[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა

AutoSharing Option
ფოტოზე: მერაბ ჟორდანია და იოჰან ბოსკამპი
...მას შემდეგ 18 წელიწადია გასული, მაგრამ ისე მოსწრებულად ისროლა იმ კაცმა ეს ფრაზა, თითქმის აღარავის ავიწყდება და იხსენებენ და იხსენებენ - სტატიებში, ზეპირ საუბარში, ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში...

იოჰან ბოსკამპი და მისეული "Goergian mentality - debil!" მაქვს მხედველობაში და განა საინტერესო არ არის, როგორ და როდის წამოისროლა მყრალმა ჰოლანდიელმა ეს სიტყვები?

მით უმეტეს, მომსწრე ვიყავი და სასაცილოდაც წამოისროლა - მართლა სატირალი სიტუაცია რომ არ ყოფილიყო.

ეს ამბავი 1999 წლის მაისის ბოლო დღეს მოხდა, ნორვეგიაში, ოსლოს
საერთაშორისო აეროპორტში - სკანდინავიელებთან გასვლაზე 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ ცხვირჩამოშვებული და უხალისო ქართული დელეგაცია ტრაპამდე მისასვლელ ავტობუსში ვიდექით და...

თუმცა, სანამ იმ მომენტზე მოვყვებოდე, რამაც "იოჰან მრისხანეს" ცნობილი ფრაზა ასროლინა, მანამდელზეც ვიტყვი - ის "ევროტური" ორიოდ სხვა ფაქტითაც იყო გამორჩეული.

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებისა და ჩინოსან-პერსონალის გარდა, დელეგაციაში თხუთმეტამდე ჟურნალისტი და ფოტოგრაფიც ვიყავით. ოსლოს საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე, სასტუმრო "რედისონში" (მგონი, სწორად მახსოვს) დაგვაბინავეს. რასაკვირველია, ქართულ 90-იანებთან შედარებით ყველაფერი ლამაზი და დავარცხნილი გვეჩვენებოდა.

სხვას რა ახსოვს, არ ვიცი და, სწორედ მაშინ ვნახე პირველად დიდი მწვანე და მომჟავო ვაშლები - ნიუიორკელები "ემპაირ გრინს" რომ ეძახიან და მგონი, იჩემებენ კიდეც...

ყველაზე სასიამოვნო და მიმზიდველი კი 52 კერძისგან "დაკომპლექტებული" შვედური მაგიდა გახლდათ: გულზე ხელისდადებით ვიტყვი - იმდროინდელი საქართველოდან ნორვეგიამდე და ევროპამდე ზუსტად იმხელა მანძილი იყო, რამდენიც იმხანად საქართველოში პოპულარული "ზეიკიძის კალბასიდან" ბუთქუნა სკანდინავიურ სოსისებამდე...

გასტრონომიული თემები საქართველოში, აბა, ვის უნდა გაუკვირდეს, მაგრამ ის, რაც მეორე დილას მოხდა, ნამდვილად სასეირო იყო. აღმოჩნდა, რომ პირველივე დღის განმავლობაში შეგვიჭამია სასტუმროში არსებული პურის ერთკვირიანი მარაგი!!!

მაღალი, მართლა სკანდინავიური მონაცემების მქონე ქალბატონი მკაცრი სახითა და მზარეულის უნიფორმით, დაგვპირდა, რომ მაქსიმუმ, მეორე დილისთვის პური მაგიდაზე გვექნებოდა და მანამდე კი იოლად გასვლა მოხარშული კარტოფილით შემოგვთავაზა.

არც გარგანტუა, არც პანტაგრუელი ქართულ დელეგაციაში არ ირიცხებოდნენ და ცოტა უცნაურად კი გვეჩვენა ჩვენი "პურისმჭამელობის" ამბავი, მაგრამ ის დღე კარტოფილთანაც მშვენივრად გავატარეთ და მეორე დღე კი ახალგაზრდული ნაკრებისა იყო - როცა ჩვენი 21-წლამდელები წითლად თმაშეღებილი მულატის, ჯონ კარეუს ლიდერობით დამუხტულ პატარა "ბურღებს" ხვდებოდნენ ლილესტრიომში. იმ თამაშში გიორგი ლომაიამ ივაჟკაცა და შინ 0:0 წამოვიღეთ.

მეორე, სასეირო ფაქტი მაშინ მოხდა, როცა ნორვეგიის ნაკრების პრესატაშემ და, იმავე დროს, ჟურნალისტური ამქრის პირველკაცმა, რეიდარ სულიემ, ავტობუსში ჩაგვსხა და მედიის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე წაგვიძღვა.

მოხდა ისე, რომ როცა რომელიღაც ჩვენებურმა სასტუმროს სადგომიდან ის-ის იყო დაძრული ავტობუსის ფანჯრის ჩარჩოდან სიგარეტის "ბიჩოკი" ისროლა, მანქანის მძღოლმა შეამჩნია - ავტობუსი შეაჩერა, ჩავიდა, ნამწვი აიღო, სალონში ამოვიდა და ზუსტად იმ ადამიანის სკამის გვერდზე მიმაგრებულ საფერფლეში ჩააგდო, ვინც ისროლა.

ჯერ შორს ვიყავით ვიზალიბერალიზაციამდე და ჰე...

ბოსკამპს რაც შეეხება, ხომ აშკარად ნირწამხდარი და მოღუშული იყო ნაკრების წაგების (0:1) შემდეგ და არც სხვებს გვედგა დარი. მის ცქერაზე ჩუმად მეღიმებოდა და ამის მიზეზი ზაზა ჯანაშიასთან ამ უცნაური კაცის დამოკიდებულება იყო.

იმხანად, ჯანაშია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და სწორედ ამ ფაქტს დაემთხვა ის შემთხვევა სანაკრებო ვარჯიშზე, როცა ჰოლანდიელმა, ყველაზე მაღალ რეგისტრში ყვირილით, დაიფრინა ის ბაზიდან.

სანამ იქვე ჯანაშიასთან ინტერვიუს ვწერდი, ნაკრების ვარჯიშიც მორჩა. გვერდით ჯერ ფეხბურთელებმა ჩაგვიარეს, მერე ბოსკამპიც შემოვიდა, მოგვიახლოვდა და... ჯანაშიას ენა გამოუყო.

ე, მაშინ იყო, გაოცებულმა რომ შემომხედა ზაზამ და - ეს ჩემზე გიჟიაო...

ოსლოს აეროპორტსა და თვითმფრინავამდე მისასვლელ ავტობუსს რაც შეეხება, ბოსკამპი არ დამჯდარა, დაახლოებით შუა კართან იდგა და სხვებივით მოთმინებით ელოდებოდა ჯერ ორიოდ ფეხბურთელს, რომლებმაც "შემოთვალეს", რომ "დუთი ფრიში" ლუდი უნდა შეერჩიათ, მერე კი ერთი სპორტული გაზეთის ეგიდით სკანდინავიაში წამოსულ ორ ბიჭს, რომელთა ნაწერი არც მანამდე და არც მერე არცერთ ქართულ გაზეთში არავის უნახავს...
გავიდა 10 წუთი, 20, 30, 40!..

მოვიდნენ ლუდის ქილებით დატვირთული ფეხბურთელები და როცა დრო უსაშველოდ გაიწელა და "ჟურნალისტები" არ გამოჩნდნენ, ნაკრების ადმინისტრატორს სიტუაციაში გარკვევა მოსთხოვეს. მან სია "იშიშვლა". მხოლოდ მაშინ გვითხრეს, რომ ის ბიჭები არსად წამომსვლელები არ იყვნენ - ნორვეგიაში არჩიეს დარჩენა.

ავტობუსი დაიძრა, ბოსკამპი ინფორმაციით დაინტერესდა, უთარგმნეს და მაშინ იყო, რომ თქვა ის ფრთიანი ფრაზა...

იდგა 1999 წლის 31 მაისის საღამო...

კონსტანტინე გოგიშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
კაი სტატია ა
zss
14 ივნისი 2017 10:42
0
სანამ ბოლოში ჩავედი კი დამავიწყდა რატომ დავიწყე კითხვა
მე
04 მაისი 2017 12:49
0
მომნატრებია კოტეს მოსწრებული ენით ნაწერი სტატიები... :)
ამირანი
27 აპრილი 2017 11:19
0
ყოჩაღ ავტორს, კარგი სტატიაა :)
goga
18 აპრილი 2017 10:51
0
ძალიან მომეწონა! ავტორს და სხვა ჟურმალისტებს ვთხოვ ხშირად დაწერონ მსგავსი მოგონებები. გაცილებით საინტერეოა ასეთი უცნობი ცხოვრებისეული დეტალები ვიდრე უაზრო ანალიტიკა...
namdvili zaza
18 აპრილი 2017 02:40
0
ქართველი კი არა გრუზზინები სუფთა, თფუ.. გრუზზინ!! ამათი წამალია ზონდერები, სხვა არავინ. ვიზა ლიბერალიზაცია კი არა ზონდერები უნდოდათ მაგათ. აი ის ბიჩოკი, ავტობუსიდან რომ ისროლა, ზონდერს უნდა აეღო ხელში და...
Zviadi
18 აპრილი 2017 02:26
0
ზუსტად ძმაო მართალი ხარ, აი თურმე რატო გამიჩნდა ის შეგრძნება რაც გამიჩნდა...
Unity-ს
17 აპრილი 2017 21:24
0
და მეძველიას სტატიები ინგლისიდან ქინქლაძეზე :)
Malkhaz
17 აპრილი 2017 19:02
0
გოგიშვილის სტატიები, ახვლედიანის სვეტები.... (ტკბილად მოსაგონარი "მწარე და ბნელი ოთხმოცდაათიანები")
Unity
17 აპრილი 2017 18:14
0
იოჰან ბოსკამპ,იქნებ სიმართლე მოგვიყვე?
სოსო
17 აპრილი 2017 17:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული