ბოლო ტურში "სამტრედიამ" გასვლაზე ბოლნისის "სიონი" 3:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. ამაში ხელი ფოთის "კოლხეთმაც" შეუწყო, რომელმაც სტუმრად სამტრედიელთა მდევარი ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხა.
იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გუნდის წლევანდელ გამოსვლაზე, საჩემპიონო შანსებსა და ზოგადად გუნდზე გველაპარაკა...
- "სიონთან" ურთულესი მატჩი გქონდათ და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეთ. მაგრამ ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი და ჯერ ვერავინ იტყვის, ვინ
- აბსოლუტურად გეთანხმებით, გარდამავალი ჩემპიონატი უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ველოდით. სულ 12 ტური ტარდება და ყოველ ტურში რაღაც იცვლება. "სიონი" ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ სერიოზული ბრძოლა გაგვიმართა. ანგარიშმა არავინ მოატყუოს - რეალურად, ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა და "სიონმა" დიდი ბრძოლა გაგვიმართა. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, თანაბარი თამაში იყო.
საერთოდ, წლეულს სულ ასეთი მატჩებია და ქულის მოპოვებისთვისაც ომის გადატანა გვიწევს. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ ოთხ ტურში კიდევ უფრო მძიმე მატჩები გველის. ახლა ქულები ყველას სჭირდება.
სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში მწვრთნელებს საქმეს სხვა პრობლემაც ურთულებს - საერთოდ, ვალდებულები ვართ, მოწინააღმდეგის თამაში შევისწავლოთ და დაცვასა და შეტევაში მოქმედების ტაქტიკა შევარჩიოთ. გარდა ამისა, ხშირად გვიწევს მოწინააღმდეგის მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებაც.
- ანუ მეტოქესთან ტაქტიკას მოედნების მიხედვითაც ადგენთ?
- რა თქმა უნდა?! ჩემს თავზე მეცინება - მწვრთნელობასთან ერთად, აგრონომიასაც "ვაწვები". სადაც საფარი არ ვარგა, იქ ტაქტიკა მოედნის მდგომარეობასაც უნდა შევუსაბამოთ. ფეხბურთელები უკვე ყველანაირ გარემოზე არიან აწყობილები. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ყველანაირ გარემოს ეგუებიან. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ ჩვენი ჩემპიონატისთვის აჯობებს, ყველა გუნდს კარგი მოედანი ჰქონდეს. საფარი ბოლნისშიც არ ვარგოდა. მაგრამ ეს გუნდის ბრალი არ არის, ზოგადად საქართველოში კარგი მოედნები არ არის, რაც თამაშის ხარისხსაც აუარესებს, მაგრამ გუნდის პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მოედნებსა და სხვა მიზეზებს არ უნდა გადავაბრალოთ.
- ჯგუფში კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
- ორივე იმ გუნდს, რომლებიც მოგვდევენ - ფოთის "კოლხეთს" და ბათუმის "დინამოს". მეორე ჯგუფშიც დაძაბული ვითარებაა და ჯერ ვერავინ იტყვის, პირველ ადგილზე ვინ გავა - "ჩიხურა", "დინამო" თუ "ლოკომოტივი". ფინიშამდე 4 ტური დარჩა და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თასის მატჩის გამო, 8 დღეში 3 შეხვედრის გამართვა გვიწევს.
- ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ. აღდგენების, ვიტამინიზაციისა და სამედიცინო მომსახურების კუთხით "სამტრედიაში" როგორი მდგომარეობაა?
- ისევეა, როგორც ქართული გუნდების უმრავლესობაში. რა თქმა უნდა, ევროპული გრანდების მსგავსად არ გვაქვს, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენც შეძლებისდაგვარად ვფიქრობთ. საერთოდ, რაც უფრო მეტი დაძაბული თამაში იქნება, მით უფრო გაიზრდება გუნდი და ფეხბურთელებიც უფრო დაოსტატდებიან.
- საქართველოს ჩემპიონატის ლიდერობა კარგია, მაგრამ მთავარია, რა იქნება მომავალ ევროსეზონში. მაგალითად, "გაბალას" ან მისი დონის გუნდს კიდევ ერთხელ რომ შეხვდეთ, უფრო დამაჯერებლები იქნებით?
- ევროთასები რთული და მტკივნეული თემაა...
- ...მაგრამ ეს გულშემატკივრის უმთავრესი საფიქრალია...
- ამ თემაზე ორი სიტყვით ვერ ვილაპარაკებთ. ეს ძალიან დიდი და კომპლექსური საკითხია. იცით, უეფას ტურნირებზე ღირსეული გამოსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელების გამოცდილებას და იმას, თუ რა დონის ჩემპიონატში თამაშობენ. ჩემი აზრით, "სამტრედია" ახლა ნამდვილად უკეთესი გუნდია, ვიდრე ზაფხულში "გაბალასთან" იყო. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ გუნდი გაზრდილია. თუნდაც იმიტომ, რომ ევროთასებზე ვითამაშეთ, გამოცდილება შევიძინეთ და ჩვენი პლუს-მინუსები დავინახეთ. მაგრამ დრო გვინდა, რომ ევროთასებზე უკეთ გამოვიდეთ.
ჯერ ჩემი გუნდი არ არის იმ დონეზე, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს.
- გარდამავალი ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება. თქვენი აზრით, გაამართლა ამ ფორმატმა მოლოდინი?
- ახლა ეს როგორ ვთქვა? ამაზე ლაპარაკი მაშინ შემეძლება, როცა მომავალ წელს 10-გუნდიანი ჩემპიონატი დაიწყება. საერთოდ, ფინანსები თუ იქნება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემპიონატი 10-გუნდიანი იქნება თუ 16-იანი. მაგრამ დიდი ფული რომ არ გვაქვს, 10-გუნდიანი პირველობა ამიტომაც სჯობია. პირადად მე კი, ამ რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა მგონია.
- რითი სჯობია ეს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას?
- იმით, რომ ჩვენ ევროსეზონს ფორმის პიკში შევხვდებით და პირველი ეტაპების გადალახვის გაცილებით მეტი შანსი გვექნება, ვიდრე - ახლა. ეს არის მთავარი. ახლა ყაზახური კლუბები ფინანსურადაც საგრძნობლად მოღონიერდნენ და აშკარად გაიზარდნენ. მაგრამ ბოლო ათ წელიწადში ბევრი შეხვედრის გახსენება შემიძლია, როცა მათ არა კლასით, არამედ იმით გვაჯობეს, რომ ფორმის პიკში იყვნენ. ჩვენი გუნდები კი ევროთასებს სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვერ ხვდებოდნენ.
გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ევროგათამაშებისთვის ზედმეტი შეკრება არ დაგვჭირდება, რადგან ჩემპიონატი რომ მიმდინარეობს, ისედაც ფორმაში ხარ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"