ჩორლუკა - ხორვატთა მორიგი დანაკარგი?

AutoSharing Option
თავდაპირველი ინფორმაციით, ხორვატიის ნაკრების ვარჯიში მედიისთვის მხოლოდ 15 წუთით უნდა ყოფილიყო ღია, მაგრამ წვრთნის ცქერის საშუალება თავიდან ბოლომდე მოგვცეს. უბრალოდ, პირველი 15 წუთი მოედნის კიდესთან დგომის უფლება გვქონდა, რის შემდეგაც ტრიბუნაზე ავინაცვლეთ.

როგორც ღია ვარჯიშებზე ხდება ხოლმე, ფეხბურთელები დიდად არ დატვირთულან და ბურთით იმუშავეს. ყველაზე ყურადსაღები კი, ცხადია, ორმხრივი თამაში იყო, რომელიც ბილიჩის ფეხბურთელებმა ნახევარ მოედანზე გამართეს.

ერთი საინტერესო და ხორვატთათვის უსიამოვნო ამბავი მაინც მოხდა - ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა დაშავებულმა ვედრან ჩორლუკამ. "ტოტენჰემის" მცველმა ეროვნული სტადიონის მოედანი კოჭლობით დატოვა. ბუნებრივია,
მისი დღევანდელ მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რუნიე - სრნა, შილდენფელდი, შიმუნიჩი, პრანიჩი - პეტრიჩი, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი - იელავიჩი, კალინიჩი - ასეთი იყო ერთი გუნდის შემადგენლობა, რაც სულაც არ არის იმის გარანტია, რომ დღეს ხორვატები ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშებენ, მაგრამ გამორიცხულიც არაა...

ნიკიცა იელავიჩი და ნიკოლა კალინიჩი ხორვატიის ნაკრების ძირითადი თავდამსხმელები არასდროს ყოფილან, მაგრამ ივიცა ოლიჩისა და ედუარდოს ტრავმები სლავენ ბილიჩს სხვა არჩევანს არ უტოვებს. შესაძლებელი იყო, ცენტრფორვარდად მლადენ პეტრიჩი გვეხილა, მაგრამ გუშინდელ ვარჯიშზე იგი ფლანგიდან უტევდა. უნივერსალი დანიელ პრანიჩი ბილიჩს გუშინ მარცხენა მცველად ჰყავდა გამწესებული, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი მისი ადგილი ოგნიენ ვუკოიევიჩმა დაიკავას. თუ ჩორლუკამ ვერ ითამაშა, დაცვის ცენტრში იოსიპ შიმუნიჩს, სავარაუდოდ, გორდონ შილდენფელდი შეუწყვილდება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული