იმერულ დერბის გორი უმასპინძლებს - ჩხეტიანი და ფრუიძე მომავალ მატჩზე

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის XI ტურში, საჩხერის "ჩიხურა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. თუმცა, "მასპინძლობა" ამ შემთხვევაში მაინც პირობითია, რადგან "ჩიხურა" მეტოქეს ივანწმინდაში ვერ მიიღებს. მოედნის საფარის უვარგისობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ საჩხერელებს საკუთარ არენაზე თამაში აუკრძალა მანამ, ვიდრე პრობლემას არ მოაგვარებს.

"ჩიხურას" ხელმძღვანელობამ იმერული კლუბების დაპირისპირების არენად გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი აირჩია.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მოგების შემთხვევაში, საჩხერელები "თეთრ ჯგუფში" პირველ ადგილს დაიკანონებენ და საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებენ. ქუთაისის "ტორპედოს" კი შანსი ექნება, მე-5 ადგილს დააღწიოს თავი.

"ამ შეხვედრისთვის
განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებით, რადგან ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ჩვენ კი ქულები ჰაერივით გვჭირდება. "ჩიხურა" ძლიერი და კარგად შეთამაშებული გუნდია, დაბალანსებულია და გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვს. ასეთ დროს ლაშა კუჭუხიძის დამატება მახარებს, რადგან ქუთაისელი გამოცდილი და საკმაოდ კარგი მოთამაშეა.

იმედია, დარჩენილ ტურებში დიდ სამსახურს გაგვიწევს. მის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, ახლა ბიუჯეტი ყველა კლუბს გაწერილი აქვს და, ფაქტობრივად, მიზერულ ხელფასზე დაგვთანხმდა.

კუჭუხიძის გარდა, კიდევ ორიოდე მოთამაშის დამატებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა", - ამბობს "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

მას უმაღლეს ლიგაში ქუთაისელების დარჩენის შანსებზეც ვკითხეთ:

"რა თქმა უნდა, მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ არა უიმედო. სეზონის ბოლომდე ასეთი დაძაბულობა იქნება, მშვიდი ცხოვრება გარანტირებული არავის აქვს. დარჩენილი ოთხი მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვითარება ყოველ ტურში ისე იცვლება, ვერ გაიგებ, საბოლოოდ ვინ ვის გადაასწრებს.

ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ, დიდი ალბათობით, პირველ ადგილს "ჩიხურა" დაიკავებს, მეორეზე კი "დინამო" გავა. ესაა და ეს. დანარჩენი 5 ადგილის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. სწორედ ამ გაურკვევლობიდან გამომდინარეა, რომ უიმედოდ არ ვართ.

ჩემპიონატის საწყის ეტაპზე ქუთაისელ გულშემატკივარს გული ვატკინეთ და ვალდებულები ვართ, ახლა მაინც გავახაროთ, კლუბის სახელს და ავტორიტეტს გავუფრთხილდეთ".

"ლელო" საჩხერელთა მწვრთნელ სოსო ფრუიძესაც დაუკავშირდა:

"გორში ურთულესი თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მეტოქე საკუთარ მოედანზე მიგვეღო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციამ თამაში აგვიკრძალა, ლოგიკურია და არც გაემტყუნებათ.

ფედერაციის ხელმძღვანელობა "სამტრედიასთან" სათასო მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ იქ იყო ბრძოლა და არა - ფეხბურთი. მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარტო იმის გამო, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, პრეტენზიას ვერ წამოვაყენებთ.

ასევე მოხდა ფოთის "კოლხეთის" შემთხვევაში, სადაც "პარკი არენის" საფარი არაფრად ვარგა, გამონაკლისი კი არ უნდა არსებობდეს.

კარგ მოედანზე თამაში სიამოვნებაა და ეს თბილისის "ლოკომოტივთან" გამოჩნდა, სადაც გუნდის შედეგზე ამ ფაქტორმაც მოახდინა გავლენა. ასე რომ, სადაც ვითამაშებთ, 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და საჩემპიონო პლეი ოფში თამაში გავინაღდოთ".

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ყოფილი კლუბის სტადიონზე...
ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეა: გუნდის ახალწვეული 24 წლის ლაშა კუჭუხიძეა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ერთი თვეა, რაც თავდამსხმელი "ტორპედოში" ვარჯიშობს, თუმცა სეზონი გორის "დილაში" დაიწყო და განაცხადში მისი შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

ოფიციალურად, მისი გატორპედოელება გუშინ გახდა შესაძლებელი, როცა ფეხბურთის ფედერაციამ სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა" გახსნა. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, კუჭუხიძე პირველ შეხვედრას თავისი ყოფილი კლუბის ("ჩიხურა") წინააღმდეგ ასევე ყოფილი კლუბის ("დილა") სტადიონზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი რა ჯანგო.მართალია მოედნის საფარი არაგვაქვს რატომ და ჩიხურის ცენტრალური სტადიონი.შენ საერთოდ არც გექნება დანახული.გაკეთდება მალე.რაც შეეხება სამტრედიას თქვენს საფარზე საერთოდ ნებისმიერი ფეხბურთელის თამაში კარიერის დასასრულია.მტერს არ ვუსრულებ მაგ საფარზე დამტვრევას.ხომ მართლა ტუალეტი ხომ ადგილზეა 12 საუკუნის ისტორიული ძეგლია.აი საჩხერის ცენტრალური სტადიონის საფარი საბჭოთა კავშირის დროს მეორე ადგილზე იყო მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით.იმედია ჩემპიონები რომ გავხდებით ჩვენთანაც ჩამოხვალთ განახლებულ ცენტრალურ სტადიონზე.და რაც თქვენთან ხალხი დადის ხუთზე მეტს დაგახვედრებთ.....
jangos
01:56 28-10-2016
0
წარმოუდგენელია რომ ეს მატჩი მოიგოს ტორპედომ.
საუკეთესო შემთხვევაში ფრე თუ დამთავრდა, დიდი წარმატება იქნება ჩხეტიანისათვის.
QWERTY
17:41 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული