ცნობისთვის, ორივე გუნდში მოიძებნება მოთამაშე, რომელსაც მეტოქის რიგებში და მის ამჟამინდელ მწვრთნელთან უთამაშია. "სამტრედიაში" ასეთი გუნდის კაპიტანი დათუნაიშვილია. ის საჩხერელთა ფორმით 2014 წლამდე თამაშობდა, როცა გუნდმა ევროპალიგის პლეი ოფამდე გააღწია და, ასე ვთქვათ, "ჩიხურას" ექსპერტია - თავისი ყოფილი გუნდისა და მწვრთნელის პლუს-მინუსებს კარგად იცნობს...
- ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან კარგად გიცნობენ. მაგრამ აქ მეორე მხარეცაა -
- დიდი პლუსია, რომ "ჩიხურას" 9 წელი სოსო ფრუიძე ავარჯიშებს. გამოცდილი და შეთამაშებული მოთამაშეებისგან შემდგარი ორგანიზებული გუნდია და ბევრისგან განსხვავებით, სათამაშო დისციპლინით გამოირჩევა. კონტრშეტევებზე კარგი თამაში ეხერხებათ და დღემდე ეს ხელწერა შერჩათ. მაგრამ ამჯერად ვითარება ფრუიძეს მსგავსი ტაქტიკის არჩევის საშუალებას არ აძლევს, 3-ბურთიანი სხვაობით უნდა მოგვიგონ და, ალბათ, შემტევი ტაქტიკით მოუწევს თამაში.
მაგრამ "სამტრედიას" თავისი კოზირები აქვს და ცხადია, მის გამოყენებას და მეტოქის პლუსების განეიტრალებას შევეცდებით.
- ორბურთიანი უპირატესობა ისედაც დიდი კოზირია...
- ჩვენ სხვა კოზირებიც გვაქვს. "ჩიხურას" პლუსი კონტრშეტევაა და პირველ შეხვედრაში ამაშიც ვაჯობეთ - ორივე გოლი კონტრშეტევაზე გავიტანეთ. თუმცა ჩვენი პლუსი უფრო ბურთის კონტროლი, სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთია, რომელსაც პირველ შეხვედრაში ვერაფერი დაუპირისპირეს. იმედია, ამჯერადაც ასე მოხდება.
- ხალხის მოსვლას ელოდებით?
- "დინამო არენას" ვერ შევავსებთ, მაგრამ იმედია, 6-7 ათასი მაყურებელი მაინც შეიკრიბება. ცხადია, სამტრედიელებიც მრავლად იქნებიან და საჩხერელებიც. იმედია, ჩემპიონატის ფინალით თბილისელი გულშემატკივარიც დაინტერესდება. დარწმუნებული ვარ, სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ და სტადიონზე მოსვლას არავინ ინანებს.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატმა გაამართლა. ლამის ყველა შეხვედრას აზრი და დატვირთვა ჰქონდა, დაძაბულობა იყო ლიდერებშიც და აუტსაიდერებში. მაგრამ მგონია, რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო და, რაც მთავარია, უკეთესი დონის იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოს ახლა იმდენი რესურსი არ გააჩნია, 16 გუნდი შეინახოს - ამდენი არც ფინანსებია და არც ინფრასტრუქტურა. 10 გუნდი კი ბევრად უფრო ოპტიმალური ვარიანტია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"