[ექსკლუზივი] ბოდიში, უნდა წავიდე - რატომ დატოვა ნუკრი რევიშვილმა "დინამო"

AutoSharing Option
გავრცელებული ჭორი "ლელოს" თავად ნუკრი რევიშვილმა დაუდასტურა - ეროვნული ნაკრების მეკარემ თბილისის "დინამო" დატოვა. 29 წლის რევიშვილი გუნდში ოქტომბერში ჩაირიცხა და მისი ფორმა 7-ჯერ მოირგო, მაგრამ ახლა სხვა გუნდში გადასვლა ამჯობინა.

რამ განაპირობა მისი არჩევანი? როგორ აფასებს "დინამოში" გატარებულ პერიოდს, ჩვენი ჩემპიონატის დონეს? რა პრობლემებს ხედავს ქართულ ფეხბურთში?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე რევიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში ილაპარაკა...

- ცნობილია, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი დეკემბრამდე გაკავშირებდათ. გავრცელდა ხმები, თითქოს გუნდს ყველა გამოცდილი ფეხბურთელი ტოვებთ...
- დიახ, მე "დინამოდან" უკვე წამოვედი.

- კონტრაქტის
გახანგრძლივება არ შემოგთავაზეს?

- შემოთავაზება იყო, მაგრამ ვერ დავრჩები. მადლიერი ვარ რომან ფიფიასი, რომელიც მართლა კარგი ადამიანია, და ლევან სალუქვაძის. არასოდეს დავივიწყებ, რომ "დინამო" მაშინ დამეხმარა, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა - ესპანეთთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ კარგა ხანს ვერ ვვარჯიშობდი და გუნდში რომ ამიყვანეს, ფორმაში არ ვიყავი. თანაც, კაპიტნის სამკლავურიც მომარგეს. ასეთი თანადგომა ადამიანს ყოველთვის გამახსოვრდება. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალ შემოთავაზებაზე უარი რომ ვუთხარი, ესეც მერიდებოდა და ბოდიშიც მოვუხადე. მაგრამ უარის მიზეზი მქონდა.

- უკეთესი წინადადებები მიიღეთ?
- არა მხოლოდ ეს. გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდა, რაზეც ძალიან დამწყდა გული, რადგან ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ამავე დროს, "დინამოში" ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება სურთ.

- ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდით?
- ეს ისეთი თემაა, რაზეც ლაპარაკი მერიდება. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. კარგად გამიგეთ, ფეხბურთელის კარიერა ხანგრძლივი არ არის და სანამ უკეთეს დონეზე თამაშის და უკეთესი პირობების შანსი გაგაჩნია, ამაზე უარს ვერ იტყვი.

- ისე ლაპარაკობთ, ეტყობა, ახალი გუნდი უკვე მოძებნეთ...
- ევროპიდან საკმაოდ კარგი შეთავაზება მაქვს, მაგრამ რომელი კლუბისგან, ჯერ ამის გახმაურება არ მსურს. წინასწარ რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ ტრანსფერი ჩამეშალა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საინტერესო გუნდია.

- სამწუხაროდ, წლევანდელი სეზონი "დინამოსთვის" მეტისმეტად წარუმატებელი გამოდგა...
- ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს. ძალიან უცნაური ჩემპიონატი იყო. ქულის დაკარგვის უფლება არ გვქონდა, ჩვენ კი ბევრი გავანიავეთ. თუმცა ბრინჯაოს პლეი ოფში ისე მოვხვდით, 6 მატჩის განმავლობაში ბურთი არ გამიშვია. ბათუმის "დინამომ" გამიტანა ერთადერთი ბურთი და ევროპალიგის მიღმა დავრჩით.

- კურიოზია, რომ ბათუმელებთან ერთ-ერთი ყველაზე რეალური საგოლე შანსი, დამატებულ დროში, სწორედ თქვენ, შეტევაში ჩართულმა მეკარემ შექმენით...
- კარიერაში მსგავსი მომენტები ადრეც მქონია, მაგრამ ასეთი რეალური შანსი - არასოდეს. კუთხურის დროს არავინ "დამფარა" და ბურთს თავით ისე დავარტყი, ვიფიქრე, გადის-მეთქი... მაგრამ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

ისე, ობიექტურები რომ ვიყოთ, ბათუმელებს კარგი თამაში უნდა დავუფასოთ - გოლამდეც და შემდეგაც სამი-ოთხი ისეთი მომენტი შეგვიქმნეს, თამაშის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეეძლოთ. გვაჯობეს და ვაღიარებ, რომ მათი წაგება საცოდაობა იქნებოდა.

- თქვენი აზრით, "დინამოს" წარუმატებლობის მიზეზი რა არის?
- ალბათ, ერთ-ერთი ის, რომ ბევრი მოთამაშე გაურკვევლობაში იყო - არ იცოდნენ, წავიდოდნენ თუ დარჩებოდნენ. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავდა. თუმცა თბილისის "დინამო" ისეთი ტრადიციის კლუბია, საქართველოს ოთხ საუკეთესოს შორის უნდა იყოს და ევროპაზე ითამაშოს. ჩემპიონობის შანსი რამდენიმე ტურით ადრე დავკარგეთ და ევროპაზე მოხვედრის საუკეთესო გზა თასის მოგება იყო. იქ კი "ტორპედომ" გვაჯობა, ესეც - დამსახურებულად.

- ფორმა თუ აღიდგინეთ?
- ეს კი მოვახერხე, რაშიც "დინამოს" მეკარეთა მწვრთნელი გელა ჭანტურია დამეხმარა. მიხარია, რომ ასეთ კარგ სპეციალისტთან ვიმუშავე.

- თქვენს შემცვლელზე, "ზუგდიდის" ყოფილ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოზე რას იტყვით?
- ჩვენ და "ზუგდიდი" სხვადასხვა ჯგუფებში ვთამაშობდით და ლიტოვჩენკო საქმეში არ მინახავს. მაგრამ ფეხბურთელები კარგად ახასიათებენ და ვიცი, რომ ძალიან კარგი მეკარეა. მას და "დინამოს" წარმატებებს ვუსურვებ.

- საქართველოს ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- ჩვენთან ისეთი საშინელი მოედნებია, დონისა და კლასის ამაღლებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. განსაკუთრებით ქობულეთის სტადიონმა გამაოცა: "შუქურას" რომ შევხვდით, ეს ბურთის გადაგდება-გადმოგდება და ჯგუფური ორთაბრძოლები უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი ფეხბურთი. იქ ერთდროულად სამი გუნდი თამაშობს - "შუქურა", ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი". ანუ ჩვენი ჩემპიონატის თამაშების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იქ იმართება. არადა, ისეთი მოედანია, ბურთი ნორმალურად არ გორავს და სანახაობრივ ფეხბურთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

მაგრამ ეს მარტო ქობულეთის სტადიონის პრობლემა არ არის. საქართველოში საუკეთესო მოედანი მხოლოდ "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზეა", დანარჩენ სტადიონებზე საფარი არ მომეწონა.

- ფეხბურთის დონე საფარის ხარისხთან ასეთ ღრმა კავშირშია?
- რა თქმა უნდა?! მასზე ხომ ბევრი რამ არის მიბმული: ჯერ ერთი, ასეთ მოედნებზე სწრაფი, ტემპიანი და დინამიკური ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და ასეთი ფეხბურთით მაყურებელს როგორ მოვიზიდავთ?

მეორე მხარეც აიღეთ - ცუდი საფარი ტრავმების რისკს ზრდის. ჩვენს პირობებში კი ტრავმა ფეხბურთელს უდიდეს ფინანსურ პრობლემას უქმნის. აქ ხომ არც დაზღვევაა და არც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიფიას ბრალი არის ყველაფერი, როგორ ვერ მოხვდა დინამო ევროტურნირებზე ფაქტია რაგაცას ბლეფობს

giorgi
19:00 17-12-2016
0
მაინც მადლობა ნუკრიას იმ პერიოდისთვის რაც იყო დინამოში. ტეხავს, რომ წავიდა, მარა არაუშავს. წარმატებები და გამარჯვებები ახალგაზრდულ დინამოს
gambiti
16:41 17-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული