ამ გაწამაწიაში ისე მოხდა, რომ სეზონი ერთმა შემადგენლობამ დაიწყო, მეორემ გააგრძელა და ამ ორომტრიალს
ამ პერიოდში "ზუგდიდის" კარს უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო იცავდა. 28 წლის მეკარე მანამდე უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ლუცკის "ვოლინისა" და დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. გარდამავალ ჩემპიონატში ლიტოვჩენკომ აჩვენა, რომ გაცილებით ძლიერ გუნდში მოხვედრას იმსახურებდა და აგერ, შევიტყვეთ კიდეც, რომ ჩვენი ჩემპიონატის მოწინავე კლუბები მისით დაინტერესდნენ კიდეც.
"ლელომ" ლიტოვჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინელმა ბევრ საინტერესო თემაზე გულახდილად ილაპარაკა...
- საკმაოდ გამოცდილი მეკარე ხართ, უკრაინაში ბევრი ცნობილი გუნდისა თუ მოთამაშის წინააღმდეგ გითამაშიათ. ალბათ, აქედან გამომდინარე, არ გაგიჭირდებათ შეფასება, რა პოტენციალის გუნდი იყო წლევანდელი "ზუგდიდი" და მისი უმაღლესი ლიგიდან გავარდნა ლოგიკურია თუ არა?
- გულზე ხელი რომ დავიდოთ, უნდა ვაღიაროთ, სეზონის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური შედეგი იყო.
- გუნდს მეტი პოტენციალი არ ჰქონდა?
- პოტენციალი სწორედაც რომ ჰქონდა და ამას არაფრის დიდებით არ იმსახურებდა, მაგრამ რაც გუნდში ხდებოდა, სატურნირო ცხრილში სწორედ ამის ლოგიკური ასახვა მოხდა.
- ცხადია, სეზონის განმავლობაში არსებულ არასტაბილურ გარემოს გულისხმობთ...
- ამასაც და სხვა ფაქტორებსაც. "ზუგდიდში" ყველაფერი აწყობილი და დალაგებული არ იყო. გუნდი წარმატებული რომ იყოს, საამისოდ გეგმაზომიერი ნაბიჯებია საჭირო და არა - სპონტანური გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვამბობ, რომ პირადად მე ყველაფერს ვაკეთებდი, გუნდისთვის სარგებლობა რომ მომეტანა. იმავეს ვიტყვი სხვა ფეხბურთელებზეც. მაგრამ, ეტყობა, რაღაცაში არ გაგვიმართლა, რაღაცებიც არ გამოგვივიდა და ხელმძღვანელობამაც ყველაფერი სწორად ვერ გათვალა.
- უკრაინის პრემიერლიგაში გითამაშიათ და, თქვენი აზრით, იქაურ და საქართველოს ჩემპიონატის დონეებს შორის დიდი განსხვავებაა?
- რა თქმა უნდა, განსხვავება არის, მათ შორის - დონეშიც.
- შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?
- განსხვავება, უპირველესად, ჩემპიონატისა და კლუბების ორგანიზაციაშია. საქართველოში მოედნების ხარისხი, მოსამზადებელი და სავარჯიშო პროცესები, ჩემპიონატის გაშუქება და შეფუთვა უკეთესის სურვილს ტოვებს. ამ კუთხით, უკრაინა გაცილებით წინ არის.
- მოედნები აქ მართლაც ისეთია, ტრავმების მიზეზიც გამხდარა...
- ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ აქ პრობლემები იყო, მაგრამ რაც ვნახე, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. აქ ხომ საუცხოო კლიმატია და მიკვირს, რატომაა მოედნები ასეთ დღეში? ბევრია ხელოვნური საფარი, მათ უმრავლესობაზე თამაში კი ძალიან არასასიამოვნოა. ეს მოთამაშეთა დონეზეც უარყოფით გავლენას ახდენს და ტრავმიანობასაც ზრდის. ამიტომ აქაური ინფრასტრუქტურა უნდა შეიცვალოს, თუ გინდათ, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გაზარდოთ და ჩემპიონატის დონეც მაღალი იყოს. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
- მოთამაშეების დონეზე რას იტყვით?
- აი, მათზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან აქ ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, პირიქით, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და საკმაოდ ნორმალური დონის გამოცდილი ფეხბურთელები ვნახე. მაგრამ იმასაც ვამჩნევ, რომ მოთამაშეთა აღზრდის პროცესში ბევრი პრობლემაა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამაზეც მიფიქრია, თუ რატომ ხდება, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების ქვეყანაში მაღალი დონის ჩემპიონატი არ არის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა შეიცვალოს და რომ მათ გაზრდაში რაღაც შეცდომა დაუშვეს. სპონტანურად ესეც ვერ მოგვარდება, ამასაც გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება.
არადა, საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მოთამაშეების წინააღმდეგ მითამაშია და აშკარაა, რომ აქ ბევრი ტალანტი იბადება.
- თქვენი აზრით, ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები უკრაინის პრემიერლიგის დონეს დააკმაყოფილებენ?
- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არც არის! საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, ისინი არათუ უკრაინის პრემიერლიგაში, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშსაც შეძლებენ, მაგრამ...
- ...მაგრამ რა?
- მაგრამ ის, რომ დისციპლინა არ ჰყოფნით. ეს ძალიან თვალშისაცემია. ეტყობათ, რომ სხვაგვარი მენტალიტეტი აქვთ. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში უკეთესი მოთამაშეები იბადებიან?
- ...მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინული ფეხბურთი საქართველოზე წინ არის...
- ეს იმიტომ, რომ უკრაინაში ფეხბურთელები უფრო შრომისმოყვარენი და ბრძოლისუნარიანნი არიან, ხოლო საფეხბურთო სკოლებსა და გუნდებში მათ ფიზიკურად კარგად ამზადებენ - ეს ჩვენთან პრიორიტეტია. შედეგს ამის ხარჯზე ვაღწევთ. მაგრამ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ქართველები ბუნებით უდისციპლინოები და ზარმაცები არიან, უბრალოდ, პოტენციალის გამოსავლენად საჭირო გარემო სჭირდებათ.
- "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ მისი ბევრი მოთამაშით ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები დაინტერესდნენ. ვიცით, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენც ხართ და უკვე რამდენიმე კლუბიც დაგიკავშირდათ. მართალია?
- დასამალი არ არის, რომ რამდენიმე კლუბი მართლაც შემეხმიანა...
- ...და ვიცით, რომ მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "დინამოცაა"...
- დაკონკრეტებას მოვერიდები. ჯერჯერობით, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ დაინტერესება ნამდვილად არის. მალე ამ კლუბებთან უფრო სერიოზულად დავილაპარაკებ. ცხადია, მეც მსურს, რომ უფრო მაღალი დონის კლუბში ვითამაშო.
29 წლის ვარ და ეს მეკარისთვის მშვენიერი ასაკია. ძალაც მაქვს, ენერგიაც და სურვილიც იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზულ დონეზე თამაში შემიძლია.
- ...მაგრამ კარგი წინადადების შემთხვევაში, ალბათ, უკრაინაშიც დაბრუნდებით...
- რა თქმა უნდა, მაგრამ უკრაინიდან ასეთი წინადადება არ მქონია, მე კი ზოგადი ლაპარაკი არ მიყვარს.
- საქართველოში თავს კარგად გრძნობთ?
- მშვენივრად, ხალხიც კარგია და ქვეყანაც. ქართველებს აქამდეც ვიცნობდი - დონეცკის "ოლიმპიკში" თემურ ფარცვანიასთან ერთად ვთამაშობდი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.
- სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში მის მოწვევაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ და საინტერესოა, რა დონის მცველია?
- ისე, მიკვირდა კიდეც, აქამდე რომ არ იწვევდნენ. ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ, თითქოს, ამას თემურთან მეგობრობის გამო ვამბობ - ის მართლაც ძალიან კარგი მცველია, ნიჭიერებით ასაკობრივი ნაკრებების პერიოდშიც გამოირჩეოდა, ბოლო სამი წელიწადი კი საგრძნობლად გაიზარდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც ათამაშდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"