოკომოტივი-გურია 2:1
შუქურა-ცხინვალი 1:3
დინამო (თბ) ისვენებდა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"