''ლელო" ''ზესტაფონის" თავდამსხმელს გაესაუბრა და ვფიქრობთ, ინტერვიუ საინტერესო გამოგვივიდა.
- პირველ ყოვლისა, უფეხბურთოდ გატარებული წლები გაიხსენე.
- სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდებს, რაც მაშინ მეუფლებოდა. მოკლედ
- გადატანილმა უსიამოვნებებმა პიროვნულად ხომ არ შეგცვალა?
- როგორ ვთქვა, უფეხბურთოდ ყოფნისას რამე სასარგებლო შევიძინე-მეთქი, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ რამეს სულ სხვა თვალით დავუწყე ცქერა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. სამწუხაროდ, ბევრი ახლობელი დავკარგე, მაგრამ ალბათ, ასე იყო საჭირო, რადგან იმ ხალხს მხოლოდ მაშინ ვახსოვდი, წარმატებული ფეხბურთელი რომ მერქვა, განსაცდელის დროს კი ბევრმა საერთოდ დამივიწყა. საბედნიეროდ, ჩემ გვერდით კარგი ადამიანებიც აღმოჩდნენ და ახალი მეგობრებიც შევიძინე.
- ''ამერიდან" ''ზესტაფონში" მაშინ გადახვედი, როცა თამაში არ შეგეძლო.
- ჩემი ტრავმიდან დიდი დრო არ იყო გასული, ''ამერს" ფინანსური პრობლემები რომ შეექმნა და მერე, სამწუხაროდ, დაიშალა კიდეც. თუკი დაშავებამდე საინტერესო წინადადებები არ მაკლდა, ტრავმირებული აღარავის გავხსენებივარ და არ ვიცი, რა იქნებოდა, ჩემით ''ზესტაფონი" რომ არ დაინტერესებულიყო. ნდობა ვიგრძენი და გაათმაგებული მონდომებით შევუდექი რეაბილიტაციის პროცესს, შემდეგ კი ვარჯიშს. დიდი მადლობელი ვარ ''ამერის" პრეზიდენტის, ზურაბ ფოცხვერიასი, რომელიც ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდა და რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვემადლიერები ''ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას, რომელმაც ჩემი ირწმუნა. ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ, რომელსაც მასმედიის საშუალებით პირველად ვყვები: ტრავმირებული ვიყავი, როცა ბატონმა ილიამ ''ზესტაფონში" გადასვლა და ძვირად ღირებული ოპერაციის დაფინანსება შემომთავაზა. მეტიც, იგი მზად იყო, ოპერაციის თანხა გადაეხადა და კონტრაქტზე შემდეგ დაგველაპარაკა. მე სწორედ ეს ვარიანტი ავირჩიე და ''ამერიდან" ''ზესტაფონში" მოგვიანებით გადავედი. ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი კი ბრწყინვალე პირობებში ჩატარდა, საქვეყნოდ ცნობილ ქირურგ მარტინსთან ვიმკურნალე, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები აკითხავენ. მოკლედ, მოედანზე დაბრუნებამდე ძალიან გრძელი გზა გავიარე და ახლა თავს უბედნიერესად ვგრძნობ, ''ზესტაფონის" ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრისთვის მადლობის გადახდა შედეგიანი თამაშით რომ შემიძლია. მათი ნდობის გასამართლებლად თავს არ დავზოგავ.
- ძველი პოტენციალის გამოვლენას უკვე ახერხებ?
- მთავარი იყო, ფიზიკური კონდიციები დამებრუნებინა, რაც შევძელი კიდეც. თამაშიდან თამაშამდე საკუთარ თავს უკეთესობას ვატყობ და ვგრძნობ, რომ კიდევ მეტი შემიძლია. იმასაც ვხედავ, რომ მოედანზე უფრო გააზრებულად ვმოქმედებ და გამოცდილებაც მემატება.
- ესპანურ შეკრებაზე ''ზესტაფონის" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი.
- ეს შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა გუნდისთვისაც და პირადად ჩემთვისაც – ოთხ მატჩში სამი გოლი გავიტანე. ''მარბელიას თასზე" მეშვიდე ადგილს დავჯერდით და იმის მიუხედავად, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მეტიც შეგვეძლო. განსაკუთრებით კარგად კიევის ''დინამოსთან" ჩატარებულ მატჩს ვიხსენებ, სადაც ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შევძელით ჩვენი ფეხბურთის ჩვენება და შევჩენკოსა და სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს ტოლი არაფერში დავუდეთ. გულით გვინდოდა, პენალტების სერიაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მეტოქეს იქ ვეღარ ვაჯობეთ.
- საკუთარ აქტივს ერთი გოლი ''სპარტაკთან" მატჩშიც შეჰმატე.
- გოლმა, რა თქმა უნდა, გამახარა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დაძაბულ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ. მოედანზე სულ რამდენიმე წუთი გავატარე და მიხარია, ამ დროშიც რომ მოვასწარი თავის გამოჩენა.
- ''დინამოსთან" კი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ჩაგიტარებია.
- გეთანხმებით, მაგრამ ამის მიზეზი მატჩის შინაარსი იყო. ''ზესტაფონმა" ის შეხვედრა თავისთვის უჩვეულო სტილში, დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკით ჩაატარა და ამის გამო საქმე ნაკლებად მქონდა.
- საინტერესოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ყველა გოლი შეცვლაზე შესულმა გაიტანე.
- ასეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძირითად შემადგენლობაში ცუდად ვთამაშობ. უბრალოდ, სასტარტოში იმდენად ცოტა მატჩი ჩავატარე, რომ გოლის გატანა ჯერ ვერ მოვასწარი. ამის დროც მალე მოვა.
- კონკურენცია კი ''ზესტაფონის" თავდასხმაში საკმაოდ მძაფრია.
- ძალიანაც კარგი, რომ მწვრთნელს საშუალება აქვს არჩევანი ძლიერ ფორვარდებს შორის გააკეთოს. გელაშვილიცა და დვალიც ჩემი სერიოზული კონკურენტები არიან, მაგრამ ეს ფაქტორი ერთმანეთთან ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის, პირიქით, მათთანაც და თითოეულ თანაგუნდელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუკი არცთუ დიდი ხნის წინ მთლიანი თამაშის ჩატარება მიჭირდა, ახლა 90 წუთის სათამაშოდ აბსოლუტურად მზად ვარ.
- ვინ მიგაჩნია მთავარ კონკურენტებად უმაღლესი ლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში?
- პირველ რიგში, გელაშვილი და დვალი. სხვადასხვა დროს ეს წოდება ორივეს მოპოვებული აქვს და ამის კარგი შანსი აქვთ. მათ გარდა, რეალური პრეტენდენტია ირაკლი მოდებაძეც. გამორიცხული არაა, სხვებმაც იბრძოლონ, ჩვენს ჩემპიონატში რამდენიმე მაღალი დონის თავდამსხმელი თამაშობს.
- ''ზესტაფონის" ბოლოდროინდელ თამაშს როგორ შეაფასებ?
- სეზონი ახალი განახლებულია და ამ დროს საუკეთესო თვისებებს ვერც ერთი გუნდი ავლენს, პოტენციალი კი ''ზესტაფონს" ნამდვილად დიდი აქვს, რაც უხლოეს ტურებში აუცილებლად გამოჩნდება. გუნდი უფრო სტაბილურია და გაუთვალისწინებელ ქულებს ნაკლებად კარგავს. მოკლედ, ჩემპიონობისთვის უკვე მომწიფებულები ვართ. ბომბარდირობა ჩემთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის წარმატებაა. ''ოლიმპთან" მოახლოებული შეხვედრა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და შევეცდებით, ამ მატჩშიც დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებთ.
- შემდგომში ალბათ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზეც იფიქრებ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მთლიანად ''ზესტაფონზე" ვარ კონცენტრირებული. კლუბის ხელმძღვანელობას ნათქვამი აქვს, რომ საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში უცხოურ კლუბში გადასვლაში ხელს შემიწყობს.
- ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების ამბიციაც გექნება.
- ეს ჩემი უპირველესი ოცნებაა. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი წარმატებული თამაშით თემურ ქეცბაიას ყურადღება დავიმსახურო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.