არჩილ არველაძე: ქეცბაიამ ტრადიციული სათამაშო სტილი შეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ არჩილ არველაძეს საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრაზე, ჩვენი გუნდის შანსებსა და სხვა საინტერესო თემებზე ველაპარაკეთ.

- როცა თამაშობდი, ბევრად ძლიერი შემსრულებლები გვყავდა, მაგრამ დღევანდელი ნაკრების დარი დასაწყისი არასოდეს გვქონია - შენი აზრით, რა არის მიზეზი?
- მოდი სიმართლე ვთქვათ: დღეს ნაკრების წარმატება ლოგიკურია, რადგან გუნდი გამართულ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, სანახაობრივი თვალსაზრისით ხარვეზები გვაქვს, მაგრამ გუნდი შედეგს აღწევს და ჩვენი სურვილიც ეს იყო. თემურის დანიშვნით ნაკრები აბსოლუტურად შეიცვალა. სამწუხაროდ, წინა ხაზში გვიჭირს, რაც ადვილი შესამჩნევია,
მაგრამ ნახევარდაცვა, დაცვა და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მეკარეები ძალიან სტაბილურად და კარგად გამოიყურებიან. ეს უდიდეს გავლენას ახდენს მთელ გუნდზე. როდესაც საიმედო მეკარეები გყავს, გუნდი აღარ ნერვიულობს.

დასანანია, რომ ხორვატიასთან ვერ დაგვეხმარა ანანიძე, რომელიც განსხვავებულად, შემოქმედებითად თამაშობს და მეტოქის დაცვას გამუდმებით დაძაბულობაში ამყოფებს. ასევე ყენია, რომელსაც შეუძლია კაცის მოტყუება და არაფრისგან მომენტის შექმნა. იმედია, ლევანი მომჯობინდება, ჯანო “სპარტაკში” ითამაშებს და ეს ბიჭები ნელ-ნელა ნაკრებს გააძლიერებენ.

რაც მთავარია, ჩვენს ნაკრებს არასდროს მოუგია ასეთი რეიტინგის მქონე ნაკრებისთვის - ხორვატია 26 მარტამდე ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ის გუნდი გვყავს, რაც გვინდოდა. არათუ ასეთ ნაკრებთან, საერთოდ არ მოგვიგია სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული მატჩი, თუ არ ჩავთვლით რუსებთან გამარჯვებას, მაგრამ მაშინ ჯგუფიდან გასვლაზე არც ვფიქრობდით.

- ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებს რადიკალურად შეუცვალა სტილი - ევროპის მაჩანჩალა ნაკრებში ადრე დაცვიდან თამაში სირცხვილად მიაჩნდათ, ახლა კი ქართულ “კატენაჩოს” ვუყურებთ.
- სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი, რაც სპეციალისტებმა უნდა დაინახონ. მწვრთნელის უნარი არსებული კონტიგენტის სწორად გამოყენებაში ჩანს. ქეცბაიამ კი ჩვენი მოთამაშეების შესაძლებლობები სწორად შეაფასა და შესაბამისი ტაქტიკაც მოუძებნა, თორემ დაცვიდან თამაში ნაღდად არ უყვარს და 90 წუთი შეტევა ჩვენზე არანაკლებ მოსწონს. მაგრამ დღეს საუკეთესო გამოსავალი არის ის ფეხბურთი, რომელმაც წარმატება მოგვიტანა.

- ამას გარდა, ხორვატიის ნაკრებს კიდევ რისი წყალობით მოვუგეთ?
- შეიძლება ითქვას, რომ ხორვატებმა ბურთის კონტროლით გვაჯობეს, მაგრამ შეტევაში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. ჩვენ კი სამი მომენტიდან ერთი გამოვიყენეთ, ფეხბურთი სწორედ ეს არის. და კიდევ - ხორვატებს ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, კარში ერთი-ორი დარტყმა და კუთხურის ჩაწოდება საგოლე მომენტდ ვერ ჩაითვლება.

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი დიდი პლუსი - შემთხვევით გოლებს აღარ ვუშვებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარდაცვა, დაცვა და მეკარე სტაბილურად თამაშობენ. იმედია, ასეც განაგრძობენ.

- დაუჯერებელია, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერებშია, ადრე კი ამდენი შეხვედრის შემდეგ იმედები გადაწურული გვქონდა.
- როდესაც ნაკრები ათ შეხვედრას არ წააგებს, მერე ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად ძლიერდებიან და გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდებათ. საკუთარი თავისაც უკვე ბიჭებსაც სჯერათ და მწვრთნელსაც. გუნდი ასე ყალიბდება.

- ალბათ, ასეთი გამარჯვება ქართული ფეხბურთისადმი ინვესტორის, სპეციალისტების, ევროპული კლუბების დამოკიდებულებას შეცვლის.
- გეთანხმებით. ასეთი გამარჯვებები, უპირველესად, იმიჯის გამოსასწორებლად გვჭირდებოდა. იმედია, ევროპული კლუბები არა მხოლოდ ფეხბურთელებს, ქართველ მწვრთნელებსაც დააფასებენ. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და მწვრთნელი გვყავს, რომელთაც ჩვენი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლების გამო ვერ ამჩნევდნენ და ვერ აფასებდნენ.

არადა, ხომ ცხადია, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ევროპელები არც იცნობენ. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დაინტერესდებიან, ვინ რას წარმოადგენს, რადგან ბევრისთვის უცნობმა ნაკრებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდს მოუგო. ასეთი ინფორმაცია უცებ ვრცელდება მენეჯერებში, კლუბების ხელმძღვანელებში და ახალ ფეხბურთელებზე დაკვირვებას იწყებენ.

თუმცა ამ მოგებას სენსაციად ვერ ჩავთვლი, რადგან ხორვატებმა თამაშით ვერ გვაჯობეს. ჩვენზე მეტი ბურთის ფლობა უკეთეს თამაშად ვერ ჩაითვლება.

რაც მთავარია, გუნდს ქართველი წვრთნის და არა უცხოელი - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. საერთოდ, ძალიან მიხარია, ჩემი თაობის ფეხბურთელებთაგან სამწვრთნელო კარიერა ბევრმა წარმატებით რომ დაიწყო. ვგულისხმობ თემურ ქეცბაიას, კახა ცხადაძეს, გიორგი ჩიხრაძეს, გიორგი დევდარიანს, საქართველოს პირველობაზეც ბევრი საინტერესო მწვრთნელი გამოჩნდა. დამიჯერეთ, ამას შოთას გამო არ ვლაპარაკობ.

- ისრაელთან შეხვედრაზე რას ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ისრაელი შინ ძალიან საშიში მეტოქეა. მაგრამ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებიც ვირწმუნე.

- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რეალური გგონია?
- ჩემი აზრით, რეალური მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. მოდი, ნუ დავგეგმავთ, სად რას ვიზამთ, მთავარია, ვიბრძოლოთ და რაღაც აუცილებლად გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული