უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: საინტრიგო დერბი

AutoSharing Option
ოქტომბრის დასაწყისში მორიგი სანაკრებო პაუზაა, მანამდე კი უმაღლეს ლიგაში 3 ტური უნდა ჩატარდეს. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ შუა კვირაში (21 სექტემბერს) საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური მატჩებია, სადაც მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი ლიგის 9 გუნდი.

ანუ, ამ სანაკრებო პაუზამდე უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობას ოთხ-ოთხი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს და სწორედ ამ პერიოდშიც გამოჩნდება, თუ რამდენად არის მზად ესა თუ ის გუნდი გარდამავალი ჩემპიონატისთვის.

ახლაც, ამ უქმეებზე ისეთი ტურია, ძალიან დიდი სატურნირო მნიშვნელობა რომ უნდა ჰქონდეს, ფაქტობრივად, ყველა მატჩს; ეგ
კი არა, თითქმის ყველა დაპირისპირებას თან ახლავს გარკვეული ინტრიგა...

თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა. 16:30
ჩიხურა-გურია
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =1 -2, 22:10

"თეთრი ჯგუფის" ლიდერი ამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიგვაჩნია: "ჩიხურა" წაუგებლად ასპარეზობს და მხოლოდ ჯგუფის კი არა, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრება. ყოველ შემთხვევაში, რატომღაც დარწმუნებულნი ვართ იმაშიც, რომ სოსო ფრუიძის გუნდი ამ სეზონის დასრულების შემდეგაც მოიპოვებს ევროტურნირის საგზურს.

"გურიას" კი ბევრად მოკრძალებული მიზანი აქვს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ლანჩხუთელთა გუნდმა პირველი ნაბიჯი წინა ტურში გადადგა, როცა ნანატრი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 ტურია, რაც "გურიას" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი ოლეგ ლეშჩინსკი დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც ლანჩხუთელებმა ერთი მატჩი წააგეს, ერთიც მოიგეს.

17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
14: +8=3 -3, 15:11

შაბათის მატჩებიდან ყველაზე გვიან ქუთაისური დაპირისპირება იწყება, რომელსაც "ექვსქულიანი" დაპირისპირებაც შეიძლება, ვუწოდოთ. მეტიც - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს სამგზის ჩემპიონ "ტორპედოს" ამ ჩემპიონატში ჯერ არ გაუმარჯვია.

აი, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მოუწევს "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩის ჩატარება ამ გუნდის ყოფილ ფეხბურთელს კახა ჩხეტიანს. ჰო, სატურნირო სიტუაცია მართლაც არასახარბიელო აქვს "ტორპედოს", თანაც მომდევნო ტურში ხომ "ქართული კლასიკო" გველოდება...

"ტორპედოს" წარუმატებელი ასპარეზობა გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა. აი, "ცხინვალის" მიზანი კი სეზონის დაწყებამდეც ცნობილი იყო (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება). კახა კაჭარავას გუნდი ჯერჯერობით ურიგოდ არ გამოიყურება, თანაც "ცხინვალმა" თავისი ქულები გასვლით მატჩებში მოაგროვა.

აქვე, "ცხინვალის" ერთ-ერთ ახალწვეულზე ცალკე გვინდა ვთქვათ: ბოლო ტურებია, ჯაბა დვალი მოედნიდან უგოლოდ არ გადის...

17.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
41: +6 =11 -24, 23:60

ეს არის ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტერესო მატჩი და იმის თქმაც შეიძლება, რომ კარგა ხანია, ასეთი ინტრიგა აღარ ჰქონია დედაქალაქურ დერბის. მოდით, ჯერ სატურნირო სიტუაციაზე ვისაუბროთ.

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ამ ჯგუფში მესამე ადგილზე გადავიდა და, ჩვენი აზრით, თავისუფლად შეუძლია სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს ადგილი პირველ სამეულში. მით უფრო, რომ "ლოკომოტივი" ორიოდე დღის წინათ საგრძნობლად გაძლიერდა - ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე.

ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული ვაწაძე, შესაძლოა შაბათსვე ვიხილოთ იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც დაიწყო კიდეც თავისი საფეხბურთო კარიერა...

წინა ტურში "შუქურასთან" ნათამაშებმა ფრემ თბილისის "დინამოს" ამ ჯგუფში გალიდერების შანსი დაუკარგა. ამ ტურიდან მოყოლებული კი იურაი იარაბეკს ზედიზედ სამი ურთულესი მატჩი ელოდება: "ლოკომოტივთან", "ტორპედოსთან" და ლიდერ "ჩიხურასთან".

ვნახოთ, ამ პერიოდში რა შედეგს უჩვენებს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ სექტემბრის სანაკრებო პაუზის მსგავსად, "დინამოში" ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროსაც მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები...

დედაქალაქურ დერბიში ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "დინამოს" მხარეს არის, წინა სეზონშიც ორივე მატჩი რომ მოუგო "ლოკომოტივს". განსაკუთრებით, მეორე წრის შეხვედრა უნდა გამოვყოთ, უაღრესად დაძაბული და ნერვული რომ გამოდგა, არბიტრების რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებით და, რაც მთავარია, "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მცველის რევაზ ჩიტეიშვილის მართლაც სუპერგოლით.

...8 წელიწადია, "ლოკომოტივს" ჩემპიონატის მატჩში არ დაუმარცხებია თბილისის "დინამო". ბოლო გამარჯვება კი 2008/09 წლების სეზონის დასაწყისით თარიღდება, როცა გიორგი კიკნაძის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" ნიკა გუშარაშვილის ერთადერთი გოლით მოუგო რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს".

იმდროინდელი შემადგენლობებიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეიძლება ვიხილოთ შაბათის მატჩში: "ლოკომოტივის" იმდროინდელი მეკარე გიორგი ლომაია დღესდღეობით "დინამოშია", ხოლო "ლოკომოტივის" ამჟამინდელი ახალწვეული მათე ვაწაძე მაშინ "დინამოს" წამყვანი ფორვარდი გახლდათ...

წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:30
დილა-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გიორგი ბეგაშვილი, ლევან ნონიკაშვილი (ორივე დილა)
ურთიერთშეხვედრები
29: +14 =2 -13, 40:38

ამ ტურის კიდევ ერთი საინტრიგო მატჩი გორში უნდა გაიმართოს, სადაც წინა სეზონის მედალოსნები ხვდებიან ერთმანეთს.

"დილა" საშინაო ასპარეზზე ასპროცენტიანი შედეგი აქვს: ორივე მატჩი მოიგო, "სამტრედია" კი, საერთოდაც, წაუგებლად გამოდის ამ სეზონში და ჯერჯერობით ამართლებს კიდეც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს.

ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, მცირე უპირატესობა "დილას" მხარეს არის, თუმცა, წინა სეზონში ორივე მატჩი "სამტრედიამ" მოიგო.

ამ მატჩს სხვა ინტრიგაც ახლავს: "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თავის დროზე "დილას" თავკაცობდა, გორელთა გუნდში მისი კოლეგა უჩა სოსიაშვილი კი რამდენიმე წლის წინ "სამტრედიას" მოძღვრავდა.

ანუ, ეს ახალგაზრდა სპეციალისტები შაბათს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დარაზმავენ თავიანთ ფეხბურთელებს...

17.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:30
დინამო (ბთ)-სიონი
ურთიერთშეხვედრები
40: +16 =10 -14, 47:38

"წითელი ჯგუფის" ლიდერის ყველა მატჩი, რაღა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევს, ოღონდ, ახლავე "შევთანხმდეთ", რომ ლევან ხომერიკის დამოძღვრილი ბათუმის "დინამოს" ასეთი წარმატებული თამაში მიმდინარე ჩემპიონატში, შემთხვევითობად არავინ უნდა შეაფასოს.

