ნაკრები თელ ავივის ცენტრში მდებარე ოთხვარსკვლავიან და ორმოცდაათსართულიან “ქროუნ პლაზაში” დაბინავდა.
სასტუმროში გუნდს ჰაიფას “მაქაბის” მეორე მწვრთნელი გიორგი დარასელია დახვდა. მან და თემურ ქეცბაიამ ერთმანეთი გულთბილად მოიკითხეს და დაახლოებით ერთი
გოგუას გარეშე
საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს, სხვა საქმეა, რომ არასპორტული მიზეზით დაგვაკლდა ხორვატიასთან ნათამაშები ერთი ფეხბურთელი. ნაკრები ისრაელში გოგიტა გოგუას გარეშე გამოემგზავრა. მას ტრავმა არ მიუღია, ჩვენი ინფორმაციით, კვირას, ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშისას ერთ-ერთ თანაგუნდელთან შელაპარაკება მოუვიდა და თემურ ქეცბაიამ შეკრებიდან დაითხოვა. ჯერჯერობით სანაკრებო შტაბი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, ქეცბაია არ არის ნაკრების პირველი მწვრთნელი, რომელმაც გოგუას კარისკენ მიუთითა...
“ამ ეტაპზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოგუას ნაკრებში ყოფნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია”, - მხოლოდ ეს არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური კომენტარი.
ამ თემაზე თელ ავივში მეტის გაგება ვერავისგან შევძელით, კომენტარები არც ზოგადად წინასამატჩო საკითხებზე გაკეთებულა.
თემური და ლადო ყურადღების ცენტრში
თელ ავივის “ბენგურიონის” აეროპორტში ჩვენს გუნდს ებრაელი ჟურნალისტები დახვდნენ. თემურ ქეცბაიამ ადგილობრივ ტელევიზიას სახელდახელო ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ხორვატიის ნაკრების დამარცხება სწორი თამაშითა და თავდადებით შევძელით, ისრაელთან მატჩის პროგნოზირებისგან კი თავი შეიკავა.
ისედაც ვიცოდით, რომ ლადო დვალიშვილი ისრაელში პოპულარული კაცია, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აეროპორტში იგი უამრავმა მგზავრმა იცნო და საპასპორტო კონტროლის რიგში მასთან ფოტოებიც გადაიღეს.
ანშლაგიც იქნება და ქართველობაც
თელ ავივში ჩასულმა მედიელებმა მატჩამდელი ამბები გამოვიკითხეთ და შევიტყვეთ, რომ 16-ათასიან “ბლუმფილდზე” გასამართი მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. სალაროებთან ქომაგთა რიგები მას შემდეგ დადგა, რაც საქართველო-ხორვატიის შედეგი გახმაურდა.
საერთოდ, ისრაელის ნაკრები საშინაო მატჩებს უმეტესად ორი ამდენი ტევადობის “რამათ განზე” ატარებს, მაგრამ რაკი “ბლუმფილდი” წმინდა საფეხბურთოა, ებრაელთა ფრანგმა თავკაცმა ლუის ფერნანდესმა უპირატესობა ამ არენას მიანიჭა.
თბილისიდან საქართველოს ნაკრებს ათიოდე ქომაგი გამოჰყვა, თუმცა ქეცბაიასა და ბიჭებს აქ ასეულობით გულშემატკივარი ეყოლებათ. დღევანდელ მატჩზე ჩვენს გუნდს მინიმუმ ათასი მხარდამჭერი ჰყავს გარანტირებული, რომელთა შორისაც ისრაელში მცხოვრები ქართველებიც არიან და ქართველი ებრაელებიც.
ფერნანდესი მედიას შემოუწყრა
ისრაელის ნაკრების ვარჯიშს ვერ დავესწარით, რადგან ლუის ფერნანდესის გუნდი ქალაქგარეთაა დაბანაკებული. სამაგიეროდ, ებრაელმა კოლეგებმა მისი პრესკონფერენციის შესახებ გვიამბეს. იქ მოვლენები საინტერესოდ განვითარებულა. წყვილის ფავორიტად ფერნანდესს საქართველოს ნაკრები დაუსახელებია, რასაც ჟურნალისტთა უკმაყოფილება მოჰყოლია. ისრაელის ნაკრების თავკაცმა მედიას აქეთ შეუტია და ნაკრების წარუმატებლობაში სწორედ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორი სათაურებით გამოვა დღევანდელი ებრაული სპორტული გაზეთები. როგორც კოლეგებმა გვითხრეს, თუ საქართველოს ვერ მოუგო, ფერნანდესს დათხოვნა არ ასცდება.
