დიმიტრი ტატანაშვილი: აშკარად გავიზარდეთ! ჩემპიონები ასე ხდებიან...

AutoSharing Option
ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურამ" საშინაო შეხვედრა ვერ მოუგო ქობულეთის "შუქურას" და თბილისის "დინამოს" უპირატესობის 4 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. ამის მიუხედავად, პირველობის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, სოსო ფრუიძის გუნდის საჩემპიონო შანსები მაინც უფრო სოლიდურად გამოიყურება.

საჩხერელთა თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდი ოქროს მედლების მოსაპოვებლად გაზრდილია...

- "ჩიხურა" ყოველთვის მეორე როლით კმაყოფილდებოდა. გარდამავალ ჩემპიონატში კი გუნდი აშკარად გარდაიქმნა...
- ახლა "ჩიხურა" ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე შარშან და თუნდაც 2014 წელს, როცა ევროპის ლიგაზე ღირსეულად ითამაშა. ფეხბურთელებიც კარგი გვყავს, გუნდშიც კარგი
ატმოსფეროა და ამას მწვრთნელიც უწყობს ხელს.

- სხვათა შორის, ბევრი მოთამაშის გახსენება შეიძლება, სხვაგან რომ ვერ გამოჩნდა, "ჩიხურაში" კი "გაიხსნა"...
- ეს ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების დამსახურებაა. გუნდში არის დისციპლინა, მაგრამ ეს ზომიერადაა და უაზრობაში არ გადადის. ეს მთავარია. მეორეცაა - ყველამ თავისი საქმე იცის და რადგან გუნდში ვითარება დალაგებულია, ეს ყველაფერზე აისახება - ურთიერთობებზეც და შედეგებზეც.

- "ჩიხურას" ჩემპიონობა, თქვენი აზრით, როგორ შეფასდება?
- ძალიანაც კარგად შეფასდება, რადგან ჩემპიონობას დაუმსახურებლად ვერავინ მოიპოვებს.

- ბევრი ქვეყანაა, სადაც საუკეთესო გუნდი დედაქალაქს არ წარმოადგენს - გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში "რეალს" სულ "ბარსელონა" ეჭიდავება. ეს ამ ჩემპიონატებს ალამაზებს და ინტერესს მატებს. საქართველოშიც არიან თბილისის "დინამოსთან" ტრადიციულად დაპირისპირებული გუნდები, მაგრამ ტიტულებით ჯერ ვერავინ უთანაბრდება. თქვენი აზრით, ასეთი რამ მომავალში მაინც შესაძლებელია?
- მეც ზუსტად მაგას ვამბობ, რომ წლებია, "ჩიხურა" სტაბილურად იზრდება და ეს შედეგებზე აისახა. საჩხერეში უახლოეს წლებში ასეთ გუნდს თუ შეინარჩუნებენ, "ჩიხურა" კიდევ უფრო დიდი კონკურენციას მოახერხებს.

დროა, უფრო მაღალ ადგილზე გადავიდეთ და ასეც ხდება - "დინამოს" უკვე რეალური კონკურენტი ჰყავს და ეს ჩვენს უშუალო შეხვედრებშიც გამოჩნდა. გარდამავალ ჩემპიონატში მასთან 4 ქულა მოვიპოვეთ - საჩხერეში ქულა ავიღეთ, თბილისში კი სულაც მოვიგეთ. ფეხბურთელებს საკუთარი თავის რომ არ სჯეროდეთ, "დინამო არენაზე" ვერ გავიმარჯვებდით. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩვენ გამოცდილი და საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები გვყავს და გუნდური კლასიც აშკარად გაზრდილია. სხვათა შორის, ამაზე "დინამოსთან" მოგების შემდეგ დავფიქრდი.

მაგრამ ტრადიციული კონკურენციის გასაწევად სტაბილური ფინანსური გარემოა საჭირო. საქართველოში კი მეტ-ნაკლებად სტაბილურად ყოველთვის "დინამოს" პატრონობდნენ, რადგან ბრენდია. ჩვენ კი უნდა მივაღწიოთ, რომ მასსავით სტაბილურად წარმატებულები გავხდეთ.

- წლევანდელი ლიდერობა კარგია. ამავე დროს, "ჩიხურა" საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს, არც ერთ ევროსეზონზე მეტოქე საჩხერეში არ მიუღია და ეს ფაქტი გუნდის იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.
- ეს მხოლოდ ჩვენი სატკივარი არ არის. ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად ეს აწუხებს, რომ ბევრ ქალაქში იგივე ხდება - საკუთარ სტადიონზე თამაშს დღემდე ვერ ეღირსნენ ფოთის "კოლხეთი", ბათუმის "დინამო", "ზუგდიდი", თბილისური გუნდების უმრავლესობა "დინამოზე" და "მიხეილ მესხზე" თამაშობს, და ვინც საკუთარ ქალაქში იღებს სტუმარს, მათ შორის, ნორმალური სტადიონი და მოედანი ბევრს აქვს? ეს სერიოზული პრობლემაა.

მაგრამ იმედი მაინც გვაქვს, რომ საჩხერეში სტადიონს გაარემონტებენ და გუნდი საკუთარ ქალაქში ითამაშებს. ვიცით, საამისოდ კონკრეტული ჩანაფიქრიც არსებობს, გვითხრეს, პროექტი მალე განხორციელდებაო. თუკი "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონი გახდება, სტადიონის რეკონსტრუქციას ეს ფაქტიც დააჩქარებს.

- დარჩენილ ტურებში "ჩიხურას" შანსებზე რას ფიქრობთ?
- ჯერ ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნააადრევია, ამიტომ, ყველა შეხვედრაში მობილიზაცია გვესაჭიროება. მაგრამ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რას იზამენ "დინამო" და "ლოკომოტივი" - ქულები არ უნდა დავკარგოთ და დავამტკიცოთ, რომ ლიდერობას ვიმსახურებთ. ჩემპიონები ასე ხდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭკვიანი ბიჭი ყოფილა
ჯოი გაგა
14:11 19-10-2016
0
მიდი ჩიხურ მიაწექი. ალალია თქვენთვის ჩემპიონობა. წინ გამარჯვებებისაკენ.
kaxa
15:38 19-10-2016
0

სიახლეები პოპულარული