გუშინდელმა ვარჯიშმა საათზე მეტს არ გასტანა, შესაძლოა, იმიტომ, რომ გლდანში ძლიერი ქარი ქროდა და საწვრთნელ პროცესს ძალიან უშლიდა ხელს. ერთხელ ქარმა გადასატანი კარი წააქცია და კიდევ კარგი, იმ მომენტში მის სიახლოვეს არავინ ყოფილა.
თავიდან ქეცბაიამ გუნდი ოთხ ნაწილად გაყო. მეკარეები მამუკა აბუსერიძის განკარგულებაში გადავიდნენ და აქტიურად იმუშავეს,
უფრო საინტერესო იყო ორმხრივი თამაში, რომელიც ნახევარ მოედანზე გაიმართა. ქეცბაიამ გუნდი თითქმის სწორედ ისე გაყო, როგორც წინა დღით, მხოლოდ მეკარეებს შეუცვალა გუნდები.
“ყვითლების” შემადგენლობა ასეთი იყო: ლორია, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე, დაუშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, იაშვილი, გელაშვილი, დვალიშვილი.
“წითლები”: რევიშვილი, ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია, კანკავა, კობიაშვილი, გურული, მოდებაძე, მარცვალაძე, სირაძე.
ისევე, როგორც წინა დღეს, ალექსანდრე კოშკაძემ “ნეიტრალური” ფეხბურთელის როლი შეასრულა და ორივე გუნდს ეხმარებოდა, მეკარე როინ კვასხვაძეს კი თამაშში მონაწილეობა არ მიუღია და ვარჯიში აბუსერიძესთან ჩაამთავრა.
თამაში ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და “წითლების” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. პირველ ტაიმში აკაკი ხუბუტიამ გიორგი ლორიას არაზუსტი პასი მისცა, ბურთი დავით სირაძემ ჩაჭრა და ანგარიში გახსნა. ქარი ორმხრივ ბურთაობაშიც აქტიური “მოთამაშე” იყო. “ყვითლებს” გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბუბა დაუშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.
ქეცბაია მთელი ვარჯიშის განმავლობაში აქტიური იყო და ფეხბურთელებს თითქმის ყველა არასწორ გადაწყვეტილებაზე ენერგიულად მიუთითებდა. განსაკუთრებული შენიშვნები თავდამსხმელთა მიმართ ჰქონდა და მათგან კარში დროულად დარტყმას მოითხოვდა. თამაშისას ერთი-ორჯერ ხისტადაც ითამაშეს, რაც ქეცბაიამ შეგირდებს კატეგორიულად აუკრძალა.
გუშინდელმა ვარჯიშმა განსაკუთრებული დასკვნების გაკეთების საშუალება არ მოგვცა, თუმცა ერთი აშკარაა, ხორვატიასთან უმეტესად ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომელთაც ვარჯიშზე ყვითელი გადასაცმელები ემოსათ. “ყვითლებშივე” უნდა გვეგულებოდეს დაცვის მთლიანი ხაზიც, მაგრამ მოვლენებს წინ მაინც ნუ გავუსწრებთ...
ჯანო ანანიძე გუშინდელ ვარჯიშზე საერთოდ არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, მისი თამაში ხორვატიასთანაც გამოირიცხა და ისრაელთანაც.
დღეს საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე 17 საათიდან ივარჯიშებს. ვარჯიშის საწყისი 20 წუთი ღია იქნება.
.
დღეს 17:00, ანუ 5 საათზე ვესწრებით ნაკრების ბოლო ვარჯიშს. გავამხნევოთ ბიჭები. საქართველო!!!
დემე, შენთან ვართ!