ექსპერიმენტები ჩვენთანაც გაგრძელდება
ფერნანდესმა ვერაფრით მიაგნო თავისი გუნდის ოპტიმალურ შემადგენლობას, ყოველ მატჩში ახალ-ახალ მოთამაშეებს აკვირდება და განლაგებასაც ცვლის.
ლატვიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში ისრაელს ნორმალურად უთამაშია, მაგრამ ამ გუნდის ბოლო ვარჯიშებზე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთი ახალი სავარაუდო თერთმეტეული ამოიკითხეს, რომელიც ამგვარად გამოიყურება: ავატი - ზივი, ბენ ჰაიმი, ქეინანი, ტავატო - ბუზაგლო, ქაიალი, ნათხო, რაფაელოვი - ბარდა, საჰარი.
ალტერნატივა მათაც ჰყავთ. ზივის პოტენციური შემცვლელია ბონდარი, ქეინანისა კი - გერშონი. ლატვიასთან განსაკუთრებით კარგად ბუზაგლოს უთამაშია, რომელიც იმ მატჩში შეცვლაზე შევიდა და თამაში საგრძნობლად გამოუცოცხლებია.
“ბლუმფილდის” სტადიონი საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი გაზონი იწვევს. გუშინდელ ვარჯიშზე ტემპერატურა იდეალური იყო და, წესით, დღეისთვისაც ასეთი ამინდი უნდა შენარჩუნდეს.
საქართველოს ნაკრებმა “ბლუმფილდზე” ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე ივარჯიშა და გუნდის გასამხნევებლად ოციოდე ქართველი ქომაგი მოვიდა.
ჩვენი გუნდის წვრთნა არაფრით განსხვავდებოდა თბილისში ჩატარებული ვარჯიშებისგან და ამიტომაც მისი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. მკითხველს, ბუნებრივია, ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა აინტერესებს და ვეჭვობთ, ამ მხრივაც რამე იყოს ახალი. ყოველ შემთხვევაში, ორმხრივ თამაშზე ერთი გუნდის შემადგენლობაში სწორედ ის თერთმეტი ფეხბურთელი იყო, რომელთაც 26 მარტს ხორვატიასთან თამაში დაიწყეს.
გუშინდელი ვარჯიში მსუბუქი იყო და საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა.
თელ ავივი
თელ ავივი უახლეს ისტორიაში პირველი ებრაული ქალაქია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე 1909 წელს დაარსდა. ისრაელის სხვა ქალაქების მსგავსად, თელ ავივი არასოდეს იძინებს. ტურისტები უპირატესობას აქ გაჩერებას ანიჭებენ. გეოგრაფიულად ხელსაყრელი მდებარეობის გამო აქედან ადვილად შეიძლება მოხვედრა იერუსალიმშიც, გალილეაშიც, მკვდარ ზღვაზეც. გარდა ამისა, თელ ავივი ისრაელის ეკონომიკური ცენტრი და მისი უმდიდრესი ქალაქია. აქაური სასტუმროები განთქმულია განსაკუთრებული რესტორნებით, სადაც საუკეთესო მზარეულები მუშაობენ.
ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის აღსანიშნავია: იაფო (თელ-ავივის ძველი უბანი), ამერიკანო (გერმანული კოლონია იაფოში), კარმიელის ბაზარი, იცხაკ რაბინის ძეგლი, ბაუჰაუზის არქიტექტურული სკოლის დაპროექტებული შენობები, გან-ჰა-ბანიმის პარკი, აზრიელის ობსერვატორია...
ბიჭებს ჯეკი დაზვერავს
ისრაელი-საქართველოს თამაშს გიორგი დარასელიას მეგობარი, ცნობილი ებრაელი აგენტი ჯეკი დანი დაესწრება და ჩვენს ფეხბურთელებს დააკვირდება. ცნობისთვის, ლადო დვალიშვილი “მაქაბიში” სწორედ მან გადაიყვანა და დღესაც მისი მენეჯერია. მართალია, ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი ისრაელზე უკეთეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ ისეთებიც მრავლად გვყავს, ისრაელი კარგ ტრამპლინად რომ გამოადგებათ.
ქეცბაიას ოჯახმა ჩამოაკითხა
გუშინ, ღამით თემურ ქეცბაიას ოჯახი ჩამოვიდა - მეუღლე, შვილი და დედა. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ქომაგთა შორის ისინიც იქნებიან. დღეისთვის კი აქ ჩვენი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციას ელიან - ქალაქის მერ გიგი უგულავას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს და სხვებს...
.