"ლელოს" ექსპერტი
ამ საქმეში დახმარებას ქართველ სპეციალისტებს ვთხოვთ ხოლმე და შევეცდებით, ქართველ გულშემატკივარს მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა შევუქმნათ მეტოქის ავ-კარგზე. “ლელოს” ახალი რუბრიკის პირველი ექსპერტი კი გელა სანაია იქნება. ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელთან ერთად ხორვატიის ნაკრების რამდენიმე ბოლოდროინდელი მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, ყველაზე მეტი ყურადღება კი ისრაელისა და ხორვატიის 9 ოქტომბრის შეხვედრას დავუთმეთ. ალბათ, გასაგებია, რატომაც
შემადგენლობა და განლაგება
4-2-3-1 - ასეთი სქემით ითამაშა ხორვატიამ თელ ავივში და ბილიჩი ასეთსავე განლაგებას ანიჭებს უპირატესობას საშინაო მატჩებშიც. კარს ვედრან რუნიე იცავდა, მარჯვენა მცველად ვედრან ჩორლუკამ ითამაშა, ცენტრში გორდონ შილდენფელდისა და იოსიპ შიმუნიჩის დუეტი გაამწესეს, მარცხენა მცველი კი ივან სტრინიჩი იყო. საყრდენის პოზიციაზე დადგნენ ივან რაკიტიჩი და დანიელ პრანიჩი, მათ წინ ივიცა ოლიჩი, ლუკა მოდრიჩი და ნიკო კრანჩარმა ითამაშეს, ცენტრფორვარდი კი ედუარდო იყო.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში ხორვატები ასეთი სასტარტო თერთმეტეულით ვერაფრით ითამაშებენ. ისრაელში დისკვალიფიკაციის გამო ხორვატიას კაპიტანი დარიო სრნა ვერ დაეხმარა და იგი ძირითადს ყოველ მიზეზგარეშე დაუბრუნდება, ივიცა ოლიჩი დიდი ხანია, ტრავმირებულია და ედუარდოს თამაშიც საეჭვოა.
შეტევაში ხორვატები ვარსკვლავთა სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზისთვის ოლიჩი-ედუარდოს არყოფნა მაინც სერიოზული შვება იქნება. ხორვატთა თბილისური სასტარტო თერთმეტეულის განჭვრეტა კი არცთუ იოლია, რადგან ბილიჩს როტაცია უყვარს და შესარჩევ ტურნირში ჩატარებული ოთხი მატჩიდან ძირითადში თამაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა დაიწყო - რუნიემ, ჩორლუკამ და კრანჩარმა. თუმცა გუნდის რამდენიმე ლიდერმა თითო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა - ესენი არიან შიმუნიჩი, მოდრიჩი, ოლიჩი დ პეტრიჩი. სრნას დისკვალიფიკაციაზე უკვე გითხარით...
როტაცია დაცვის ხაზშიც კი არ იყო იშვიათი. ბილიჩი დიდი ხანი ეძებდა ცენტრალურ ზონაში ვეტერანი შიმუნიჩის სასურველ მეწყვილეს და ბოლო მატჩებში უპირატესობა შილდენფელდს მიანიჭა, მაგრამ, წინამორბედთა მსგავსად, არც მას უთამაშია უნაკლოდ. თუმცა ამაზე ქვემოთ...
როგორ იწყებენ
ვერ ვიტყვით, რომ ბილიჩის ბიჭები სწრაფ გოლზე არიან დაგეშილები. ნელ-ნელა, მეთოდურად ცდილობენ მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, რაც უმეტეს შემთხვევებში წარმატებით გამოსდით. მეტოქეს მისივე ნახევარზე აპრესინგებენ, რასაც კარგად მხოლოდ გრანდები ახერხებენ. წერილს ისრაელის ნაკრებზე რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუის ფერნანდესის გუნდი მეტოქეს თავიდან კარგად გაუძალიანდა და 0:0-ზე საგოლე მომენტიც ჰქონდა. თუმცა ხორვატებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და პირველი ტაიმის შუიდან მოედანზე სრულად გაბატონდნენ.
როგორ გააქვთ
ნებისმიერი სტანდარტული მდგომარეობა ხორვატთა შესრულებით მეტისმეტად სახიფათოა. ბილიჩის ტანმაღალი ფეხბურთელები მეტოქეს ყოველწამიერად დაძაბულობაში ამყოფებენ და არასდროს დუნდებიან. სტანდარტების აბსოლუტურ უმრავლესობას ივან რაკიტიჩი ასრულებს.
თელ ავივში კი ანგარიში ხორვატიამ 36-ე წუთზე პენალტით გახსნა. სტუმართა დაწინაურება ლოგიკური კი იყო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი აშკარად უსამართლოდ დაინიშნა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ოლიჩი თეატრალურად დაეცა და მსაჯი შეაცდინა. ნიკო კრანჩარმა აუღელვებლად გაიტანა. სამაგიეროდ, მისი მეორე გოლი პატარა შედევრი იყო. კრანჩარმა რაკიტიჩის წამოწყებული და მოდრიჩის გაგრძელებული ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა.
სუსტი რგოლი
თუკი ხორვატებს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ვარსკვლავები მრავლად ჰყავთ, ამას ვერაფრით ვიტყვით მეკარესა და დაცვაზე. 35 წლის რუნიე საშუალო დონის კიპერია, დაცვის ცენტრში კი ხორვატიას არ ჰყავს ისეთი გამორჩეული ფიგურა, როგორიც, მაგალითად, მარჯვენაფლანგელი ჩორლუკაა.
ისრაელმა პრესტიჟის გოლი ძალიან ეფექტურად გაიტანა. ებრაელთა ჯანიანმა და ტექნიკურმა ფორვარდმა შეხტერმა საგოლე დარტყმამდე ხორვატთა ლამის მთელი დაცვა მოატყუა. ამ ეპიზოდში აშკარად გამოჩნდა შეუთამაშებლობა სტუმართა უკანახაზელებს შორის, რაც არც არის გასაკვირი - როგორც უკვე ვთქვით, ბილიჩს დაცვის ოპტიმალური კვარტეტისთვის ჯერ ვერ მიუგნია.
როცა ასეთი დონის გუნდზე ვწერთ, შესაძლოა, “სუსტი რგოლის” თქმა ცოტა უხერხულიც იყოს. ოთხ ოფიციალურ მატჩში გუნდმა ერთადერთი გოლი გაუშვა, მაგრამ ფაქტია, რომ ხორვატიას უკან ყველაფერი იდეალურად არ აქვს და ამის საჩვენოდ გამოყენება უნდა ვცადოთ. სხვა საქმეა, რამდენად ხშირად შევძლებთ ხორვატთა დაცვამდე მისვლას...
როგორ იცავენ თავს
ისრაელში 2:0 დაწინაურების შემდეგ ხორვატიამ უკან დაიხია, მაგრამ ყრუ დაცვაში ნამდვილად არ ჩამდგარა. დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმართა მიზანი აშკარად არ იყო, ხორვატებმა ძალების მაქსიმალური დაზოგვით შეძლეს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა. ბილიჩის ბიჭები არც 2:1-ზე აღელვებულან, მათი გუნდის მექანიზმში ამ დროსაც ყველაფერი უნაკლოდ მუშაობდა.
აწყობილი მექანიზმი
სანაია აღფრთოვანებული დარჩა ხორვატთა თამაშის ორგანიზების უნარით და მას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ტოპგუნდი უწოდა.
ბილიჩს ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდი ჰყავს და ისიც იგრძნობა, რომ წლებია, ბირთვი ერთად თამაშობს. ხორვატიის ნაკრების ამჟამინდელი თაობა გამორჩეულად ძლიერია, მაგრამ მწვრთნელის ხელი და კვალიფიკაცია აშკარაა.
მსგავსი შუა ხაზი ევროპაში ბევრ ნაკრებს არ ჰყავს, გუნდის მამოძრავებელ ძალად კი სანაიას ლუკა მოდრიჩი მიაჩნია. შეტევების უმრავლესობა სწორედ მისი ორგანიზებულია. მოდრიჩის გარდა, ძირითადში თამაშობს მეორე ნომინალური გამთამაშებელი რაკიტიჩი. მსგავსი ფაქტი თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი ამბავია, მაგრამ ორივე მათგანს უპრობლემოდ შეუძლია “შავი სამუშაოს” შესრულებაც და ამიტომაც ხორვატიული ცენტრი მეტოქეთათვის ორმაგად საშიშია. ამ წყვილიდან წინ უფრო მეტ დროს მოდრიჩი ატარებს, მაგრამ ამით რაკიტიჩის შესაძლებლობები ოდნავადაც არ იჩრდილება.
ეს ის გუნდია, რომელიც ერთწამიან მოდუნებასაც კი არ გაპატიებს - ასე ფიქრობს სანაია. ბილიჩის ბიჭები ძალიან სწრაფად თამაშობენ, შეტევაში კარგად ერთვებიან ფლანგის მცველები, განსაკუთრებით ჩორლუკა. თუმცა ხორვატიას ბრიტანულ სტილთან საერთო ბევრი არაფერი აქვს - ფლანგურ ჩაწოდებებს არცთუ ხშირად მიმართავენ, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრას ცენტრიდან ამჯობინებენ.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ისრაელთან ხორვატიამ რამდენიმე ხელსაყრელი კონტრშეტევა ვერ გამოიყენა. ბილიჩის გუნდი ამ კომპონენტში არცთუ ძლიერია და მუდამ პოზიციურ შეტევას ამჯობინებს. კონტრიერიშებში მოუმზადებლობა კი გასაკვირი ერთი მარტივი მიზეზის გამო არ არის - ამის გაკეთება ხორვატიის დონის გუნდებს იშვიათად უწევთ...
რა არის ჩვენი შანსი
“ბუნებრივია, თემურ ქეცბაიამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა დაუპირისპიროს ხორვატიას, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ აზრს მეც გამოვთქვამ. არ ვიცი, რა სტრატეგიას აირჩევს თემური და რა იქნება ჩვენი ნაკრების მიზანი ამ შეხვედრაში. ჩემი აზრით კი, ფრე მშვენიერი შედეგი იქნება. თუმცა, ყრუ დაცვაში არ უნდა ჩავდგეთ და ჩვენი შანსები ვეძებოთ. ბევრი არა, მაგრამ მგონია, რომ სახიფათო მომენტები ჩვენც გვექნება და მათ მაქსიმალურად გამოყენებას უნდა ვეცადოთ.
ჩვენთვის იდეალური იქნება, თუ თამაშს მოედნის ცენტრში გადავიტანთ, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალზე რთული განსახორციელებელი იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდის ფსიქოლოგიური მომზადებაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ქეცბაია კარგად გაართმევს თავს. საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა დაუღალავად უნდა იშრომოს და მოწინააღმდეგეს გამუდმებით “ფეხზე აჯდეს”.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ფეხბურთელების როლი, რომელთაც ერთნაირად კარგად შეუძლიათ ცენტრში და ფლანგებზე თამაში. სხვა საქმეა, რომ ასეთები ბევრი არ გვყავს. თუ ჯანო ანანიძემ ვერ ითამაშა, ეს ჩვენი გუნდის წარმატების შანსებს საგრძნობლად შეამცირებს. ხორვატიის დონის გუნდებს უფრო ძლიერი ინდივიდუალისტებით თუ მოუხერხებ რამეს. ჯანო ხორვატიული დაცვის ხარვეზებით კარგად ისარგებლებდა.”
ვინ ითამაშებს თბილისში
ახლა კი იმაზე ვიმსჯელოთ, როგორი შეიძლება იყოს ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა 26 მარტს. ბილიჩის გუნდის ტაქტიკაში ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი, სასტარტო თერთმეტეული კი თელავივური მატჩის იდენტური ვერაფრით იქნება.
ძირითად მეკარედ რჩება რუნიე, რომელმაც ბოლო ხანს სტიპე პლეტიკოშა ამოაგდო სასტარტოდან; დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩორლუკა უალტერნატივოა; დაცვის ცენტრში შიმუნიჩს, სავარაუდოდ, კვლავ შილდენფელდი შეუწყვილდება. მისი რეალური ალტერნატივაა 21 წლის ლიონელი დეიან ლოვრენი; მარცხენა მცველად ალბათ სტრინიჩს გაამწესებენ.
პრანიჩი, რაკიტიჩი და მოდრიჩი ჯანზე არიან და ცენტრალური ნახევარდაცვის ტრიოსაც ისინი შეკრავენ; მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციას გუნდის კაპიტან დარიო სრნას ვერავინ შეეცილება; მარცხნიდან ხორვატთა საუკეთესო ბომბარდირი კრანჩარი შეუტევს, ცენტრფორვარდად კი, სავარაუდოდ, მლადენ პეტრიჩს გაამწესებენ.
ხორვატია შესარჩევის განვლილ ოთხ მატჩში
მეკარე: ვედრან რუნიე (4 მატჩი, -1 გოლი);
მცველები: ვედრან ჩორლუკა (4), იოსიპ შიმუნიჩი (3), ივან სტრინიჩი (3), გორდონ შილდენფელდი (2), ტომისლავ დუიმოვიჩი (1);
ნახევარმცველები: ნიკო კრანჩარი (4, 4 გოლი), დანიელ პრანიჩი (4), ივან რაკიტიჩი (4), დარიო სრნა (3, 1), ლუკა მოდრიჩი (3), ოგნიენ ვუკოევიჩი (3);
თავდამსხმელები: ედუარდო (4), ივიცა ოლიჩი (3, 1), მლადენ პეტრიჩი (3, 1), მარიო მანძუკიჩი (3), ნიკიცა იელავიჩი (2), ნიკოლა კალინიჩი (1, 1), მატე ბილიჩი (1), ივო ილიჩევიჩი (1).
3 სექტემბერი.
ლატვია-ხორვატია 0:3
გოლები: პეტრიჩი, ოლიჩი, სრნა.
7 სექტემბერი.
ხორვატია-საბერძნეთი 0:0
9 ოქტომბერი.
ისრაელი-ხორვატია 1:2
გოლები: კრანჩარი (2).
17 ნოემბერი.
ხორვატია-მალტა 3:0
გოლები: კრანჩარი (2), კალინიჩი.
.