ანდა, როგორ შეიძლება "შემთხვევითი" ეწოდოს იმ ფაქტ(ებ)ს, რომ უმაღლეს ჯგუფში (ორივე ჯგუფში) ყველაზე მეტი გოლი სწორედ ბათუმის "დინამომ" გაიტანა და ყველაზე ნაკლებიც ამ გუნდმა გაუშვა! ბათუმის "დინამოს" ლიდერზეც უნდა ვთქვათ: თეიმურაზ შონია ხომ ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე ჩემპიონატში, აქამდე ჩატარებულ ყველა ტურში რომ შეძლო გოლ(ებ)ის გატანა!

...როგორც ბათუმის "დინამოს" ლიდერობა იყო ბევრისთვის მოულოდნელი, ასევე მოულოდნელობად უნდა შეფასდეს "სიონის" წარუმატებელი სტარტიც: ვინ წარმოიდგენდა, რომ ბოლნისური გუნდი ჩემპიონატის დასაწყისში ზედიზედ ოთხ მატჩს თუ წააგებდა?!.

თუმცა, "სიონის" ხელმძღვანელებმა სექტემბრის სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად და ეფექტიანად გამოიყენეს, რამდენიმე ფეხბურთელს შეელივნენ, ახალწვეულებმა კი თავი ჩინებულად წარმოაჩინეს "ზუგდიდთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში და დღესდღეობით "სიონის" მდგომარეობას კატასტროფული ნამდვილად აღარ ეთქმის.

ეგ კი არა, ნურც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის დუეტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" სულ მალე ცხრილის ზედა ნაწილშიც ვიხილოთ...

18.09. ზემო ეწერი. 16:30
ზუგდიდი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები:
2: +0 =0 -2, 0:2

ამ ტურის ერთადერთი მატჩი, რომელიც კვირას გაიმართება და სადაც ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდება; და ეს, იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ ამ გარდამავალ ჩემპიონატში.

...ამ სეზონში ერთადერთი გუნდიღა დარჩა, თამაში რომ არ მოუგია და არავინ იცის, როდემდე გასტანს "ზუგდიდის" ასეთი წარუმატებელი სერია; სამაგიეროდ, იმის განსაზღვრაა ადვილი, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს "ზუგდიდის" მომდევნო წარუმატებლობებს.

არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "ზუგდიდი", ფაქტობრივად, ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, მთავარი მწვრთნელიც უცხოელი ჰყავს (მეორე ტურის მერე), მაგრამ ამ საკადრო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერაფერი შედეგი ვერ მოიტანა.

უცხოელების ნაკლებობას არც "საბურთალო" უჩივის, თუმცა, არც მთავარი მწვრთნელის, პაბლო ფრანკო მარტინის კვალიფიკაცია იწვევს ეჭვს და არც - ამ გუნდის ლეგიონერი ფეხბურთელებისა.

ისე, არ დავმალავთ და ვიტყვით, რომ ამ ჩემპიონატში "საბურთალოსგან" უფრო მეტსაც ველოდით, მაგრამ იმ უამრავ ახალწვეულსაც ხომ დრო სჭირდებოდა ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. სავარაუდოდ, იგივე პრობლემები უნდა იყოს "ზუგდიდშიც"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
gia.
16:21 17-09-2016
ბატუმი მოიგებს.2-0.აი ნახავტ.სამტრედია გორი.0-0.

ხომ მოიგო ბატონო გია, თქვენმა ხბომ ძროხა? :)

ბათუმი-სიონი ფრე 0-0
ლოკო-დინამო ფრე 0-0
ჩიხურამ სრულიად მოულოდნელად წააგო 1-2
სამტრედიამ სრულიად მოსალოდნელად მოიგო 1-2
ტორპედო ვერ მოიგებს (სამწუხაროდ) თუმცა ძალიან მინდა რომ ეს კლუბი არ გავარდეს წელს.
Guadua
19:25 17-09-2016
0
ბატუმი მოიგებს.2-0.აი ნახავტ.სამტრედია გორი.0-0.
gia.
16:21 17-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული