უმაღლესი ლიგა. XI ტურის წინათქმა: ძველი დინამოელების ჯახი ვაკეში

AutoSharing Option
ისევ ორ დღეზე გაწერილი ტური და ისევ ერთიმეორეზე საინტრიგო წყვილები - ოქტომბრის თვეში გასამართი ბოლო ტურიც, რაღა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გარდამავალი ჩემპიონატის ბოლომდე 4 ტურია დარჩენილი და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 14 გუნდიდან არც ერთს არ გაუნაღდებია არაფერი!

ეგ კი არა, ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი მატჩების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთი რამ გაირკვეს: "ჩიხურას" ხომ 3 ქულა სჭირდება საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეობის მისაღებად!..

ჩემპიონატის ფინიშზე ასეთი დამაინტრიგებელი სიტუაცია იმითაცაა პოზიტიური მოვლენა, რომ მაქსიმალურად შემცირებული იქნება უმოტივაციო მატჩები, თორემ,
ახლო თუ შორეულ წარსულში, საქართველოს ჩემპიონატში, ფინიშის მოახლოებასთან ერთად, რამდენიც გნებავთ, იმდენი ყოფილა "უცნაური" მატჩები.

ახლა კი (ამ ტურშიც და დარჩენილ სამ ტურშიც), წესითა და რიგით, საფეხბურთო "მაიმუნობას" ძალიან ნაკლებად უნდა ველოდოთ. თუმცა, ამას წინათაც ხომ "შევთანხმდით", რომ მიმდინარე გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობის დროს (მით უფრო, ფინიშის მოახლოებასთან ერთად), ყოველგვარი ვარაუდების თუ პროგნოზების კეთებას უნდა მოვერიდოთ...

თეთრი ჯგუფი
29.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00
გურია-ლოკომოტივი
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჭედია (გურია)
ურთიერთშეხვედრები
9: +0=1 -8, 3-17

მართლაც კოშმარული გამოდგა ოქტომბრის თვე ორივე გუნდისათვის: ზედიზედ სამი წაგების მერე "გურია" ბოლო ადგილამდე ჩამოქვეითდა, "ლოკომოტივმა" კი ზედიზედ ორი მარცხით ასევე გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.

არადა, თითქოს, სულ ახლახან იყო, "ლოკომოტივის" ბევრად უფრო განსხვავებულ და ამბიციურ შანსებზე რომ ვწერდით და "თეთრი ჯგუფის" ერთ-ერთ ლიდერს ევროტურნირების საგზურის ერთ-ერთ კანდიდატადაც მოვიაზრებდით.

ამჯერად კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით "ლოკომოტივი" მესამე ადგილზეა, გუნდს ჯერ კიდევ არა აქვს გარანტირებული უმაღლეს ლიგაში დარჩენა.

ჰოდა, არც იყო გასაკვირი გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილება: ჟერარდ სარაგოსას ნაცვლად, "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დევდარიანი დაინიშნა, რომელიც უმაღლეს ლიგას ორწლიანი პაუზის მერე უბრუნდება.

მასპინძლებზე კი რაღა უნდა ვთქვათ: "გურიასათვის" დარჩენილი სამივე მატჩი ხომ ფინალის ტოლფასია! თანაც, ლანჩხუთელთა გუნდს საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "ლოკომოტივისათვის" არც ერთხელ არ მოუგია...

29.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:00
ჩიხურა-ტორპედო
პირველი წრე 3:0
ურთიერთშეხვედრები
13: +5 =5 -3, 17-12

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ჩიხურას" 3 ქულა სჭირდება, საჩემპიონო პლეი-ოფში მონაწილეობა რომ გაინაღდოს. ჰოდა, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენელია, რომ მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფმა "ჩიხურამ" ეს ამოცანა ვერ შეასრულოს სეზონის ბოლომდე დარჩენილ სამ მატჩში.

თუმცა, ამ ტურში სოსო ფრუიძის გუნდს "ხელაღებით" ვერ მივანიჭებთ წყვილის ფავორიტის სტატუსს: ეს "იმერული დერბი" ხომ ნეიტრალურ მოედანზე (გორში) უნდა გაიმართოს. არადა, მოვლენების ასეთი განვითარება, რაღა თქმა უნდა, "ტორპედოს" უნდა აწყობდეს, მით უფრო, რომ საქართველოს სამგზის ჩემპიონს ჯერ კიდევ არა აქვს განაღდებული უმაღლეს ლიგაში დარჩენა. თანაც, "ტორპედოს" 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი სეზონის ბოლომდე, მაშინ როცა უშუალო კონკურენტებს ("გურიას" და "შუქურას") - 3-3.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ "იმერული დერბის" მონაწილეებს ოთხ დღეში არანაკლებ მნიშვნელოვანი პაექრობები ელოდებათ: "ჩიხურაც" და "ტორპედოც" ხომ თასის ნახევარფინალში არიან გასულნი...

30.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-შუქურა
პირველი წრე 3:1
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =2 -0, 11-3

ამ ჯგუფის მესამე მატჩი კვირას ჩატარდება და ეს შეხვედრაც თავისუფლად შეიძლება შევაფასოთ, როგორც XI ტურის ყველაზე საინტრიგო დაპირისპირება! ანუ, "ექვსქულიანი" კი არა, უფრო მეტქულიანი მატჩია და დარჩენილი შეხვედრების კალენდარსაც თუ გავითვალისწინებთ, ორივე გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქროს.

რა თქმა უნდა, ამ ტურის შედეგებით ჯერ არაფერი ირკვევა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გამარჯვებული დიდ ნაბიჯს გადადგამს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისაკენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "შუქურას" მხოლოდ სამი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი, "ცხინვალს" კი - ოთხი.

თუმცა, ჯერ ეს დაპირისპირება გველოდება, რომელიც, სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, მართლაც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ისიც საინტერესო ფაქტი უნდა იყოს, რომ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები, კახა კაჭარავა ("ცხინვალი") და გია გურული ("შუქურა") წარსულში ცნობილი ცენტრფორვარდები გახლდნენ და ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, რომ მათი დონის გოლიადორები დღესდღეობითაც ყოფილიყვნენ საქართველოს ჩემპიონატში.

სხვათა შორის, 1990 წელს საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი რომ ჩაატარა ლიტვის ნაკრებთან (2:2), მეტოქის კარში გოლები იმდროინდელი თბილისის "იბერიას" ("დინამოს") ფორვარდებმა, კახა კაჭარავამ და გია გურულმა გაიტანეს...

შენიშვნა: დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი
29.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:00
საბურთალო-კოლხეთი
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: ხოსე კარასკო, გრიგოლ ჩაბრაძე (ორივე საბურთალო) - ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ვლადიმირ კორობკა (ყველა კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =0 -2, 5-2

ბოლო ოთხ მატჩში მოპოვებული მხოლოდ 2 ქულა და ერთობ გართულებული სატურნირო მდგომარეობა - აი, ასეთ სიტუაციაში ხვდება XI ტურს "საბურთალო" - გუნდი, რომელსაც სეზონის დაწყების წინ "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად მოვიაზრებდით, დღესდღეობით კი უმაღლეს ლიგაში არა აქვს დარჩენა გარანტირებული.

თუმცა, ამ ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "საბურთალოს" ევროპალიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც გააჩნია, თანაც - პრაქტიკულიც! ეს ყველაფერი კი ამ ტურის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული, სადაც "საბურთალოს" ფავორიტის სტატუსი აქვს ტრავმებული თუ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გამო, ფაქტობრივად, "განახევრებულ" მეტოქესთან.

არადა, "კოლხეთს", ერთადერთი ქულა სჭირდება დარჩენილ სამ მატჩში, უმაღლეს ლიგაში დარჩენა რომ გაინაღდოს. მაგრამ გელა სანაიას გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა თავის გულშემატკივარს და აი, დამატებითი მოტივაციაც: წარმატებული ფინიშის შემთხვევაში "კოლხეთს" ხომ ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი უჩნდება.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ საკადრო პრობლემები "საბურთალოში" სულ ახლახან დაბრუნებულ გიორგი ჭიაბრიშვილსაც აქვს: მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალურ მცველს ხოსე კარასკოსა და ფლანგის მცველს გრიგოლ ჩაბრაძეს მოისაკლისებს.

30.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-დილა
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
41: +22 =2 -17, 62-45
დისკვალიფიკაცია: გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი) - ირაკლი მოდებაძე (დილა)

ამ ჯგუფში კი არა, საერთოდ, ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები ქულა "სიონს" აქვს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ უშუალო კონკურენტებთან შედარებით, ბოლნისელებს ერთი თამაშით ნაკლები დარჩათ ჩასატარებელი.

ანუ, ადვილი გასაგები უნდა იყოს ყველასათვის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მასპინძელთათვის ამ მატჩს, მით უფრო, რომ მომდევნო შეხვედრა "სიონს" გასვლაზე ელოდება უმთავრეს კონკურენტ "ზუგდიდთან". ვნახოთ, როგორ შეძლებენ არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის შეგირდები ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას.

არადა, ერთი შეხედვით, "დილა", თითქოსდა, უხიფათო პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ განაღდებული გორელთა გუნდს ჯერ არაფერი აქვს. ამასთან, გუნდს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსიც გააჩნია, მაგრამ უჩა სოსიაშვილის გუნდს შეტევის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ბოლო სამ მატჩში "დილამ" მხოლოდ 1 გოლი გაიტანა მეტოქის კარში.

30.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
პირველი წრე 2:0
დისკვალიფიკაცია: ვაკო თევდორაძე (დინამო) - ლევან წურწუმია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
9: +5 =0 -4, 13-9

ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის დაპირისპირების წინ, საერთოდ, ფავორიტის სტატუსი ცხრილში უფრო მაღალ ადგილზე მყოფი გუნდისთვის უნდა მიგვენიჭებინა, მაგრამ ამ გარდამავალმა ჩემპიონატმა ხომ ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა. ანუ, არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, მით უფრო, როცა სეზონის ბოლოა.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ "ზუგდიდი" ზემოტივირებული უნდა ესტუმროს ქობულეთს, მასპინძლებსაც საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნებათ: ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის გამო, ლევან ხომერიკის გუნდს, ცოტა არ იყოს, ნერვული ფინიში ელოდება. თანაც, "ზუგდიდის" მსგავსად, დარჩენილი ორი მატჩიც ისეთ მეტოქეებთან აქვს, მოტივაციის ნაკლებობას ასევე რომ არ უნდა უჩიოდნენ...

შენიშვნა: სამტრედია ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგი ქუთაისელი
14:02 29-10-2016
ჩიხურასთან თამაში კი არა ომი იქნება! ტორპედო არ წააგებს!


რა გინდა გენაცვალე შემოვიდნენ იუთუბზე "ტორპედოს ფანები" და დედა აგინეს ჩიხურას, ესენი დინამოს შნირები არიანო და ამიტომ უნდა გავსრისოთო, ჰოდა გასრისა დინამოს შნირმა ჩიხურამ ტორპედო კიდევაც , 45 წამში საპასუხო გაუტანა და საგოლეც მიაყოლა, ისე კი 4-1 უნდა ყოფილიყო :)
Guadua
18:47 29-10-2016
0
ჩიხურასთან თამაში კი არა ომი იქნება! ტორპედო არ წააგებს!
გოგი ქუთაისელი
14:02 29-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული