გელაშვილმა უმალ დაიბრუნა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, საგოლე მონაგარიც შეივსო და თანაგუნდელ რატი წინამძღვრიშვილთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.
განსაკუთრებით აქტიური და გამორჩეული იგი რუსთავის "ოლიმპთან" უპრინციპულესი მატჩისას იყო და გელაშვილთან საუბარი სწორედ ამ შეხვედრით დავიწყეთ. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ რუსთაველთა
- ჩვენთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო და ეს გამარჯვება უდიდეს სამსახურს გაგვიწევს. მოხარული ვარ, რომ კონკურენტს ასე დამაჯერებლად ვაჯობეთ. ბუნებრივია, ძალიან გამახარა ჩემმა გოლმა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის გამარჯვებაა.
- ხომ არ ფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ზესტაფონს" ერთადერთი კონკურენტიღა შემორჩა?
- ასე ნამდვილად არაა, რადგან სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. მართალია, "დინამო" "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" საკმაო სხვაობით ჩამორჩა, მაგრამ "დინამო" მაინც "დინამოა" და აუცილებლად გააუმჯობესებს თამაშის ხარისხსაც და შედეგებსაც.
- საკუთარი ფორმით კმაყოფილი ხარ?
- არა, ოპტიმალურ კონდიციებამდე ჯერ არ მივსულვარ. ამის მიზეზი ესპანეთის ნაადრევად დატოვებაა. მართალია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ გუნდთან ერთად გავლილი შეკრება სულ სხვაა. გაცდენილმა თამაშებმა ცოტა ფორმიდან ამომაგდო, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ოპტიმალურ ფორმაში რამდენიმე ტურის შემდეგ შევალ, როცა სისტემატური სათამაშო პრაქტიკა მექნება. თუმცა საკუთარ თავს უკეთესობას ნამდვილად ვატყობ. "დინამოსთან" კინაღამ გამარჯვების გოლი გავიტანე, მაგრამ ვერც იმ მატჩში და ვერც ცხინვალის "სპარტაკთან" ჩატარებულ შეხვედრაში კარგად ვერ ვითამაშე, აი "ოლიმპთან" კი უკეთესობა ნამდვილად მეტყობოდა.
- "ოლიმპის" კარში გატანილი გოლით ბომბარდირობისთვის ბრძოლაში რატი წინამძღვრიშვილს გაუთანაბრდი.
- დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ბომბარდირობისთვის სეზონის ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იქნება. გამარჯვების შანსი მეც მაქვს, რატისაც, ჯაბა დვალსაც და ოლიმპელ ირაკლი მოდებაძესაც. შესაძლოა, სხვებიც გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ბომბარდირობა მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონობის გარეშე მას ფასი არ ექნება. მახარებს, რომ თავდასხმა "ზესტაფონის" ერთ-ერთი გამორჩეული რგოლია და კონკურენციაც მაღალია.
- რის ხარჯზე იქცა "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად?
- მაღალი შედეგების მისაღწევად ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. იდეალური საწვრთნელი გარემოს გარდა გვყავს საკუთარი საქმის ზედმიწევნით მცოდნე მწვრთნელები, გუნდი კარგად დაბალანსებული და შეთამაშებულია. უკვე წლებია, ერთად ვთამაშობთ და ამიტომ არცაა გასაკვირი, ასე კარგად რომ ვუგებთ ერთმანეთს. ერთი სიტყვით, "ზესტაფონის" პროგრესი აშკარაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონობისა და თასის მოპოვებისთვის მომწიფებულები ვართ. თუმცა მანამდე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებაა საჭირო. მიმდინარე ჩემპიონატი განსაკუთრებით დაძაბულია და გამარჯვების მიღწევა აუტსაიდერთანაც კი ძალიან რთულია.
- "ოლიმპის" შემდეგ კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება ქუთაისის "ტორპედოსთან" გელოდებათ.
- "იმერული დერბის" ფასი და მნიშვნელობა ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის და მე და ჩემს თანაგუნდელებსაც მშვენივრად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მეტოქე ძლიერი გვყავს, მაგრამ მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.
- რამდენად მზადაა "ზესტაფონი" იმისთვის, რომ ევროთასებზე შარშან ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს?
- ევროპაში წარმატებულად ასპარეზობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. ესპანურ შეკრებაზე "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასულ სამ გუნდს ეთამაშა - კიევის "დინამოს", პრაღის "სპარტასა" და პოზნანის "ლეხს" და სამიდან ორ მატჩში ღირსეულ შედეგს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა და გამარჯვება ასეთი დონის გუნდებთანაც შეგვიძლია. ესპანეთში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ ნამდვილად წაგვადგება.
- "ზესტაფონში" ერთად ბრძოლას კიდევ რამდენი ხნით აპირებ?
- კარიერის უკეთეს ლიგაში გაგრძელება ყველა ამბიციური ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ "ზესტაფონში" ჯერ საკუთარი თავი არ ამომიწურავს და კლუბის შეცვლას უახლოეს პერიოდში არ ვაპირებ.
- საკუთარ სანაკრებო პერსპექტივას როგორ უყურებ?
- იმედიანად. შარშან რამდენიმე სანაკრებო მატჩის ჩატარების საშუალება მომეცა და ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების შანსი ახლო მომავალში კიდევ მივიღო.
.