სამწუხაროდ, ჯანომ არა მხოლოდ “აიაქსი” “გამოტოვა”, არამედ დღეს ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთანაც” ვერ ითამაშებს და დიდია ალბათობა, ხორვატია-ისრაელის ნაკრებების
ეს უსასიამოვნო ინფორმაცია ხორვატიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა გაავრცელა: “99 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ “ვოლგასთან” ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს. “როსტოვთან” პირველი ტურის შეხვედრაში ჯანოს კოჭის მყესები გაუწყდა.”
კოჭის მყესების გაწყვეტა საკმაოდ რთული ტრავმაა და სწრაფად ვერ განიკურნება. და მაინც, ჩამოვა თუ არა ჯანო სანაკრებო შეკრებაზე? - ვითარებაში გასარკვევად ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით.
“ჯანო შეკრებაზე მოდის. სავარაუდოდ, კოჭის ტრავმის გამო ვერც ხორვატიასთან ითამაშებს და ვერც ისრაელთან, მაგრამ საბოლოო პასუხი მხოლოდ ანანიძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გვეცოდინება”, - გვითხრა დვალიშვილმა.
გუშინ “ჯენოამ” სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა “ბოლონიასთან”. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანეს, რაც მოსალოდნელიც იყო - მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდე ბალარდინიმ განაცხადა, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (მათ შორის კალაძეც ახსენა) “ბოლონიასთან” ვერ ითამაშებს, რადგან გამოფიტულები არიანო. ცხადია, კაპიტნის მდგომარეობით დავინტერესდით.
“კალაძე შეკრებაზე ჩამოდის და მის ტრავმაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. საერთოდ, ჯანოს გარდა, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ჯანზეა და მატჩისთვის მოემზადება”, - გვითხრა დვალიშვილმა.
ამასობაში, გუშინ ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, რომლის რეაბილიტაციაც ორიოდე დღის წინ დასრულდა, ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსი, კვების ბლოკი და, რაც მთავარია, ბაზას საკუთარი ხარისხიანი მოედანი ეღირსა. მოკლედ, “ბასა” ფეხბურთელთა მისაღებად მზად არის.
გუშინ საღამოს იქ უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერები (გურამ კაშია, ალექსანდრე იაშვილი, ჯაბა კანკავა, სანდრო გურული) და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 12 ფეხბურთელი გამოცხადდა. ნაკრები სრული შემადგენლობით 22 მარტს შეიკრიბება. ამ დღეს რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ელიან.
დღეს “ბასა” მედიის წარმომადგენლებისთვის გაიხსნება და გარემონტებული სანაკრებო ბაზის დათვალიერების საშუალება მოგვეცემა. აქვე გაიმართება მომავალ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაც.
.