13:25 24-10-2016
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4 - "ჩიხურამ" საქართველოს ფეხბურთი გაახსენა [VIDEO]
AutoSharing Option
თუ გავითვალისწინებთ თბილისის "დინამოს" კრიზისსა და აქეთ "ჩიხურას", ხოლო იქით "სამტრედიას" ჩინებულ საბრძოლო თუ სათამაშო კონდიციებს (და ტიტულისთვის ფსიქოლოგიურ მზაობასაც), მაშინ თამამად უნდა ვთქვათ - მათ ნამდვილად დაიმსახურეს, ითამაშონ საჩემპიონო ფინალში!
აბა, რა სიახლეა, რომ საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი არ სწყალობს. მით უფრო ძნელია ხალხის თბილისური გუნდების შეხვედრებზე მოზიდვა. მაგრამ, ვფიქრობ, ფეხბურთის გურმანმა ბევრი დაკარგა, ამ შეხვედრას თუ არ დაესწრო და მიმდინარე სეზონში საჩხერის "ჩიხურას" საუკეთესო თამაში ვერ იხილა.
9 წელია, რაც სოსო ფრუიძე გუნდს აშენებს და 2014 წელს ევროპის ლიგაზე მისი გაბრწყინებაც გვახსოვს. მაგრამ ის "ჩიხურაც" ამჟამინდელთან გაუფერულდება, რადგან თუკი საქართველოში ვინმე თანამედროვე, აზრიან და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ეს უპირველესად საჩხერული გუნდია.
გუშინდელი შეხვედრაც, ერთი შეხედვით, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. "ლოკომოტივში" ლუკა ზარანდია აქტიურობდა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნიდა. მაგრამ "თეთრი ჯგუფის" ლიდერების შეხვედრაში "ჩიხურას" უდავო უპირატესობა გამოჩნდა: ჟერარდ სარაგოსას ხელთ მშვენიერი მოთამაშეებია, რომლებიც ბურთს კარგად აგორებენ, მაგრამ შეტევის ორგანიზება უჭირთ.
საჩხერელებს კი ეტყობოდათ, რომ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ: მცველები "ჩიხურას" შეტევას სწრაფად იწყებდნენ, ნახევარდაცვა იერიშების მიმართულებას ხშირად ცვლიდა და ბურთს არ აყოვნებდა - ამ დროს, შემტევებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და ბურთს ფეხში კი არა, ზონაში ელოდნენ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საჩხერელთა საყრდენი გიორგი განუგრავა და ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი: ისინი, უმთავრესად, ბურთს ერთი შეხებით, დროულად და აზრიანად ანაწილებდნენ და გუნდს დინამიკურად ათამაშებდნენ.
ფლანგებზე საბა ლობჟანიძე (მარცხნივ) და ირაკლი ლექვთაძე (მარჯვნივ) მცველებს ქანცს აცლიდნენ და იმდენად სასარგებლოდ, მწვავედ და აგრესიულად უტევდნენ, "ჩიხურას" ფეხბურთი სასიამოვნო საყურებელი გახლდათ.
სხვათა შორის, "ჩიხურას" თამაშით გაოცება ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ბექა გოცირიძემაც ვერ დამალა - დიდი ხანია, ასეთი თანამედროვე ფეხბურთი ქართული გუნდის შესრულებით არ მინახავსო. ეს არ არის ეროვნული ჩემპიონატის რეკლამა - უბრალოდ, მოულოდნელი და სასიამოვნო ფაქტია.
"ჩიხურა" ერთი შეხებით ისე სწრაფად, ტექნიკურად და ლამაზად თამაშობდა, წარმოუდგენელია, რომ ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდებოდა.
საჩხერელებმა მასპინძელთა ზეწოლა "მაღალი" პრესინგით, მეტოქის საჯარიმოში აქტიური დაპირისპირებით შეაჩერეს და მწვავედ შეუტიეს: 23-ე წუთზე, გორგიაშვილ-განუგრავა-ლექვთაძის კომბინაციას კარის წინ გახსნილი ლობჟანიძე აგვირგვინებდა, რომელიც ბურთს კარგად ვერ შესწვდა, თუმცა, საჯარიმოს ხაზთან ახლოს გორგიაშვილს მიუგორდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და რომ არა რევაზ თევდორაძის მშვენიერი რეაქცია, ანგარიში გაიხსნებოდა.
საჩხერელებმა აბსოლუტურად მსგავსი შეტევა რამდენჯერმე კიდევ განახორციელეს, მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და მალე გოლიც გაუშვეს: განუგრავამ ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე გრიგალაშვილს გადაუმისამართა, რომლის ჩაწოდებული ლობჟანიძემ უმეთვალყუროდ დარჩენილ გორგიაშვილს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი უძლიერესი დარტყმით "ცხრიანი" შეარხია - 0:1.
ზუსტად ერთ წუთში იგივე განმეორდა, ოღონდ, ამჯერად, შეტევა მარცხენა ფლანგზე ლაშა ჩიკვაიძემ განავითარა, ხოლო პენალტის ნიშნულთან ისევ გორგიაშვილი გათავისუფლდა, მაგრამ ამჯერად მიზანს ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სურათი არ შეცვლილა, საჩხერელები მწვავედ უტევდნენ. ლობჟანიძემ მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით გზად 4 მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა - თევდორაძემ (რომელიც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო) ბურთი მოიგერია, დამატებაზე კარის წინ მარტო დარჩენილ ლექვთაძესაც გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
თევდორაძე წლეულს საუკეთესო სეზონს ატარებს და ეს 63-ე წუთზეც გამოჩნდა, როცა გორგიაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
მაგრამ მასპინელთა მეკარეც უძლური აღმოჩნდა, როცა განუგრავამ 20-ოდე მეტრიდან კარში უძლიერესად დაარტყა და საჩხერელთა უპირატესობა ლამაზი გოლით გაზარდა - 0:2.
ასეთმა ანგარიშმა თბილისელთა დამრიგებელი აიძულა, შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ჯერაც ტრავმამოუშუშებელი მათე ვაწაძე, ლუკა კიკაბიძე და დავით სამურკასოვი შეეშვა. ვაწაძემ სხვაობის შემცირება მართლაც მოახერხა, როცა შეტევაში ჩართულმა გიორგი ხიდაშელმა ის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა.
"ლოკომოტივმა" მთელი ძალით შეუტია, მაგრამ საჩხერელებს კიდევ აღმოაჩნდათ რესურსი და მალე ორბურთიანი სხვაობაც აღადგინეს - მარცხენა ფლანგიდან ლობჟანიძემ ბურთი კარში გაგზავნა, მას გიორგი გეთიაშვილი გადაეღობა და... 1:3.
86-ე წუთზე, ლობჟანიძემ ლამის 40 მეტრიდან ჩინებული გადაცემით გრიგალაშვილი საპირისპირო ფლანგზე მოძებნა, საჩხერელთა მცველი კიკაბიძეს გაექცა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, ლოკომოტიველმა რომ წააქცია. არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლობჟანიძემ პანენკა-პირლოს სტილში ეფექტურად შეასრულა და საბოლოო ანგარიშით "ჩიხურას" დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.
ლობჟანიძემ, ისევე, როგორც პირველ წრეში, "ლოკომოტივთან" ამჯერადაც დუბლი შეასრულა, ბომბარდირთა დავაში 8 გოლით დაწინაურდა (7 შეხვედრაში). ხოლო "ჩიხურამ" თბილისის "დინამოსთან" უპირატესობა ისევ 6 ქულამდე გაზარდა და თუკი დარჩენილ 3 ტურში სასწაული არ მოხდა, "თეთრ ჯგუფს" საჩემპიონო ფინალში სწორედ ფრუიძის გაწვრთნილები წარადგენენ.
ხარისხიანი თამაშით მათ ეს დაიმსახურეს.
საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. "თეთრი ჯგუფი"
23.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4
0:1 გორგიაშვილი (29. ლობჟანიძის პასით ), 0:2 განუგრავა (66), 1:2 ვაწაძე (76. ხიდეშელის პასით), 1:3 ლობჟანიძე (84), 1:4 ლობჟანიძე (86-პენ)
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, გ. ფოფხაძე, ზარანდია, კლიმიაშვილი, ქიქავა (67. სამურკასოვი), უბილავა (64. კიკაბიძე), დიასამიძე (59. ვაწაძე), ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ბ. მახარაძე, არდაზიშვილი, ჩიტეიშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, ლექვთაძე (82. კორიფაძე), გორგიაშვილი (88. კაკუბავა), ს. ლობჟანიძე (87. დეკანოიძე), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი, მუმლაძე, გვალია
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: ხიდეშელი (32), დობროვოლსკი (77), კიკაბიძე (86)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩიხურა ტავის სტადიონზე რომ ტამაშობდეს საჩხერეში და არა სოფლის სტადიონზე; მაყურებელი მერე ნახეტ თქვენ, სამტრედიას ასჯერ აჯობეს მაყურებლის რაოდენობიტ
0
0
ყველაზე დიდი მინუსი ჩიხურის მოედნის საფარი არ გვაქვს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული