გროზნის თქმით, მისი სურვილია, კლუბს 3-5-ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამო" ჩემპიონატის მატჩებსაც ჩაატარებს. უკრაინელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას უკვე ესაუბრა და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში თბილისელებს ახალი სტადიონი შეემატოთ.
"ერთი თვე სრულდება, რაც "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. რამდენიმეწლიანი გეგმა შევიმუშავეთ, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც შედის... ცუდი არ იქნებოდა, მანეჟი რომ გვქონდეს, სადაც ზამთარში ბავშვები ნებისმიერი ამინდის პირობებში შეძლებდნენ ვარჯიშს.
ამის გარდა, ამ სტადიონზე ითამაშებდა ჩვენი მთავარი გუნდიც. ვიყოთ გულწრფელები - 55-ათასიან "დინამო არენაზე" არ მოდის გულშემატკივართა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. ასეთ დროს ამხელა, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში გაუმართლებელია.
კი, გვაქვს ძალიან კარგი "დინამო არენა", მაგრამ არც პატარა სტადიონი გვაწყენდა. ახალი სტადიონი იმ რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ წინ სტრატეგიულად ვიხედებით. არ იქნებოდა ცუდი, ყველა კლუბი ასე ფიქრობდეს", - გვითხრა გროზნიმ.